მეცადინეობას თავისი მინუსები აქვს, რომლებიც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული ბავშვი, რომელიც გულმოდგინედ მეცადინეობს და სწავლას დიდ დროსა თუ ენერგიას ახმარს, გარკვეული რისკების წინაშე დგება.
ბევრ მეცადინეობას თავისი მინუსები აქვს, რომლებიც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. რომელი დაავადებები ემუქრება მოსწავლეს?
მხედველობის დარღვევა
ოკულისტების დაკვირვებით, მხედველობის პრობლემები უფრო და უფრო მატულობს ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში. დიდი დატვირთვა და დამატებითი მეცადინეობები 10 წლამდე ბავშვებში უკვე საკმარისია მხედველობის დასაზიანებლად. ამ პრობლემით ხშირად იტანჯებიან კარგი მოსწავლეები, რომლებიც ადრეული ბავშვობიდანვე დიდ დროს ატარებენ წიგნებთან.
ტანადობის დარღვევა
სამეცადინოდ ბავშვი ყოველთვის სწორად არ ზის. დიდი ხნის განმავლობაში უხერხულად ჯდომას ტანადობის დარღვევა მოსდევს. ტანადობის დარღვევა ჯერ კიდევ არ არის სქოლიოზი, თუმცა ნერვული დაბოლოებების დახშობას, თავის ტკივილებს, ძილის დარღვევას, ზურგის ტკივილს და ადრეულ ოსტეოქონდროზს იწვევს.
ნევროზი
მუდმივი ფსიქოლოგიური და გონებრივი დაძაბულობა უკვალოდ არ ჩაივლის. ეს ნერვულ სისტემაზე აუცილებლად აისახება. ბოლო დროს ნევროზები მართლაც მომრავლდა ბავშვებში და ხშირად ამის მსხვერპლნი სწორედ პერფექციონისტი ბავშვები არიან.
დეპრესია
თუ ბავშვს თამაში და ბავშვებთან ურთიერთობა აკლია, ყოველთვის გაუჭირდება კოლექტივში თავის დამკვიდრება. ასეთ პრობლემებს კი ხშირად დეპრესია მოსდევს.
ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს მეცადინეობა აუკრძალოთ, არც მხოლოდ კარგ მოსწავლეებს ემუქრებათ ზემოხსენებული პრობლემები. ეს უბრალოდ, რისკებია, რომლებიც ექიმებმა გამოავლინეს და რაზეც მშობელს გამახვილებული უნდა ჰქონდეს ყურადღება.
თუ თქვენი შვილი დიდ დროს უთმობს სწავლას, სხვა მშობლებზე მეტად გმართებთ იზრუნოთ ხარისხიან სამეცადინო მაგიდაზე, რომელსაც ბავშვის სიმაღლის შესაფერისი სკამი ექნება. ასევე ყურადღება მიაქციეთ მაგიდის განათებას და შეიძინეთ ხარისხიანი სანათი. ნურც გართობას დაივიწყებთ - ამაშიც ხელი უნდა შეუწყოთ. ნამდვილად იმსახურებს.