გაიმართა ინოვაციური ტექნოლოგიებისა და გამოგონებების გამოფენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, უკვე მეორედ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების 3-დღიანი კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც 250-ზე მეტი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ექსპერტი და მასწავლებელი მონაწილეობდა. კონფერენციაზე სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და სფეროში არსებული ნოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა მოხდა, ასევე გაიმართა ინოვაციური ტექნოლოგიებისა და გამოგონებების გამოფენა. რა შედეგები მოაქვს მსგავს კონფერენციებს მასწავლებლებისთვის, როგორ ინერგება განათლების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიები და რა თანამედროვე მეთოდებს იყენებენ მასწავლებლები 21-ე საუკუნის ბავშვების განათლების პროცესში, ამასთან დაკავშირებით, ცენტრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრამის მენეჯერი ზაზა ქარსაულიძე საუბრობს:
კონფერენციამ გამოკვეთა პოზიტიური შედეგები მონაწილეთა შორის. კონფერენციის მომხსენებელთა თემებმა მნიშნელოვანი გამოწვევა მოახდინა დამსწრე აუდიტორიაში, რადგან მათი თემატიკა მაქსიმალურად მორგებული იყო აუდიტორიის ინტერესებზე და მათი დანერგვა სასკოლო გარემოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პროცესს. კონფერენციის ბევრ მონაწილეს გაუჩნდა სურვილი მომდევნო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე უკვე მომხსენებლის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო, დაახლოებით 50-მდე მომხსენებელი გამოვიდა, რომლებმაც წარმოადგინეს განათლების სფეროში არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომელსაც წარმატებით იყენებენ სასწავლო პროცესში.
რა იყო წლევანდელი კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულება?
კონფერენცია მოიცავდა სხვადასხვა თემატურ მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი იყო: მენეჯმენტი და ლიდერობა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პრეზენტაცია სესიების ფორმატში; სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მოხსენებები პლენარული და პარალელური სესების ფორმატში; პროექტებზე ორიენტირებული სწავლება, წარმოდგენილი იყო მოხსენებები პოსტერების სესიების ფორმატში; საგანმანათლებლო თამაშები და სიმულაციები, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ელექტრონული თამაში და სიმულაცია როგორც სესიების ფორმატში ასევე ტექნოლოგიების გამოფენაზე (LEGO-ს რობოტექნიკა, ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიები, ქინექთი და სხვა); ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელთა ნიმუშები წარმოდგენილი იყო გამოფენაზე: 3D პრინტერი, 3D სკანერი, ოკულუსი, გუგლის სათვალე, ლაზერული მჭრელი და სხვა.
იყო თუ არა წარმოდგენილი გამორჩეულად საინტერესო მოხსენებები?
წლევანდელი კონფერენციაზე სესიების ფორმატში წარმოდგენილ მასწავლებელთა მოხსენებებში გამოირჩეოდა ორი სესია, რომლებმაც დაიმსახურეს შემფასებელი კომისიის მოწონება და კონფერენციის სპონსორებმა კომპანია მაიკროსოფტმა და ინტელმა დააჯილდოვეს წამახალისებელი პრიზით - პლანშეტური მოწყობილობით. ერთ-ერთი იყო ფიქრია სიდამონიძე - ქალაქ რუსთავის სკოლის მასწავლებელი, რომელსაც თანამომხსენებელ ჯაბა ლაბაძესთან ერთად წარმოდგენილი ჰქონდა თემა ქართული ვიკიპედიის განვითარების პროექტის შესახებ. აღნიშნული თემა საინტერესო იყო იმ გარემოებითაც, რომ ავტორებმა კონფერენციის მონაწილეთა თვალწინ შექმნეს რიგით მეათიათასე საკუთარი სტატია ქართული ვიკიპედიის სივრცეში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თემის ავტორებს ამ პროექტში ჩართული ჰყავთ მოსწავლეები, რომლებიც თარგმნიან უცხოენოვან სტატიებს ქართულ ენაზე და ასევე თვითონაც ქმნიან და ამდიდრებენ ინტერნეტ სივრცეს ქართულენოვანი რესურსებით;
მეორე გამორჩეული მონაწილე იყო ირმა იჩქიტიძე - ქალაქ რუსთავის N20 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც თანამომხსენებელ ხათუნა ციხელაშვილთან ერთად წარმოდგენილი ჰქონდა თემა ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემის გამოყენების შესახებ სასკოლო მენეჯმენტში. აღნიშნული თემა წარმოადგენს ინოვაციურ გადაწყვეტილებას სკოლის მართვის სისტემაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გაზიარება სკოლების ადმინისტრაციისთვის.
კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა პოსტერების სესია, რომელზეც წარმოდგენილი 11 პოსტერიდან საკონკურსო კომისიამ შეარჩია 3 გამარჯვებული პოსტერი. აღნიშნული პოსტერების ავტორებსაც სპონსპორებისგან გადაეცათ სხვადასხვა პრიზები. გამორჩეული პოსტერი ჰქონდა ალა სანამიანს - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს, რომელმაც წარმოადგინა თემა "გზა კოსმოსისკენ - კვლევაზე დაფუძნებული სწავლება". აღნიშნული თემა მიზნად ისახავდა პროექტის განხორციელებისა და მართვის გამოცდილების გაზიარებას. მისი თემა პოსტერების სესიაში გამარჯვებულად დასახელდა და პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო კონფერენციის ერთ-ერთმა სპონსორმა კომპანია "ესაბმა" მას გადასცა პორტატული კომპიუტერი; დაჯილდოვდა ასევე სოფიკო მეხაშიშვილი - სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელსაც პოსტერების სესიაზე წარმოდგენილი ჰქონდა თემა "ტექნოლოგიების როლი, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლაში". მომსხენებლმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა "შებრუნებული საკლასო ოთახი"-ს მეთოდის გამოყენებით არაქართულენოვან მოსწავლეებში ქართული ენის წარმატებული დასწავლის პრაქტიკა; მესამე გამარჯვებულია თამარ ბერიძე - ქვემო სობისის საჯარო სკოლის ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებელი, რომელმაც წარმოადგინა თემა "სათბურში მოყვანილი პომიდვრის დადებითი და უარყოფითი მხარეები". პოსტერში აღწერილი იყო მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც შეეხებოდა კვლევით საქმიანობას ღირს თუ არა სათბურში მოყვანილი პომიდვრით კვება და რა საფრთხეებს შეიცავს იგი.
ამჟამად რა დონეზე გამოიყენება ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და კონკრეტულად რა ფორმით?
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება საჯარო სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. 5-6 კლასებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ცალკე საგნად ისწავლება, თუმცა მნიშვნელოვანია საგნობრივი სწავლების ტექნოლოგიებით გამდიდრება, რაც ხელს უწობს როგორც საგნობრივი კომპეტენციების გამომუშავებას ასევე ისტ უნარების განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მასწავლებლების სესიებიდან წარმოჩინდა ის პრაქტიკა, რასაც რეალურად მასწავლებლები ახორციელებენ სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
კონფერენციის მონაწილე მასწავლებლები აცხადებენ, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება უფრო მიმზიდველს და ნაყოფიერს ხდის სწავლების პროცესს. დღევანდელი თაობა დიდ ინტერესს იჩენს ტექნოლოგიების მიმართ და სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების საჭიროება კიდევ უფრო იზრდება.
"ასეთი ტიპის კონფერენციები ძალიან დიდ გამოცდილებას სძენს მასწავლებლებს, საშუალებას აძლევს მიიღონ, გაიგონ და პრაქტიკაში დანერგონ ინოვაციური მეთოდები ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც სასწავლო პროცესს ხდის ბევრად უფრო ინტერაქტიულს, საინტერესოს და სახალისოს. შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის ინტეგრირება მოახდინონ ერთ პროექტში, რაც სწავლების შედეგებს უფრო მეტად აუმჯობესებს" - აცხადებს პოსტერების სესიის გამარჯვებული მონაწილე ალა სანამიანი.
კონფერენციის ორგანიზატორები განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ მასწავლებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რის გამოც ვარაუდობენ, რომ შემდგომ წლებში ღონისძიება უფრო მასშტაბური გახდება.