დამრიგებლები თანხას სხვადასხვა საჭიროებისთვის აგროვებენ "ფონდის ფული" - ასე ერქვა ე.წ. მოსაკრებელს, რომელიც წლების წინ სკოლებში გროვდებოდა. მშობლები შვილებს პედაგოგებთან განსაზღვრული ოდენობის თანხას, ძირითადად 2 ლარს ატანდნენ. აღნიშნული თანხა სხვადასხვა ტიპის საჭიროებას ხმარდებოდა.
წლებია სკოლებში "ფონდის ფული" აღარ გროვდება, თუმცა მშობელთა ნაწილს სკოლაში მასწავლებლის დავალებით თანხის მიტანა მაინც უწევს.
ambebi.ge -ს რამდენიმე მშობელმა ინფორმაცია მიაწოდა, რომ მათი შვილების დამრიგებლები თანხას სხვადასხვა საჭიროებისთვის აგროვებენ. მოსწავლეები 5-10 ლარს კრებენ, რათა სკოლამ ტუალეტის ქაღალდი, სველი ხელსახოცი და ბავშვის შეფასებისას, წახალისების მიზნით, სტიკერები, ე.წ. "სმაილიკები" შეიძინონ.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჰიგიენური საშუალებებისთვის ფულს არა ერთ საჯარო სკოლაში აგროვებენ.
რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს? თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლებში სხვადასხვა საჭიროების მიზნით, თანხის შეგროვება ნებადართული არ არის.
მინისტრმა განმარტა, რომ ეს არის დარღვევა, სკოლას მსგავსი ქმედების უფლება არ აქვს და ასეთი რამ სკოლაში არ უნდა ხდებოდეს.
თამარ სანიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ასოცირებულია სწავლასთან და სასწავლო პროცესთან, სახელმწიფოს პრეროგატივაა.