მოსწავლეთა 90%-ს ყველა საგანში ძველი, მეორადი და დაზიანებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ უკვე გადაწყდა, რომ საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს იწყება. საქართველოს საჯარო სკოლებში წლეულს 496 978 მოსწავლე მივა და მათთვის განათლების სამინისტრომ მხოლოდ 41 844 ახალი სახელმძღვანელო დაბეჭდა. ეს ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო მარაგის გამოყენებითაც კი, მოსწავლეთა 90%-ს ყველა საგანში ძველი, მეორადი და ზოგ შემთხვევაში დაზიანებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვაფრთხილებდით განათლების სამინისტროს, რომ ეს ბაზარზე სახელმძღვანელოების დეფიციტს გამოიწვევდა და გააქტიურდებოდა ე.წ. შავი ბაზარი, რის შესახებაც უკვე გამომცემლებიც საუბრობენ.
ბოლო 2-3 თვის განმავლობაში განათლების მინისტრი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სამინისტროს ვარგისი სახელმძღვანელოების საკმარისი მარაგი აქვს და ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა საჭირო არ არის. ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო - სამინისტროს ყოველი ნაბიჯი მხოლოდ საპირისპიროში გვარწმუნებს. წლეულს, 31 ივლისს, რამდენიმე გამომცემლობამ ელექტრონული ფოსტით განათლების სამინისტროსგან წერილი მიიღო. სამინისტრო იტყობინებოდა, რომ იწყებს ბაზრის კვლევას ყდების ბეჭდვასთან დაკავშირებით. ამ წერილიდან ირკვეოდა, რომ სოფელ დიდი ლილოს საწყობში მოგროვებული იყო 30 ათასზე მეტი სახელმძღვანელო, რომელთა შიგთავსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს, ხოლო ყდები დაზიანებული ჰქონდათ. გამომცემლობებს უნდა შეედგინათ ხარჯთაღრიცხვა, რა ფასად დაბეჭდავდნენ ყდებს და მათ წიგნებს გამოუცვლიდნენ. დაურიგებენ თუ არა მოსწავლეებს ახალ ყდაში ჩასმულ ძველ წიგნებს, სექტემბერში ვნახავთ. ახლა კი დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე მშობლების ერთით მეტი პრობლემა ექნებათ მოსაგვარებელი.
კახმეგ კუდავა, გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელი: "განათლების სამინისტრომ წერილობით მოგვმართა რამდენიმე გამომცემლობას, ძირითადად მათ, ვისაც თავისი სტამბა აქვს. სამინისტროდან გვწერდნენ, რომ ლილოში შეგროვებული აქვთ 33-34 ათასი სახელმძღვანელო, რომლებსაც მხოლოდ გარეკანი აქვთ გაფუჭებული. წერილს ახლდა ამ წიგნების ჩამონათვალიც. მათ შორის მხოლოდ 2-3 დასახელების წიგნისთვის აღწევდა დასაბეჭდი გარეკანების რაოდენობა 1000 ერთეულს, დანარჩენ შემთხვევებში კი ტირაჟი 100-400 ცალის ფარგლებში მერყეობდა. ვინც ერკვევა საგამომცემლო საქმეში, იცის, რომ მაგალითად 125 ერთეული წიგნის გარეკანის დაბეჭდვა ძალიან ძვირი დაჯდება... წერილში ასევე მითითებული იყო, რომ შესაძლოა გარეკანების დასახელებული რაოდენობა კიდევ ამდენით გაზრდილიყო. გვთხოვდნენ გვეანგარიშა, რა დაჯდებოდა ეს ყველაფერი. ასევე ითხოვდნენ, ჩვენი სახსრებით წაგვეღო ეს სახელმძღვანელოები ლილოდან, მოგვეხსნა გარეკანი, ახალი გარეკანი ჩაგვეცვა და კვლავ ლილოში მიგვეტანა. გახსოვთ ფილმი "ქეთო და კოტე", სადაც ხანუმას საპატარძლო კაბაში გამოაწყობენ? დაახლოებით ასეთი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ეს ისეთი სისულელე იყო, რომ არც კი დაგვიანგარიშებია, რა დაჯდებოდა ყდების ბეჭდვა. 22 წელია გამომცემლები ვართ და ასეთი რამ მსოფლიო მასშტაბით არ გამიგია. 400 ათასი მოქმედი სახელმძღვანელო გვაქვს ნაშთის სახით. ძველი წიგნებისთვის ყდების გამოცვლას არ ჯობია, მოგვწეროს განათლების მინისტრმა და ვაჩუქებთ საჭირო რაოდენობის წიგნებს. დავითვალეთ და ყდების გამოცვლას 3-4 ათასი წიგნისთვის აპირებენ, რომელთა მიწოდებაც ჩვენ შეგვიძლია. ყდაგაფუჭებული წიგნები მაკულატურაში ჩააბარონ და ბავშვებს ნუ დაურიგებენ. არ არის რთული განსაჭვრეტი, რა მოხდება სექტემბერში.იმ დღეებში, როცა დეფიციტი გამოჩნდება, ვერ მოვასწრებთ წიგნების ბეჭდვასა და ბაზარზე გამოტანას. ამიტომ სახელმძღვანელოების დეფიციტი გარდაუვალია". გაგრძელება