"ის მხოლოდ და მხოლოდ ხელშემწყობი ინსტრუმენტია" მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში სკოლებში ამჟამად პედაგოგთა თვითშეფასების პროცესი მიმდინარეობს, რაც მასწავლებლის მიერ თვითშეფასების კითხვარის ობიექტურად შევსებას გულისხმობს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დანერგილმა ახალმა ინსტრუმენტმა პედაგოგებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია: მასწავლებელთა ნაწილი თვითშეფასების პროცესს პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან კომპონენტად აფასებს და აცხადებს, რომ მისი განხორციელება მარტივია, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ თვითშეფასების კითხვარი რთულია და პრაქტიკულ საქმიანობაში ხელს არ უწყობს, მესამე ნაწილი კი სკეპტიკურად არის განწყობილი და შიშობს, რომ კითხვარში დაფიქსირებული დაბალი თვითშეფასება მის სამომავლო კარიერულ წინსვლაზე რაიმე გავლენას მოახდენს. მასწავლებელთა ეჭვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის მენეჯერი, ირინა სამსონია პასუხობს:
- ალბათ არ უნდა იყოს საკამათო, რომ ობიექტური თვითშეფასების უნარი ყველა პროფესიონალის თვისებაა. სხვაგვარად არ არსებობს პროფესიული განვითარება. სქემის სიახლე მხოლოდ ის არის, რომ სახელმწიფო მასწავლებლის თვითშეფასებას სავალდებულო საქმიანობად აქცევს და ამისთვის მათ სთავაზობს თვითშეფასების კითხვარს - სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს, რომელიც საკმაოდ დეტალიზებულია და მასწავლებლის საქმიანობის ყველა აუცილებელ კომპონენტს მოიცავს.ყველა სიახლეს ახლავს გარკვეული ეიფორია, აზრთა სხვადასხვაობა, ზოგჯერ არასწორი ან არასათანადო ინფორმირებულობა, ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ არ გვქონია მოლოდინი, რომ მასწავლებლების მხრიდან პირველივე წელს გაკეთდებოდა ობიექტური თვითშეფასება, თუმცა დარწმუნებული ვარ, მასწავლებლები დროთა განმავლობაში გაიაზრებენ აღნიშნული ინსტრუმენტის მნიშვნელობას და გაუჩნდებათ ნდობა მის მიმართ. ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს მასწავლებელებთან, დირექტორებთან, რესურსცენტრების წარმომადგენლებთან. ასე რომ, ჩვენთვის ცნობილია მათი განწყობა.
არიან მასწავლებელები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ კითხვარში არაფერია მათთვის უცხო და გაუგებარი და ეს სწორედ ის არის, რასაც ისინი რეალურად აკეთებენ კლასში თუ მის გარეთ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც რთულად მიაჩნიათ ეს კითხვარი. ვფიქრობთ, ეს უფრო გადამეტებული სიფრთხილით ან წინასწარი განწყობითაა გამოწვეული, რასაც მასწავლებლები დროთა განმავლობაში გადალახავენ. რაც შეეხება დაბალი თვითშეფასებისადმი შიშს, ეს აშკარად არაინფორმირებულობის ან ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირების ბრალია. ჩვენ არაერთხელ განვუმარტეთ როგორც მასწავლებლებს, ისე დირექტორებს და ფასილიტატორებს, რომ თვითშეფასება მხოლოდ მასწავლებლის დამხმარე მექანიზმია, მისი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის და არა დასჯის საშუალება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არავინ აფასებს მასწავლებლის კვალიფიკაციას მისი თვითშეფასების მიხედვით. უფრო რომ დავაზუსტოთ, მასწავლებლის თვითშეფასება, თუნდაც დაბალი,არანაირად არ აისახება მის კარიერაზე. ობიექტური თვითშეფასება მასწავლებელს ეხმარება, უკეთ გაააცნობიეროს საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობები, გააზრებულად დაგეგმოს თავისი პროფესიული განვითარება და მიიღოს შესაბამისი მომსახურება როგორც სკოლის ბაზაზე, ისე სახელმწიფოს მხრიდან.
- როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრიავრცელებსინფორმაციას, ამჟამადმიმდინარეობსფასილიტატორებისმომზადება, რომელთა ერთ-ერთი მოვალეობაა დაეხმარონ მასწავლებლებს და მისცენ მიმართულება თვითშეფასების განხორციელების პროცესში. დაიწყეს თუ არა ფასილიტატორებმა თავისი საქმიანობის განხორციელება და რა ინფორმაცია გაქვთ, რამდენად ეფექტიანად ეხმარებიან მასწავლებლებს?
- მართალს ბრძანებთ, ამჟამად მიმდინარეობს ფასილიტატორების გადამზადება ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ფასილიტატორებს, თუ როგორ დაეხმარონ მასწავლებელებს თვითშეფასების მნიშვნელობის გააზრებასა და თვითშეფასების კითხვარის, როგორც ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებაში. ინფორმაცია არაერთგვაროვანია. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ ფასილიტატორი თვითონ
ვერ გაერკვა კარგად ყველა საკითხში და შესაბამისად, სათანადო დახმარებას ვერ უწევს მასწავლებლებს. არის შემთხვევები, როცა ფასილიტატორი მზა ნიმუშს აძლევს მასწავლებლებს და სთხოვს, მხოლოდ საგანს მოარგონ გამზადებული შაბლონი, რაც არასწორია და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ჩვენს მიზანს - გააზრებულად შეაფასოს მასწავებელმა საკუთარი პრაქტიკა და ასევე გააზრებულად იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი ინფორმაციით, ფასილიტატორებიუმეტესად კარგად უძღვებიან თავიანთ საქმეს და მაქსიმალურად ეხმარებიან მასწავლებლებს თვითშეფასების კითხვარის შევსებაში. აქვე ვიტყვი, რომ სურვილის შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი საშუალებას აძლევს მასწავლებლებსაც, დარეგისტრირდნენ და გაიარონ ტრენინგითვითშეფასების განხორციელების მიმართულებით.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი კითხვარს კოლეგებს ავსებინებს. არსებობს თუ არა რაიმე მექანიზმები ასეთი ფაქტების აღსაკვეთად და რას ურჩევდით ასეთ მასწავლებლებს?
- ჩვენც გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. უფრო მეტიც, როგორც ვიცით, კითხვარიც "პროფესიონალი" შემვსებებიც გამოჩდნენ, რომლებიც ბიზნესს ეწევიან. ვფიქრობ, ცოტა უცნაურია მასწავლებლებისგან ასეთი დამოკიდებულება იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი პროფესიონალიზმის ხელშეწყობის მიზნითაა შემოღებული. ეს ისევ და ისევ, არასწორი ან არასათანადო ინფორმირებულობის ბრალია. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევებრძოლოთ ამ ტენდენციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნულ ცენტრს არ შეუმუშავებია რაიმე კონკრეტული სანქციები ან დისციპლინური კანონდარღვევის გამოვლენის მექანიზმები. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაკავშირებული იყოს მკაცრ კონტროლთან და სანქციებთან. ჩვენ უბრალოდ გვინდა ვუთხრათ, გავაგებინოთ მასწავლებლებს, რომ თვითშეფასება მათი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხელშემწყობი ინსტრუმენტია და ის არ გახდება განსჯის საგანი.
- ალბათ მნიშვნელოვანია მასწავლებელს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს სქემის ფარგლებში განსახორციელებელი თითეული აქტივობების შესახებ. რამდენად დიდია სკოლის დირექტორისა და შეფასების ჯგუფის როლი ინფორმირების პროცესში?
- ვფიქრობ, სქემასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართული ყველა პირის დროული ინფორმირება თანაბრად მნიშვნელოვანია. ამისათვის ჩვენ გამოვეცით სქემის გზამკვლევის პირველი ნაწილი. ამ ეტაპზე მზადდება მეორე ნაწილიც, რომელიც უშუალოდ შიდა სასკოლო შეფასებას, კერძოდ კი, მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასებას დაეთმობა. ამ ნაწილში განხილული იქნება სქემის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და მათი შეფასების კრიტერიუმები. გარდა ამისა, მომავალი წლიდან იგეგმება მასწავლებლის შეფასების ჯგუფების ინტენსიური გადამზადება. ცხადია, გვექნება საინფორმაციო შეხვედრები, ასევე ამოქმედდება კონსულტირების მექანიზმიც სკოლების დონეზე.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი პედაგოგებსაც ვთხოვეთ. მასწავლებელი კახაბერ ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ თვითშეფასების კითხვარის შესავსებად სრულიად საკმარისია 1 კვირა. ჩაკვეტაძის თქმით, მასწავლებელს სჭირდება 2-3 დღე, რომ გააანალიზოს კითხვები, ამის შემდეგ კი მან ელექტრონულ სისტემაში უნდა შეავსოს კთხვარი. პედაგოგი ფიქრობს, რომ თვითშეფასება მნიშვნელოვანი და სასარგებლო იმ შემთხვევაშია, თუ მასწავლებელი გულწრფელად უპასუხებს შეკითხვებს, გამოავლენს საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეს და ამის შემდეგ დაგეგმავს საკუთარ საქმიანობას.