სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონის საჯარო სკოლებში 182 პედაგოგი ასწავლის საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფოს გამოწვევაა. ამის გამო მასწავლებლებს ხშირად უწევთ მოსწავლეებს მომიჯნავე საგნებიც ასწავლონ, რომელთა სპეციალისტები არ არიან. აღნიშნული დეფიციტის აღმოფხვრისა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს პროგრამას - "ასწავლე საქართველოსთვის", რომელიც კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებელთა ვაკანტური ადგილების შევსებაზე მუშაობს. პროგრამაში თავდაპირველად 41 მასწავლებელი იყო ჩართული, ბოლო წლებში მათი რიცხვი გაიზარდა და დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონის საჯარო სკოლებში 182 პედაგოგი ასწავლის. მასწავლებლის საჭიროების შესახებ საჯარო სკოლა პროგრამის მენეჯერებს ინფორმაციას და მოთხოვნას თავად უგზავნის. შედეგად კი ცხადდება კონკურსი, რომლის საფუძველზე შერჩეული მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონში ნაწილდებიან.
ცისანა ლონდარიძე მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე პედაგოგია. ამჟამად მესტიის რაიონის სოფელ იელში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. სკოლა 9-კლასის განათლებას იძლევა და სულ 13 მოსწავლე ჰყავს, თუმცა 21 კომლიანი პატარა სოფლის შესანარჩუნებლად მისი არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორც ქალბატონი ცისანა ამბობს, სკოლის გადარჩენა სწორედ პროგრამის ამოქმედებით მოხერხდა. სკოლის დირექტორმა ლეილა ხვიბლიანმა პროგრამის ამოქმედებისთანავე მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და მას შემდეგ სოფელ იელის პატარა სკოლაში პროგრამის მასწავლებლები ერთგვარ "მისიონერულ" ფუნქციას ასრულებენ.
"ძნელია მიატოვო ოჯახი და წახვიდე შორს, მაგრამ აქ ძალიან ვჭირდებით. ეს პროგრამის ყველა მასწავლებელს კარგად აქვს გაცნობიერებული. მშობლიური გარემო მენატრება, თუმცა დილით, როცა ჩამესმის ლუკას, რატის, ქიტის ხმები, შინაგანი ძალა მემატება. ყოველდღიურად მაცნობენ თავს და სასიამოვნოდ მაოცებენ. ,,მინდა, რომ არასოდეს წახვიდეთ, მინდა ნახოთ ჩვენი ტრადიციები და სად მივდივართ, როცა ,,ოფნაშობა"" იქნება და კიდევ მინდა გასინჯოთ ჩვენი გამომცხვარი ,,ლემზირიები"" - ძალიან მოგეწონებათ. თქვენ ჩემთვის კარგი მასწავლებელი ხართ, თუ გინდათ შენიშვნაც მომცეთ მე მაინც არ მეწყინება, იმიტომ, რომ მიყვარხართ"" - მწერს VII კლასელი ლუკა და სული მითბება - აი ეს მაძლებინებს აქ" - ამბობს ცისანა ლონდარიძე.
"აქაურ ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ. თავიდან უცხო ხარ, გაკვირდებიან, თითქოს რენტგენში გატარებენ, მერე თუ იგრძნეს სიმართლე და გულწრფელობა, გენდობიან და პასუხისმგებლობაც გიათმაგდება. აქ ყოველი დღე განსხვავებული და ახალია - ახალი ხასიათები, წეს-ჩვეულებები. ოჯახში, სადაც მე ვცხოვრობ, ხუთი ბავშვია: რატი, საბა, ნიკა, ლუკა, რიტა. ერთი პატარაა - 3 წლის შალვა. დილაობით სკოლაში ყველანი ერთად მივდივართ. ცდილობენ დამეხმარონ: ხან თოვლს მიკვალავენ, ზოგჯერ სამუშაო კომპიუტერის ტარებაშიც მეხმარებიან. ისინი უკვე გამორჩეული ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ არსად ჩანან, არ ყვირიან, მაგრამ გიზიდავენ შინაგანად. გამიმართლა, რომ მოვხვდი ისეთ მასპინძელ ოჯახში, სადაც ყველას ერთმანეთი უყვართ და მეც ამ სიყვარულის თანაზიარი გავხდი. სახლშიც "პატარა სკოლა" გვაქვს. საოცრად თბილი ოჯახი აქვთ ნური და იური სამსიანებს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ ოდესღაც ვცხოვრობდი, ისეთი შინაურები, ისეთი თბილები არიან. სერგო კლდიაშვილი წერდა : ,,როცა სვანის სტუმარი ხარ, მშვიდი ძილი გქონდეს. დარწმუნებული იყავი, რომ მთელი ოჯახის გული და თვალები შენსკენაა მოპყრობილი და ყველას ერთი საზრუნავი აქვს, როგორმე შენ გასიამოვნოს."" ასეთები არიან ჩემი მასპინძლებიც".
"ვიწერთ მხატვრული სიტყვის ოსტატების ხმებს და მერე ერთად ვვარჯიშობთ მხატვრულ კითხვაში. ჩამოვაყალიბეთ ,,მკითხველთა კლუბი"", გავაკეთეთ კედლის გაზეთი, სადაც კონვერტებში მოსწავლეთა ჩანახატები გვიდევს. ესეების წერა ჯერ უჭირთ, თუმცა ვცდილობ, რომ მალე თავისუფლად შეძლონ შემოქმედებითი ესეების წერა. ლექსიკონის გაკეთება ყველას სჭირდება, ყოველდღე ვწერთ ახალ სიტყვებს და ასე უგროვდებათ სიტყვათა მარაგი. ვატარებთ დამატებით გაკვეთილებს, ძირითადად გრამატიკაში, ლიტერატურის თეორიასა და წერაში. ახალი წლის საღამოც მოვაწყვეთ, აქ უკვე ლექსს თან სიმღერა, ცეკვა და ბევრი გაბრწყინებული ღიმილი ახლდა. მშობლები და თემის წარმომადგენლები გვესწრებოდნენ. მათაც უხარიათ ასეთი სასიამოვნო საღამოები" - გვიამბობს ცისანა მასწავლებელი და მის წინა სამუშაო ადგილსაც იხსენებს.
კითხვაზე, თუ რა შემატა პროგრამაში მონაწილეობამ, ქალბატონი ცისანა ასე პასუხობს:
"ამ პროექტმა ახალი ხასიათები აღმომაჩენინა ჩემში. სულ სხვა თვალით დამანახა ყველაფერი. საინტერესოა ყოველი დღე. აქ ფიქრისა და აზროვნებისთვის მეტი დრო მაქვს. პროგრამაში მონაწილეობამ დამაფიქრა სწავლების ახლებური მეთოდების გამოყენებაზე, რადგან ძალიან მინდა, საუკეთესო შედეგებზე გავიდნენ ჩემი ბავშვები. მჯერა, რომ წლის ბოლოს ჩემი პატარები დახვეწილი ქართულით იმეტყველებენ, დაწერენ საინტერესო ესეებს, შეძლებენ მხატვრულ კითხვას, გახდებიან დამოუკიდებლები და შემოქმედებითები. ამ ცვლილებას დღითი დღე ვგრძნობ, ჩვენ ერთად "ვიზრდებით".
რაჭის უმშვენიერესი სოფლის - უწერის საჯარო სკოლაში ასწავლის პროგრამის კიდევ ერთი მონაწილე ლელა კოტორაშვილი. ცისანა ლონდარიძის მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ რაჭაში უფრო საჭიროა. საქმიანობამ მალე ბლოგის შექმნაც გადააწყვეტინა. ახლა თბილისში დარჩენილ მეგობრებს და სხვა ადამიანებს ბლოგით უყვება იქაური ყოფისა და სკოლის ამბებს.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ წასულიყავით თქვენი სახლიდან შორს და გესწავლებინათ რაჭაში?
- ეს ცოტა ვრცელი ამბავია - პატარ-პატარა მოვლენების ერთობლიობა. ჩემი მეუღლე წარმოშობით რაჭველია, სოფელ უწერადან. ჩემს ორ შვილთან ერთად აქ ხშირად ვისვენებდი, რადგან აქაური ჰაერი და ბუნება მათი ჯანმრთელობისთვის იდეალურია. ერთ-ერთი ასეთი დასვენების დროს მე და ჩემი პატარა გოგო სკოლას პირველად ვესტუმრეთ, თან საჩუქრად მარკ-ტვენის "ტომ სოიერი" წავიღეთ სკოლის ბიბლიოთეკისთვის. პატარა ბიბლიოთეკაში ისტორიის გაკვეთილს ატარებდა მასწავლებელი, რომელსაც პარალელურად ბიბლიოთეკარის მოვალებებიც ჰქონდა შეთავსებული. გაკვეთილზე სულ სამნი ისხდნენ. ეს ჩემთვის მოულოდნელი შთაბეჭდილება იყო. აქამდე არაფერი ვიცოდი მაღალმთიანი სოფლის სკოლების შესახებ, წარმოდგენა არ მქონდა მიგრაციის შედეგად სკოლაც რომ იცლებოდა. მაშინ მომინდა, რომ მეც მესწავლებინა მათთვის. ჩემი გამოცდილება, ადამიანური რესურსი დამეხარჯა ბავშვებთან, რომელთაც უამრავი რამ აკლიათ. მერე გამახსენდა ამ პროგრამის არსებობა. ინტერნეტით მოვიძიე მასზე ინფორმაცია, მაგრამ მაინც არარეალურ ამბად მიმაჩნდა.
- გვიამბეთ იქაური მოსწავლეების, მათი თქვენთან ურთიერთობის, შესაძლებლობებისა და ცხოვრების წესის შესახებ? როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენს მოსწავლეებთან ერთად?
სულ ვამბობ, რომ აქ მცხოვრებ ბავშვებს აქვთ რაღაც განსაკუთრებული, რაც არ მახსოვს არც ჩემი მოსწავლეობისას და არც სხვა სკოლაში, სადაც ვასწავლიდი. ეს ბავშვები ხედავენ, როგორ წვალობენ მათი მშობლები ყოველდღიური ლუკმისთვის, თვითონაც ჩართულები არიან ამ პროცესში და დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენენ. არიან უბრალოები, კეთილები, მეგობრულები. აქ არ გვაწუხებს ბულინგი თუ სხვა მოზარდებისთვის დამახასიათებელი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან გახსნილები არიან, პატარა სიმკაცრის გამოვლენაც კი უზომოდ აფრთხობთ.
ხშირი ურთიერთობა მაქვს მათთან სკოლის გარეთაც. მსტუმრობენ სახლში და ვცდილობ, ჩავაბა მათთვის დაგეგმილ აქტივობებში. ერთი დიდი ბედნიერებაა მათთან ერთად სახლში ფეხით დაბრუნება. მისვამენ ათას ბავშვურ კითხვას, მიყვებიან თავიანთი ცხოვრების ამბებს. ხშირად მწერენ პირად წერილებს, რაც უფრო მეტად გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სკოლაში მრავალფეროვანია როლური თამაშებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინტეგრირებული გაკვეთილებით. სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, ვდგამთ სპექტაკლებს, ჩამოვაყალიბეთ მკითხველთა წრე - "სამოვრის მილი"; სკოლაში შევქმენი თანამედროვე მედიათეკის მსგავსი სივრცე, სადაც ხელნაკეთი ხის მაგიდა-სკამები, ნივთები, წიგნის თაროები წიგნებითურთ მოსწავლეებისთვის იდეალურ გარემოს ქმნიან. ეს არის სივრცე, სადაც ვატარებთ სხვადსახვა სახის ღონისძიებებს და ლიტერატურულ საღამოებს. ონის საბავშვო ბაღისთვის გავაკეთეთ ხელნაკეთი თოჯინები, თიხისგან გამოვძერწეთ მძივის ბურთულები და ფერად ძაფებთან და ანოტაციასთან ერთად დავაფასოეთ, ამ სახის თამაშობა ბაღის ასაკის ბავშვს განუვითარებს ფანტაზიას, წვრილ მოტორიკას და რაც მთავარია, საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშო ყველაზე მეტად გააბედნიერებს პატარებს. დავაარსე ლიტერატურული კაფე "მირამისი", რომელიც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და აქტუალობას არ კარგავს. ყოველ ორ თვეში ერთხელ ვიკრიბებით გარემოში, რომელიც კაფეს გავს და ერთმანეთს ვაცნობთ ახალ წიგნებს. ერთი წლის განმავლობაში ხუთი ლიტერატურული კაფე დაგვიგროვდა.ვქმნი ხელნაკეთ ნივთებს ლიტერატურული პერსონაჟებისა და ნაწარმოებების მიხედვით ( ხელნაკეთი ჩანთები, მაისურები, წიგნები, პოსტერები). ეს მოტივაციაა ბავშვებისთვის, რათა არასდროს დაავიწყდეთ წაკითხული წიგნები.
- როგორია ადგილობრივების დამოკიდებულება პროგრამის მასწავლებლის მიმართ?
- ადგილობრივი მოსახლეობა კარგად არის განწყობილი პროგრამის მონაწილეების მიმართ, ოღონდ ეს ბეწვის ხიდზე სიარულს გავს. ჩვენ იძულებულები ვართ მოვერგოთ აქაური ცხოვრების წესს, მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩვენთვის მათი დამოკიდებულებები. სხვაგვარად აქ, უცხო გარემოში, ვერ იმუშავებ, ვერ იქნები მოსწავლეებისთვის მისაღები. დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდო ურთიერთობებს, რათა მათი კეთილგანწყობა შეინარჩუნო. პირადად მე ჩემი ქმრის ოჯახში ვცხოვრობ, დედამთილთან და მამამთილთან ერთად. შესაბამისად, სოფელში მოსულს, რაღაც ურთიერთობები დამხვდა, თუმცა ახალ გარემოსთან შეგუების პროცესი სოფლად მტკივნეულია. გარკვეული დროა საჭირო, სანამ გაგიცნობენ, შეგაფასებენ და გაღიარებენ. თუ ვერ მოაგვარებ ამ ამბებს, აქაურობის მიტოვების სურვილი გიჩნდება, ხოლო თუ ამ ეტაპს გადალახავ, აქაური ცხოვრება შენს ძველ ცხოვრებას ემსგავსება და თავს კარგად გრძნობ.
R