" მგონია, რომ მაღალ კლასებში მომიწევს კერძო სკოლაში გადაყვანა..." - მოსწონთ თუ არა შერჩეული სკოლები ცნობილ დედებს
" მგონია, რომ მაღალ კლასებში მომიწევს კერძო სკოლაში გადაყვანა..." - მოსწონთ თუ არა შერჩეული სკოლები ცნობილ დედებს
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ამჯერად ორ ცნობილ დედას - სოფო გელოვანსა და ქეთა ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ. სოფომ წელს შეიყვანა ბავშვი სკოლაში, ქეთას კი ამ მხირვ უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

სოფო გელოვანი: "არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვმა მაინცდამაინც კერძო სკოლაში უნდა ისწავლოს"
- სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ბავშვისთვის და ბუნებრივია, მისი შერჩევაც რთული და საპასუხისმგებლო საკითხია. მე არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვმა მაინცდამაინც კერძო სკოლაში უნდა ისწავლოს.
შეიძლება, საჯარო სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობდეს ბავშვი და პირიქით, კერძოში უფრო ცუდად, ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვზე ბევრია დამოკიდებული. ჯერჯერობით, არჩევანი კერძო სკოლის სასარგებლოდ გავაკეთე და დათა გერმანულ სკოლა "ანი-ზეტში" შემყავს, მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- სწავლის დაწყებამდე თუ გყავდა ბავშვი სკოლაში მიყვანილი, როგორი რეაქცია და როგორი მოლიდინი ჰქონდა?
- კი, მყავდა წაყვანილი, კლასელებიც ნახა, გაიცნო. რადგან სკოლაში შევიდა, ჰგონია, რომ ძალიან დიდი და დამოუკიდებელია, სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კარგად უნდა ისწავლოს და ა.შ.

- თქვენი კერძო სკოლა თუ მოიცავს რაიმე წრეებს?
- კი, როგორც ვიცი, სიმღერა, ცეკვა, ჭადრაკი, სპორტი შედის საერთო ფასში, რაც მთავარია, ყველაფერი ერთადაა, ერთ სივრცეში და ამ
მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ, მაწყობს, რადგან აღარ მომიწევს ბავშვის აქეთ-იქეთ ტარება. გარდა ამისა, როგორც ვიცი, ასევე არის ცალკე, ფასიანი წრეები, მაგრამ ზემოთ რაც ჩამოგითვალე, ისინი შედის ერთიან ღირებულებაში.

- ხშირად აინტერესებთ ხოლმე ფასები... იქნებ გვითხრა, თქვენ რამდენის გადახდა გიწევთ?
- არ ვიცი, ღირს თუ არა ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ როდესაც ვარჩევდი, ვნახე კატასტროფული ღირებულების სკოლები, ასეთი განსაკუთრებული რა უნდა იყოს იმ სკოლაში, ვერ ვხვდები. ამის ფონზე ჩვენი სკოლის ღირებულება არც ისე დიდია, 3500 ლარი წელიწადში დამერწმუნეთ, სხვა სკოლებთან შეადრებით ნორმალური ფასია. თან ვიცი, რომ ამ სკოლაში დისციპლინას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, ბევრი კარგი მსმენია მათზე, დირექტორი ჩემი მასწავლებელი გახლდათ და ვიცი, რა გზით მიდის ეს ადამიანი და რა მიდგომა აქვს ბავშვებისა და საქმის მიმართ, ამ ყველაფერის გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ იქ მიმეყავანა ჩემი შვილი.

- როგორც ვიცი, კერძო სკოლის მოსწავლეებს თავად უწევთ სასკოლო წიგნებით უზრუნველყოფა?
- კი, ჩვენ თვითონ ვიყიდეთ ყველა საჭირო ნივთი. ამასთან, ჩვენს სკოლაში ბავშვებს ფორმები აცვიათ და ამის შეკვეთაც წინასწარ მივეცით.

- პირადად მე, ფორმების ტენდეცნია ძალიან მომწონს...
- კი, მეც ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად გამოიყურება, არ აქცევენ და არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, ვის რა აცვია, როგორ აცვია, ასევე მომწონს ისიც, რომ ტელეფონები იკრძალება ამ სკოლაში. ვღიზიანდები, როცა ბავშვები დასვენებაზე სხედან და ტელეფონით თამაშობენ. ისედაც, ყველა ბავშვს ხელში უჭირავს ტელეფონი, თამაშობს და ჩარგულია ამაში, დათასაც აქვს ეს მომენტი და ვუკრძალავ, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ სკოლაში ამის საშუალება არ მიეცემა.

- რამდენადაა დათა მიჩვეული მკაცრ რეჟიმს, დილით ადრე ადგომა ხომ არ უჭირს?
- დათა ბაღის პარალელურად კვირაში სამჯერ დილას, 9-ის ნახევარზე დადიოდა ცურვაზე, დგებოდა 8-ზე, მიდიოდა ცურვაზე და შემდეგ ბაღში, ასე რომ, დილით ადრე ადგომა გამომუშავებული აქვს... ახლა უკვე ცურვა საღამოს გადაინაცვლებს, იმიტომ, რომ სკოლამდე ცურვაზე მისვლა წარმოუდგენელია... ასე რომ, დილით ადრე ადგომა ჩვენთვის პრობლემა არაა, ეს რეჟიმი უკვე გამომუშავებული გვაქვს...

ქეთა ლორთქიფანიძე: "მყავს დამხმარე პედაგოგი, რომელიც ამ ყველაფერში მეხმარება"
mshoblebi
- როგორც ყველა მშობელი, მეც სტანდარტულად მოვემზადე ახალი სასწავლო წლისთვის, შევიძინე ჩანთები, საჭირო ნივთები...

- მერამდენე კლასში არიან თქვენი შვილები?
- ერთი მეორე კურსზეა, მეორე - X კლასში, მესამე – III კლასში, მეოთხე – II-ში და პატარა - ბაღში. ნინი, რომელიც X კლასშია, კერძო სკოლაში დადის, პატარები კი - პირველ გიმნაზიაში. თავიდან საპატრიარქოს მთაწმინდელების სახელობის სკოლაში დადიოდნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადაყვანა გადავწყვიტე. ეს მიზეზი ჩემი შვილიდან მომდინარეობდა და არა სკოლიდან, ვერ ვეთანხმებოდით სკოლის რეჟიმს, რის გამოც გადავიყვანე კერძო სკოლაში, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ იქიდან სკოლა "ფენიქსში" გადავინაცვლეთ, სადაც დღემდე დადის. კლასში 5 ბავშვია, ჩავთვალე, ინდივიდუალური მომზადება გამომდიოდა, ვიდრე სკოლაში სიარული და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მინდა გითხრათ, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ.

- სკოლა რაიმე წრეებს თუ მოიცავს?
- სკოლაში არის გაძლიერებული ინგლისური დონეების მიხედვით, შეიძლება ბავშვი იყოს მეცხრე კლასში, მაგრამ ინგლისურზე იჯდეს მეათეკლასელებთან, ან პირიქით, უფრო დაბალკლასელებთან, ეს მის ცოდნაზეა დამოკიდებული. ამასთან ერთად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ისიც, რომ ტერიტორიულად მაწყობდა. როცა დიღომში, საპატრიარქოს სკოლაში დადიოდა, ზამთარში ძალიან გვიჭირდა, 8 საათზე უწევდა სახლიდან გასვლა, ამ დროს კი ახალი გათენებულია ან ისევ ბნელა, უამინდობის გამოც სკოლაში არ გამიშვია, დღეს კი მსგავსი პრობლემები არ გვაქვს.

- რაც შეეხება უმცროსკლასელებს, რატომ შეარჩიეთ პირველი გიმნაზია მათთვის და აპირებთ თუ არა შემდეგ კერძო სკოლაში გადაყვანას?
- ეს სკოლა ყოველთვის მიყვარდა და გარემო მომწონა ძალიან, მომწონს სკოლის მასშტაბი, პედაგოგები. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ მაღალ კლასებში მომიწევს კერძო სკოლაში გადაყვანა, მაგრამ ამის წინასწარ თქმა ძნელია, არავინ ვიცით, რა იქნება მომავალში, თუმცა ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ.

- რამდენად ბეჯითები არიან თქვენი შვილები, გიწევთ მათთან ერთად სამეცადინოდ დაჯდომა?
- დაჯდომა მიწევს, მაგრამ მე მყავს დამხმარე პედაგოგი, რომელიც ამ ყველაფერში მეხმარება. გარკვეული საგნების მიმართ ბავშვებს მეტი სიყვარული აქვთ, ზოგიერთი მათგანი ნაკლებად უყვართ, შესაბამისად არის სიბეჯითეც.

- ზაფხულის თავისუფალი რეჟიმის შემდეგ სკოლის გრაფიკზე, მეცადინეობაზე გადაწყობა არ უჭირთ?
- კი, მაგრამ სკოლა ამ პრობლემის მოგვარებაში თავისთავად გვეხმარება. პირველი გიმნაზია ზაფხულისთვის ბევრ დავალებას გვაძლევს. ქართული ხასიათიდან გამომდინარე ბოლოსთვის იტოვებენ ხოლმე და ზაფხულის დასასრულს უკვე აქტიურად იწყებენ მეცადინეობას, სკოლის დაწყებისას კი უკვე შეიძლება ითქვას, რეჟიმში არიან.

- პატარები დამატებით წრეებზე თუ დაგყავთ?
- აქამდე არ დამყავდა, მაგრამა ახლა ვაპირებ შევიყვანო ტანვარჯიშზე, ხატვაზე და ა.შ. ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც მირჩევნია ერთდროულად და ერთად ვატარო ამა თუ იმ წრეზე, იმიტომ, რომ ძალიან რთულია, ერთი ერთ ადგილას მიიყვანო, მეორე – მეორეგან, ეს მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემაა, ამიტომ ბავშვებს უწევთ ხოლმე ერთი და იმავე რაღაცის კეთება, მაგრამ არა უშავს, ცოდნა ზედმეტი არასდროს არაა.
ციცი ომანიძე
10501
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ლევანი
0
სოფო გელოვანი ვინაა?? რითია ცნობილი?
00:03 / 03-10-2015
lela
0
მაინტერესებს რა საჭიროა ასეთი სტატიების გამოქვეყნება.რაში გვაინტერესებს ვის სად დაყავს და რაში ამზადებს ბავშვს.... რამე საინტერესო დაბეჭდეთ... თქვენ თვითონ აპიარებთ ამ ადამიანებს და უარესი გხვდებათ რომ ბოლოს თქვენვე ილანღებით.
14:21 / 20-09-2015
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?