ასეთი ავტორები ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება საბავშვო მხატვრული ლიტერატურაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. ამის მიუხედავად, თანამედროვე ავტორებისთვის არც ისე ადვილია მშობლის და ბავშვის გულის ერთდროულად მოგება. ასეთი ავტორები ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება. ინგლისელი მწერალის დევიდ ბედიელის წიგნი "საოცნებო მშობლები" არაერთ ქვეყანაში ბესთსელერი გახდა. საქართველოში კი თებერვლის ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის დასახელდა. წიგნის მაღაზიების მონაცემებით, "საოცნებო მშობლებმა" გამოსვლიდან რამდენიმე დღეში დაიკავა ტოპ 50 წიგნს შორის ადგილი.
რით შეძლო ამ წიგნმა თანამედროვე ბავშვების დაინტერესება? ვინადან ჩვენს საიტზე საკმაოდ ხშირად ვწერთ, თუ რა ძნელია დღევანდელი ბავშვების წიგნით დაინტერესება, ვიფიქრეთ, რომ ამ წიგნის შესახებ უნდა დაგვეწერა.
როცა ბავშვი უკვე გამართულად კითხულობს, მშობლის საზრუნავია რაც შეიძლება საინტერესო წიგნი შეურჩიოს მას. გაუგებრობაც აქ იწყება - რაც მშობლებს საინტერესო ჰგონიათ, შვილისთვის ხშირად უინტერესოა და პირიქით. დაძალებითა და ნამუსზე შეგდებით რომ თანამედროვე ბავშვი მკითხველად არ იქცევა, ამაში მშობლებიც დარწმუნდნენ და გამომცემლებიც. ამიტომ თანამედროვე საბავშვო წიგნები ერთი მთავარი იდეით იქმნება - პატარა მკითხველი პირველივე გვერდებიდან მოხიბლოს, ახალ სამყაროში ჩაითრიოს და წიგნის ჯადოსნური ძალა აგრძნობინოს.
ქართული გამომცემლებებიც ცდილობენ თავიანთი პროექტები ბავშვების ინტერესებს მაქსიმალურად მოარგონ. მაგალითად ახლახან გამოვიდა თანამედროვე ინგლისელი მწერლის, დევიდ ბედიელის "საოცნებო მშობლები", რომელიც 8-12 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. (წიგნი გამომცემლობა პალიტრა L-მა პროექტ ლიბერქიდსის ფარგლებში გამოსცა). ბედიელი ძირითადად, კომედიურ, იუმორით შეზავებულ ნაწარმნოებებს ქმნის. სწორედ ამ იუმორითა და ბავშვურ აზრებში წვდომით მოახერხა უამრავი პატარა მკითხველის გულის მოგება.
რით მოხიბლა "საოცნებო მშობლებმა" ამდენი ბავშვი? წიგნის მთავარ გმირს "საყოველთაო" პრობლემა აწუხებს - მშობლებითაა უკმაყოფილო. ეჩვენება, რომ სხვა თანატოლები უკეთ ცხოვრობენ , რადგან უკეთესი მშობლები ჰყავთ.
რას ერჩის 10 წლის ბარი თავის მშობლებს?
1. მოსაწყენები არიან
2. ცუდი სახელი დაარქვეს
3. სულ დაღლილები არიან და მისთვის არ სცალიათ
4. ვიდეოთამაშებს უკრძალავენ
5. არ ყიდულობენ იმას, რაც უნდა
6. არც ელეგანტურები არიან, არც ცნობილები, ულამაზოდ აცვიათ და... ღარიბები არიან
7. არასოდეს უხდიან წესიერ დაბადების დღეს
მოგვწონს ეს თუ არა, თანამედროვე მოზარდები ხშირად სწორედ ასე ფიქრობენ საკუთარ მშობლებზე. შესაბამსად, მთავარი გმირიც "მათიანია" - მისი ამბავიც საინტერესოდ ეჩვენებათ. მითუმეტეს, როცა მისი თავგადასავალი სასაცილოცაა, ფანტასტიკურიც და ამბის თხრობაც ძალიან დინამიურია.
მთავარ გმირთან ერთად ბავშვი მშობლების სააგენტოში მოხვდება, სადაც დედ-მამა არჩევითაა. როგორ მშობლები უნდა? მდიდრები? ერთი დღით მოსინჯავს მათთან ცხოვრებას. ცნობილები და ელეგანტურები ? ერთ დღე მათთანაც გაატარებს. მოსიყვარიულეები, სპორტულები და საინტერესო მშობლებზე ოცნებობს? - ყველა შეეძლება მოსინჯოს. ბავშვი მთავარ გმირთან ერთად ყველაზე "საოცნებო" მშობლების გვერდით ცხოვრებას გამოცდის, ყველა საკუკვარ სურვილს ისრულებს მაგრამ ბოლოს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს - რომ მშობლებს შვილები ძალიან უყვართ, ოღონდ სხვადასხვაგვარად ამჟღავნებენ ამას. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული აქვთ ან როგორ გამოიყურებიან მშობლები - ისინი გვაძლევენ იმას, რასაც სხვა ვერავინ მოგცემს - სიყვარულს. რომ ვერანაირი ფუფუნება და თავგადასავალი ვერ შეგიცვლის მოსიყვარულე მშობლებს... ერთი სიტყვით, "საოცნებო მშობლები" ერთდროულად გასართობიცაა და ჭკუის სასწავლებელიც, თან არამარტო ბავშვებისთვის. ზოგჯერ მშობელიც უნდა დაფიქრდეს, როგორ გამოიყურება შვილის თვალში... პატარა ბარის შენიშვნების სიაში ზოგიერთები საკუთარ თავსაც ამოიცნობენ.
და ბოლოს, სასარგებლო ინფორმაციაც - წიგნის პოპულარიზაციის მიზნით ერთი ღის განმავლობაში "საოცნებო მშობლები" მხოლოდ ერთი დღითა და ერთი საათით 12 ლარის ნაცვლად 5 ლარად გაიყიდება. აქციას "ბიბლუსი გალერეა" (ჭავჭავაძის 7) 20 თებერვალს 14 საათზე მოაწყობს.