ბავშვის განვითარების შესახებ თემებს წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"
15 სექტემბერი ემოციურად დატვირთული დღეა. განსაკუთრებით პირველკლასელთათვის. როგორ მოვიქცეთ, რომ ამ დღემ ყველასთვის მშვიდად ჩაიაროს.
ბავშვი პირველ კლასში სწავლისთვისაც უნდა იყოს მზად და იმისთვისაც, რომ კლასში ჩუმად მოუწევს ჯდომა, თუ რამის თქმა მოუნდება, ხელი უნდა ასწიოს, შესვენებაზე არ უნდა იხმაუროს. პირველ კლასში ბავშვებს დისციპლინას აჩვევენ. ბავშვისთვის ამ ყველაფრის ახსნის შემდეგ მას შეიძლება სკოლაში წასვლა აღარც მოუნდეს, ეს ნორმალური რეაქციაა და ამისთვის მზად უნდა იყოთ.
იმისათვის, რომ ბავშვს შეუმსუბუქოთ პირველ კლასში მიღებული სტრესი, დამატებით სექციებზე, ჯგუფესა და კურსებზე ნუ ჩაწერთ. პირველ კლასში საშინაო დავალებები შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება არა (დამოკიდებულია სკოლაზე), ამიტომ, ბავშვს თამაშისა და გართობისთვის უნდა რჩებოდეს დრო. გახსოვდეთ, რომ სკოლა ბავშვისთვის "მოწყენილობაა". ამიტომ, მაქსიმალურად გაუხალისეთ შინ ყოფნა.
ესაუბრეთ საინტერესო მოვლენებზე, ისეირნეთ. მოუყევით სკოლაში გადახდენილი (საკუთარი, მეგობრების) სასაცილო ამბები. უასიამოვნოც უნდა მოუყვეთ, ვერსად გაექცევით, მაგრამ აქცენტი მაინც პოზიტიურზე გაამახვილეთ.
გაამახვილეთ ყურადღება კარგზე, ლამაზზე და არა ცუდსა და შეცდომებზე. გახსოვდეთ ფსიქოლოგური წესი: იზრდება ის, რასაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას. შეცდომებიც კი.
რა გავაკეთოთ დღეს?
რა უნდა შეიგნოს ბავშვმა?
სკოლაში არსებობს წესები და ბავშვმა ისინი უნდა დაიცვას. აუხსენით რომ წესები ყველგან არსებობს, მაგალითად, მოძრაობის და მათი დაცვაც აუცილებელია.
მასწავლებელიც შეიძლება ცდებოდეს, რადგან შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის დედ-მამასაც, მაგრამ ისინი ცუდი ადამიანები არ არიან.
მასწავლებელი არ უნდა უყვიროდეს და მით უმეტეს, არ უნდა სცემდეს ბავშვს. თუ ასე მოხდა, აუცილებლად მოუყვეს მშობელს. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს თქვენთვის რაიმეს მოყოლა.
დაბოლოს, ხვალ თქვენი შვილი პირველად მიდის სკოლაში, დადებითად დაამახსოვრეთ ეს დღე. ლამაზად გამოაწყვეთ, დადებით განწყობა შეუქმენით. სკოლის შემდეგ გაასეირნეთ, მოაყოლეთ დღის ამბები, პატარა დღესასწაული მოუწყვეთ, რომ ეს პირველი სასკოლო დღე კარგად დაამახსოვრდეს.