მე მეამაყება და მადლობელი ვარ, ამ გარემოში რომ იზრდება ჩემი გოგო. აქ განსაკუთრებული ბავშვები არიან დილას ჩავრთეთ მე და გაბრიელმა თეკლას საყვარელი მუსიკა და ისე გავაღვიძეთ ჩვენი პირველკლასელი გოგო. სიხარულით გაახილა თვალები და შეუდგა მზადებას. ჩვენი წითელი ავტობუსი დათქმულ დროზე მოგრიალდა. სირბილით გავიქეცით გარეთ, ჭრიალით გავაღეთ ხის ჭიშკარი და ჩანთამოკიდებული თეკლა ავტობუსისკენ გაცუნცულდა. გზადაგზა ესალმებოდნენ და ეფერებოდნენ მეზობლები, მასწავლებლები, ბავშვები.
პატარა ხის დაფა ღამით მოვუხატე, სკოლის პირველი დღე მივულოცე და პიპილეთში ნატალიას და სანდროს შეგროვებული ონტკოფილებით მოვურთე. ესეც სიმბოლურად. ნატალიაც პირველად მიდის სკოლაში, თუმცა თეკლასგან განსხვავებით მას ბევრი კლასელი ეყოლება.
გაბრიელმა ხელი ჩაკიდა დას და ასე აუყვნენ სკოლის აღმართს.
სათითაოდ ჩაეხუტა ყველას.
კლასში შესულს დაფაზე მისალოცი წარწერა დახვდა და მაშინვე ამოიცნო თავისი სახელი.
მასწავლებელს მოუთმენლად ელოდა, შეხვედრის მერე ნახატი აჩუქა – უზარმაზარი გული, თან აუხსნა, უკან ჩემი დედიკო ხატიაო.
სკოლის დირექტორმა საზეიმოდ გადასცა კომპიუტერი და მთელი სკოლა ტაშით მიესალმა ერთადერთ პირველკასელს.
სკოლის ზარიც დაარეკინეს.
მშვიდად და სიხარულით მიიღო უზარმაზარი სითბო და თამრიკო მასწავლებელთან ერთად პირველ გაკვეთილზე განმარტოვდა.
კლასში რომ შევაკითხე. მერხთან ჩემი გოგო იჯდა და ფუსფუსებდა. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ავტირებულიყავი. მტკივნეულია თვითონ ფაქტი, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ჩვენი საქციელი უკეთესობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ რამდენიმე წელიწადში ამ პატარა, კეთილმოწყობილ სკოლას მოსწავლეები აღარ ეყოლება და დაიხურება. ადამიანები, კი, რომლებიც აქ მუშაობენ, შემოსავლის გარეშე დარჩებიან. წელს გვალვა იყოო, შემომჩივლა ლილი მასწავლებელმა და მოსავლის გარეშე დავრჩითო. არა და წინ გრძელი და სუსხიანი ზამთარია, შეშა აქვთ მოსატანი, ფქვილი საყიდელი და ათასი ყოფითი საზრუნავი მოსაგვარებელი. როცა სოფელს ასე უჭირს არსებობა, მასწავლებლების ისედაც მცირე შემოსავლის გარეშე დარჩენა, წარმოიდგინეთ, როგორი რამეა. თეკლას ერთადერთობაც თავისთავად ბევრ პრობლემაზე მეტყველებს. განაგრძეთ კითხვა