რა პრინციპით ხდება ენის შერჩევა ბოლო პერიოდში, მშობლების ნაწილი, რომელთაც შვილები კერძო სკოლებში დაჰყავთ, უცხო ენის სწავლებასთან დაკავშირებულ გარკვეულ შეზღუდვებზე გამოთქვამენ უკმაყოფილებას. საუბარია მეორე კლასიდან რუსული ენის სწავლების შეფერხებაზე. ისინი ყვებიან, რომ სკოლის ადმინისტრაცია განათლების სამინისტროს მხრიდან დაწესებულ შეზღუდვაზე მიუთითებს და ამ მოტივით, საგაკვეთილო ბადეში მეორე უცხო ენას ადრეულ ეტაპზე არ სვამს. mshoblebi.ge დაინტერესდა, რეალურად, წესდება თუ არა შეზღუდვები რუსული ენის და ზოგადად, მეორე უცხო ენის სწავლებასთან დაკავშირებით, როგორია მოქმედი მოდელი საჯარო და კერძო სკოლებში, რომელი კლასიდან იწყებენ მოსწავლეები მეორე უცხო ენის სწავლას და რა პრინციპით ხდება ენის შერჩევა. ამის გასარკვევად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.
-ვრცელდება ინფორმაცია, რომ კერძო სკოლებში რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება. ასევე, საუბარია, რომ სამინისტრო კერძო სკოლებს უფლებას არ აძლევს ბადეში ჩასვან რუსული ენა პირველ, მეორე, მესამე კლასში, ადრეულ ეტაპზე. შესაძლოა საუბარი იყოს არა მხოლოდ, რუსულის, არამედ მეორე უცხო ენის სწავლების შეზღუდვაზე. შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს? თუ კი, გთხოვთ განგვიმარტოთ რა მიზეზებმა განაპირობეს ეს და კონკრეტულად, რა შეზღუდვებზეა საუბარი?
- მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით (მუხლი 40. უცხოური ენები):
• პირველი უცხოური ენა ისწავლება I-XII კლასებში და ეს არის ინგლისური ენა.
• მეორე უცხოური ენა (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, გარდა ინგლისურისა) ისწავლება V-XII კლასებში, მათ შორის რუსული ენა თუ სკოლა აირჩევს.
• მესამე უცხოური ენა, როგორც არჩევითი საგანი (სურვილისამებრ) ისწავლება X-XII კლასებში.
• საჯარო სკოლა უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან (მათ შორის, დაწყებით საფეხურზე).
კერძო სკოლები თავისი სურვილისამებრ გეგმავენ სწავლა-სწავლების პროცესს, მათ შორის, უცხოური ენების (სურვილის შემთხვევაში, რუსული ენის) სწავლების ორგანიზებას და ამ საკითხის შეთანხმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არ სჭირდებათ.
-ზოგადად, არის თუ არა სკოლებში შეზღუდვები რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებით და აქვთ თუ არა მეტი თავისუფლება კერძო სკოლებს რუსული ენის არჩევისას?
-არანაირი შეზღუდვა ნებისმიერი უცხოური ენის (მათ შორის, რუსული ენის) სწავლებასთან დაკავშირებით არ არსებობს, გადაწყვეტილებას იღებს სკოლა, მშობლებისა და მოსწავლეების მოთხოვნის საფუძველზე.
-აქვს თუ არა მნიშვნელობა მშობლების მოთხოვნას, რომ მათ სკოლაში/კლასში ისწავლებოდეს რუსული ენა, ან ზოგადად, მეორე უცხო ენა?
-მეორე უცხოური ენის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავად სკოლა (ადამიანური რესურსის, მოსწავლეთა ინტერესების და მოთხოვნის გათვალისწინებით) იქნება ეს რუსული, გერმანული, ფრანგული თუ სხვა ენები სკოლის პედაგოგიურ და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. ამ საკითხის გადაწყვეტაში სამინისტრო არანაირად არ მონაწილეობს.
ანა მარშანია