ერთი პირობა ვიფიქრე დამეწყო ასე: ,,მე დიდი ხანია მინდოდა მეთქვა, რომ....'' ამ ქალბატონს, ლალი მარგიანს, ჩვენი მკითხველი იცნობს. ის წლებია მაღალმთიან სვანეთში, ერთ-ერთ სოფელ ლახამულაში წავიდა სამუშაოდ და იქაური პატარების სწავლა-აღზრდაში დებს მთელ თავის ენერგიასა და ძალისხმევას. სწორედ ქალბატონ ლალის ეკუთვნის ეს პოსტი და იმედია, ადრესატები (ჩვენს მკითხველებს შორისაც) გამოეხმაურებიან და დაეხმარებიან:
"ახლა გადავდივარ საქმეზე, რომელიც დიდი ხანია მაწვალებს თუ მაწუხებს და არ ვიცოდი,როგორ დამეწყო.
ერთი პირობა ვიფიქრე დამეწყო ასე: ,,მე დიდი ხანია მინდოდა მეთქვა, რომ...'' ,,მეთქვა, რომ''... და ვერ ვთქვი, ვერ დავიწყე, ათასჯერ წავშალე და არ ვიცი, ეს ალბათ ათასმეერთე იქნება, იყოს ათასმეცხრეც , ან სულაც პირველი, რადგან ის, რასაც ვშლიდი, აქ კი არა, გონებაში ვწერდი. ამიტომ ვერ მოაღწია თქვენამდე, თორემ ახლა უკვე წინ ვიქნებოდი წასული!
გადაწყდა: ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიწყებ:
ბევრმა შეიძლება იცის, რომ სვანეთში, მესტიის დასავლეთით 37 კმ-ში ერთი პატარა, მაგრამ დიდი წარსულის მქონე სოფელია - ლახამულა. ამ სოფელში ძალიან კარგი, ზრდილობიანი, ნიჭიერი და ღირსეული პატარები (უფროსებზე რომ არაფერი ვთქვა) იზრდებიან.
იმის გამო, რომ სკოლა საბაზოა, სულ 27 მოსწავლეა, არ გვაქვს ბიბლიოთეკა, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება და სამწუხაროდ, არც ერთი პროექტი წიგნებით მომარაგებაზე ამის გამო არ შეგვხებია.
ახლახან მეგობარმა მირჩია დავკავშირებოდი გიორგი კეკელიძეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს და მეთხოვა დახმარება. ძალიან გამიხარდა, როცა დახმარება აღმითქვა, მაგრამ ვიდრე ეს პროცესი რეალობად იქცევა, მე თქვენთან მაქვს თხოვნა, ჩემო ფეისმეგობრებო: - მიყვარხართ ძალიან და ჩემ ცხოვრებას ალამაზებთ...
ბევრნი ხართ პოეტები, მწერლები, მოკლედ, იქნებ თქვენი წიგნებითაც გამიხაროთ ჩემი პატარები და სვან ბავშვებს საშვილიშვილო საჩუქარი გაუკეთოთ?! ის ხომ არა მარტო ბავშვების, სოფლის საგანძურიც იქნება! სოფლისა, სადაც მოღვაწეობდა ლეო კვაჭაძის მამა მიხეილ კვაჭაძე და სინტაქსის მომავალი მამის აკვანიც აქ დაირწა!... სოფლისა, სადაც ანგია ბოჭორიშვილი დაიბადა! სოფლისა,რომელმაც ბევრი სახელოვანი ადამიანი გამოზარდა და დღესაც ზრდის ღირსეულ მომავალს!..
ხედავთ, რომ ძლივს მოვაბი თავი სათქმელს, ძლივს გავბედე თხოვნა...
ამას წინათ ერთმა მეგობარმა პირადში მომწერა, მინდა რაღაცით დავეხმარო შენ სკოლასო, დავუჯერე და ვუთხარი, კომპიუტერი გაახარებთ ბავშვებს-მეთქი, ახლავე შემიძლია გამოვგზავნო, მაგრამ როგორო... გზაც ვასწავლე, მაგრამ იმის მერე არ შემხმიანებია, თუმც რამდენჯერმე მივწერე და გული დამწყდა, აქეთ მითხრა,იქით არაფერი მითხოვია... კიდევ კარგი, ბავშვებთან არაფერი მითქვამს!..
ჰო, და კიდევ, ერთი: რომ გაიგეს, ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნებს გვპირდებაო, გადაწყვიტეს წიგნის თაროები და ოთახიც თავად მოაწყონ. აი, ასეთი ყოჩაღი ბავშვებისთვის მინდა წიგნები.
არამწერალი და არაპოეტი მეგობრებისგანაც სიამოვნებით მივიღებ საინტერესო წიგნებს...
მადლობა გულისხმიერებისთვის! მიყვარხართ და მაინც მეყვარებით, თუ წიგნებს არ გამომიგზავნით, რადგან მეც გულით მინდა ყველა გაჭირვებულს დავეხმარო,მაგრამ ვერ ვახერხებ ხშირად...
სიყვარულით, პატივისცემით და მეგობრული თხოვნით."
ლალი მარგიანი