ამ საკითხზე მსოფლიოშიც ბევრს ფიქრობენ მართალია "გაგანია" არდადეგებია, მაგრამ ბავშვებიან ოჯახში თემა - "წიგნი წაიკითხე" - მაინც არ ნელდება. დიახ, მშობლებს გვინდა, რომ ბავშვს დასვენების დღეებშიც გული წიგნისკენ მიუწევდეს, თანაც ჩვენი შეხსენების გარეშე...
ასე ხშირად არ ხდება და პირველ რიგში იმიტომ, რომ ჯერ ვერცერთმა წიგნმა ვერ დააინტერესა ისე, გართობა რომ დაავიწყოს.
ამ საკითხზე მსოფლიოშიც ბევრს ფიქრობენ. ცდილობენ ისეთი სიუჟეტები შეარჩიონ, თანამედროვე მოზარდის ინტერესებთან, ცხოვრების წესთან და სურვილებთან რომ ახლოს იდგეს. დადებით ფასეულობებს შთააგონებდეს და თან შემეცნებითიც იყოს...
გამომცემლობა პალიტრა L თანამედროვე საბავშვო პროექტებს ძირითადად, ამ კრიტერიუმით არჩევს. ქართულად ნათარგმნი იტალიური პროექტი, წიგნების სერია "ჯერონიმო სტილტონის სასაცილო ამბები" საკმაოდ წარმატებული იყო. ჯერონიმოს 6 წიგნის გამოსვლის შემდეგ გამომცემლობა ახალ სერიას "ტეა სტილტონს" გვთავაზობს. ეს სერია გოგონებზეა და ძირითადად, ამთ აუდიტორიას დააინტერესებს. პრანჟიკელა დაქალები კოლეჯში სწავლობენ და საინტერესო თავგადასავლები აქვთ. მათი ცხოვრება ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი მოსწავლეების ცხოვრებას, რომლებსაც თანატოლებთან პრობლემებიც აქვთ და სახალისო ისტორიებიც, უსიამოვნებებიც და ერთგული მეგობრობის მაგალითებიც. "ტეა სისტერსის" გოგონები თანამედროვე გოგონებივით ცხოვრობენ, ამიტომ პატარა მკითხველები მათთან საერთოს აუცილებლად იპოვიან. გასართობი ამბების გარდა, წიგნის მორალი ყოველთვის სიმართლეს, წესიერებას, ერთგულებას, სწავლა-განათლებასა და სიბეჯითეს ქადაგებს. ამ საკითხებში მშობლის რჩევა-დარიგებების ჩანაცვლებაც კი შეუძლია.
ტექსტის დიზაინი ფერად-ფერადი შრიფტების თამაშით კითხვის პროცესს უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის.
სერია "ტეა სტილტონი" 5 წიგნს მოიცავს. ჯერ-ჯერობით გამოსულია პირველი ტომი "სიყვარული თაგვფორდის სცენაზე".
სტილტონის საკმაოდ ცნობილი პერსონაჟია მსოფლიოში. მისი წიგნები და მულტსერიალები მილიონობით ბავშვის საყვარელი გასართობია, რაც მთავარია, შემეცნებითი დატვირთვა აქვს და მკითხველს დადებითად განაწყობს.