"დავიწყოთ ლიტერატურის კითხვა ადრეული ასაკიდან" ყველა მშობელი ცდილობს ბავშვს ადრეული ასაკიდანვე შეაყვაროს კითხვა. რას არ ვაკეთებთ ამისთვის - ვყიდულობთ ნაირ-ნაირ წიგნებს, ვნერგავთ ოჯახში კითხვის ტრადიციას, ვცდილობთ წავახალისოთ და ჩამოვუყალიბოთ კითხვის ჩვევა... ეს პატარა ძალისხმევა არ გახლავთ, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება, თუ თავად საბავშვო გამოცემების ფორმატმა და შინაარსმა არ შეგვიწყო ხელი, თუ ამ პროცესში რაიმე ფორმით სკოლა არ ჩაერთო და მასწავლებელმა შესაფერისი გეზი არ მისცა ბავშვს.
სწორედ ამიტომ, ძალიან საინტერესოა გამომცემლობა პალიტრა L -ის ახალი და მასშტაბური პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის, რომელშიც 8+ ასაკის ბავშვებისათვის მხატვრული ლიტერატურა გამოიცემა. ლიტერატურის შერჩევის პროცესი სწორად და ეფექტურად რომ წარიმართოს, პროექტში სკოლის მასწავლებლები ჩაერთვებიან. ისინი გამომცემლობას შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისთვის ქართულ უცხოურ ლიტერატურას შეურჩევენ.
პროექტის მენეჯერი, თიკო ფეიქრიშვილი მასწავლებლებს მოუწოდებს, მეტად ჩაერთონ ამ წამოწყებაში.
"თქვენი რჩევები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელთაც დიდი წვლილი შეგაქვთ მოსწავლებიის აღზრდაში, მათ განათლებასა და განვითარებაში. ამიტომ, ერთად მუშაობა და თქვენი თანადგომა ასეთ საპასუხისმგებლო საკითზე, როგორიც არის მოსწავლეთათვის ადრეული ასაკიდანვე კითხვის შეყვარება და მათთვის კარგი ლიტერატურის შერჩევა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ მონაწილეობა ბავშვებისათვის მხატვრული ლიტერატურის სიყვარულის გაღვივებაში, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, შეხედულებები, გვეკამათოთ, მოგვცეთ რჩევები. ერთად მოვიძიოთ და შევქმნათ ლიტერატურა, რომელიც კითხვას შეაყვარებს მოსწავლეებს.
პროექტში ჩართვა ასევე შეეძლებათ მშობლებს, რომლებსაც სურთ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ლიტერატურის შერჩევაში და გვირჩიონ მათი შვილებისთვის სასურველი წიგნები.
დარწმუნებულები ვართ, ეს პროექტი აამაღლებს წიგნიერების დონეს და, საზოგადოდ წიგნის კითხვის სიყვარულს სკოლის მოსწავლეებში, რაც "გამომცემლობა პალიტრა L"-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია".
პროექტში ჩართული მასწავლებლების მოსაზრებები, რჩევები ხშირად დაიბეჭდება გაზეთ "კვირის პალიტრაში", "გზაში", ასევე განთავსდება სხვადასხვა პოპულარულ ვებგვერდებზე, როგორიცაა: ambebi.ge, mshoblebi.ge, palitratv.ge, reitingi.ge და ა.შ.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა მოგვმართეთ შემდეგ მეილზე
t.peikrishvili@palitra.ge