პირველკლასელები თანამედროვე, პატარა ზომის კომპიუტერებს მიიღებენ საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი სავარაუდოდ 15 სექტემბერს დაიწყება. როგორც "ინტერპრესსნიუს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა , თამარ სანიკიძემ თემის კომენტირებისას განუცხადა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წელი 10 სექტემბრის შემდეგ, პირველივე ორშაბათიდან უნდა დაიწყოს.
მისივე თქმით, წელს 10 სექტემბრის შემდგომი პირველივე ორშაბათი 15 სექტემბერია, შესაბამისად, სწავლა სავარაუდოდ სწორედ 15 სექტემბერს დაიწყება.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ბრძანება უახლოეს მომავალში გამოიცემა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, საჯარო სკოლების პირველკლასელები წელს თანამედროვე პატარა ზომის კომპიუტერებს მიიღებენ.
უკვე დასრულდა მუშაობა პირველკლასელთათვის გადასაცემ ტექნიკაზე - ეს არის ჩვეულებრივი თანამედროვე, პატარა ზომის, შესაბამისი წონის კომპიუტერი. როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული კომპიუტერები ქართული წარმოების არ არის და INTEL-ის პროცესორზეა აწყობილი.
"ტექნიკა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ წელს პირველკლასელებს, იქნება თვისობრივად ახალი, გაუმჯობესებული, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს პირველკლასელებეს, რომ საგანმანთლებლო პროცესში სრულიად თანამედროვე და ახალი ტექნიკის გამოყენებით იმუშაონ. ტექნიკა გაუმჯობესებულია პარამენტრებითა და მახასიათებლებით, ასევე გაუმჯობესებულია საგანმანათლებლო მასალა, რომელიც ჩაიტვირთება და, რომლის მიხედვითაც ბავშვები სკოლაში იმეცადინებენ", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
ახალი კომპიუტერები საჯარო სკოლების პირველკლასელებს უფასოდ გადაეცემათ.