"მასწავლებელი ხელითაც ეხებოდა ბავშვს, ყურსაც უწევდა და თმასაც წიწკნიდა"
"მასწავლებელი ხელითაც ეხებოდა ბავშვს, ყურსაც უწევდა და თმასაც წიწკნიდა"
მასწავლებელი მშობელთან ერთად ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ კონკრეტული საგნის სწავლების გარდა, პედაგოგის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა მოსწავლესთან ურთიერთობის სწორად ჩამოყალიბებაა. აღიარებულია ისიც, რომ ბავშვების ეს თაობა განსხვავდება 20 წლის წინანდელი ბავშვებისგან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთან მიდგომის მეთოდებიც განსხვავებული უნდა იყოს. ნინო ძოწენიძეს ვესაუბრეთ ამ თემაზე, თუ რას მოითხოვს თავისი შვილის მასწავლებლებისგან და როგორი წარმოუდგენია იდეალური მასწავლებელი.

- ძალიან მომწონს, რომ ამ
ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბარი სკოლის ცხოვრებაზე, მოსწავლეების ერთმანეთთან ურთიერთობაზე, მასწავლებლის მოსწავლის მიმართ დამოკიდებულებაზე და პირიქით. მასწავლებელს შეუძლია შეგაზიზღოს ან შაგაყვაროს საგანი. გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს საკუთარი საგნის კარგი სპეციალისტი, უმნიშვნელოვანესია ურთიერთობები, მით უმეტეს ჩვენი შვილების თაობაში. ჩვენ სრულიად განსხვავებული ბავშვები ვიყავით, სხვანაირად გვზრდიდნენ, ნაკლებად გვქონდა საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება თუ უფლება, შესაბამისად ჩვენთან კიდევ შესაძლებელი იყო დესპოტური მიდგომით მიზნის მიღწევა, მაგრამ დღევანდელი ბავშვები ძალიან განსხვავებულები არიან. ელემენტარულად, ჩემს შვილს არ მოსწონს, როცა ბიჭოთი მიმართავენ. თუ ასე
დაუძახებს მასწავლებელი, ამაზე ძალიან ცუდი რეაქცია ექნება. ამით იმის თქმა მინდა, რომ უმნიშვნელო დეტალიც კი საგულისხმოა. ჩემი აზრით, განათლების სისტემაში ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს და ურთიერთობების აწყობისა და მიდგომის თვალსაზრისით უნდა გადამზადდნენ პედაგოგები. V-VI კლასელებთან, რომელთაც ინტერესთა დიდი სფერო აქვთ გახსნილი, ძალიან საფრთხილოა თითოეული სიტყვის თქმა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მასწავლებელი საკუთარი საგნის სპეციალისტის გარდა, უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, რათა ბავშვს სწორად მიუდგეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს პიროვნებად აყალიბებს ოჯახი და სკოლა, მასწავლებელს ძალიან ბევრი მოეთხოვება.
mshoblebi
გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენს თაობაშიც იყვნენ და ახლაც არიან ბავშვები, რომელთაც ყოყლოჩინობა, ლიდერობა მოსწონთ, თუმცა ისეთებსაც შეხვდებით, რომელთაც ნაკლებად უყვართ აქტიურობა, თავის გამოჩენა, ამ დროს მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული, მან უნდა იზრუნოს პასიური ბავშვის ჩართვაზე სხვადასხვა აქტივობაში. მხოლოდ საგნის სწავლება ახლებური მეთოდებით საკმარისი არააა, მასწავლებელი ჯერ მეგობარი თუ არ გახდა ბავშვის, მაშინ მისი, როგორც პედაგოგის მიღება მოსწავლეს გაუჭირდება. თან, მასწავლებელი უფრო კარგად ხედავს ბავშვის დანარჩენ კლასელებთან ურთიერთობას, მათ შორის დამოკიდებულებას და ეს საკითხიც არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ.

- გარდა მასაწვლებლის საკითხისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში, მიუხედავად დაძაბული და დატვირთული რეჟიმისა, ვფიქრობ, მშობელმა შვილი მხოლოდ მასწავლებლის იმედად არ უნდა დატოვოს...
- მშობლის ინტერესი უნდა იყოს დიდი და ყოველთვის აქტიურად უნდა ინტერესდებოდეს შვილის სასკოლო ცხოვრებით. ჩემი შვილი, ქართული მენტალობიდან გამომდინარე, სულ მაფრთხილებს, შენ არ იაქტიურო, რამე არ თქვა, ბიჭია და რაღაცებს სხვანაირად უყურებს. მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის ვინტერესდები მისი ქცევითა და სწვალით. ცოტა ხნის წინ, მიუხედავად იმისა, რომ დრო მართლა არ მქონდა, გადავდე ის კონკრეტული საქმე და ექსკურსიაზე გავყევი, მაინტერესებდა, როგორი გარემო, როგორი დამოკიდებულება იყო ჩემი შვილის კლასში. რაღაცები ჩემი თვალით ვნახე, დავაფიქსირე. იდეალური მდგომარეობა, რასაკვირველია, არ არის, მაგრამ ზედმეტად ვერ ვერთვები, ჩემი შვილიდან გამომდინარე, ის ქართული მენტალობა რაღაცებში მიშლის ხელს, თან არ მინდა ჩემი შვილი ზედმეტად გავაღიზიანო. რამე სერიოზული რომ იყოს, რა თქმა უნდა, ჩავერევი, მაგრამ ასე არაა საქმე.
მე ჩემს შვილს ყოველთვის ვეუბნები, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თავი უნდა დაიცვას, დაეხმაროს, მას ვისაც ხედავს, რომ ჩაგრავენ, არ ვარ ის კატეგორია, რომელიც შვილს ეტყვის, თუ დაგარტყავენ, შენ უფრო მაგრად დაარტყიო.
საბედნიეროდ, ჩემს შვილს ძალიან კარგი დამრიგებელი ჰყავს, ძალიან მეგობრულია და სწორად უდგება ბავშვებს, მაგრამ მე სხვა დანარჩენი საგნების პედაგოგებთან ვიქნებოდი ამ მხრივ მომთხოვნი, რომ ყველას ჰქონდეს ის განათლება, რასაც მოსწავლეებთან ურთიერთობის სწორად აწყობა ჰქვია. ეს კიდევ ცალკე სფეროა და ვფიქრობ, ეს ცალკე უნდა ისწავლებოდეს. ჩვენ დროს, ზემოთაც ვთქვი, ყველაფერი სხვაგვარად იყო, მასწავლებელი ხელითაც ეხებოდა ბავშვს, ყურსაც უწევდა და თმასაც წიწკნიდა, დღეს ეს წარმოუდგენელია. ჩვენ რაღაცნაირად ამას ვითმენდით, მაგრამ დღევანდელი ბავშვები ძალიან პრინციპულები არიან. საჯარო სკოლებში ჩემი აზრით, მასწავლებლების ამ კუთხით გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, არ ვიცი კერძოში როგორ ხდება, მაგრამ სიმართლე გითხრა, ჩემს მეგობარს დაჰყავს შვილი კერძო სკოლაში და იქაცაა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობის იგივე პრობლემები.
ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, სკოლაში, პირველივე კლასიდან იყოს ფსიქოლოგიის გაკვეთილი, სადაც უშუალოდ ფსიქოლოგი იმუშავებს, დავარქმევდი მეგობრობის გაკვეთილს ან რაიმე მსგავსს, სადაც ბავშვები თავიანთი თვალით დანახულ პრობლემებზე ისაუბრებდნენ, ყველა თავისას იტყვის და ასე საუბრითა და გახსნით ნელ-ნელა მოგვარდება პრობლემები. მგონია, რომ ყველა ურთიერთობის რაღაც დონეზე მოგვარება შეიძლება საუბრით, გულახდილ ლაპარაკს შეუძლია გადაარჩინოს ურთიერთობები, ჩაკეტილობა კი იწვევს აგრესიას, რომელმაც შეიძლება იმ მომენტში თავი არ იჩინოს, მაგრამ დაილექოს და მომავალში გამოიღოს ძალიან ცუდი შედეგები. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს აქტიური კონტაქტი ბავშვებთან და ის უნდა დააკვირდეს მათ ურთიერთობებს. მე რომ ვიყო განათლების სისტემაში, ამ საკითხს დღის წესრიგში აუცილებლად დავაყენებდი და სისრულეში მოვიყვანდი.
ციცი ომანიძე
4069
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
მია
0
ვეთანხმები ქალბატონ ნინოს,ნამდვილად კარგი იქნება ფსიქოლოგები თუ ჩაერთვებიან სკოლებში.
23:58 / 19-10-2015
NNN
0
ვეტანხმები, მშვენივრად მსჯელობს, კარგი იქნება თქვენნაირი ხალხი ჰყავდეთ განათლების სისტემაში და თან ბევრი! :) ფსიქოლოგის აუცილბელობას ვეთანხმები-ძალიან სჭირდება შეთი სპეციალისტები სკოლებსაც, ბაღებსაც და უნივერისტეტებსაც. ამ კუთხით ზოგადად ძალიან დიდი პრობლრმა გავქვს ქვეყანაში. და ყველაზე მთავარი პრობლემა მენტალობა
15:07 / 19-10-2015
მსგავსი სიახლეები
```