განათლების სამინისტროსა და ბაღების სააგენტოს პასუხი წელს სწავლის დაწყების თარიღი, 15 სექტემბერი პარასკევს ემთხვევა. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მშობლების ერთმა ნაწილმა თვითნებურად „გადაწიონ“ სწავლის დაწყება ორშაბათამდე.
„15 პარასკევია, ორშაბათამდე მაინც არავინ მივა“, - ამ ლოგიკით სოციალურ ქსელში არაერთი დედა წერს, რომ სწავლის დაწყება ორშაბათამდე გადაიდება. ამ გაუგებრობის გასარკვევად mshoblebi.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
უწყების განმარტებით, სწავლის დაწყება არ გადაიდება.
”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში წერია, რომ ”საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება”. 2017 წელს, 15 სექტემბერი დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, სწავლა პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება“, - აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ბაღების სააგენტოში ამ დრომდე მიდის მსჯელობა სწავლის დაწყების თარიღზე. შესაძლოა, სააღმზრდელო პროცესის ორშაბათამდე გადაწევის ვერსიას თავადაც განიხილავენ, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და უწყება სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღს მხოლოდ კვირის ბოლოს გაასაჯაროებს.
ასე რომ, ჭორები სწავლის გადადების შესახებ არც სკოლის და არც საბავშვო ბაღებთან მიმართებაში არ დასტურდება.
ანა მარშანია