ამ დროს ერთმანეთში ირევა ჭორ-მართალი და ხშირად არასწორი ვერსიებიც ვრცელდება როგორც ყოველთვის, მშობლები სასწავლო წლის დასაწყისში სიახლეებსა და ცვლილებებს ველოდებით. მითუმეტეს, რომ განათლების მინისტრმა არაერთი სიახლე დააანონსა.
ამ დროს ერთმანეთში ირევა ჭორ-მართალი და ხშირად არასწორი ვერსიებიც ვრცელდება.
მცდარი მოლოდინი რომ არ გვქონდეს, კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ ინფორმაცია იმ სიახლეებზე, რომლებიც წელს სკოლებში დაგვხვდება:
ვაშლების დარიგება
მინისტრის ამ განცხადებამ საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა განათლების სისტემის პირველ პირს ამ დრომდე ჯერ არ დაუკონკრეტებია, გამოცხადებულია თუ არა ტენდერი ან რომელი კომპანია შეიტანს ვაშლს სკოლაში.
თანაც ვაშლებს ყველა სკოლა როდი მიიღებს, „სექტემბრიდან დეკემბრამდე თბილისის ზოგიერთ მსხვილ სკოლაში, კვირაში ერთხელ გვექნება ეს კამპანიაო“ - განაცხადა მინისტრმა.
მსუბუქი ჩანთა
ეს დაპირება ისევ ძალაშია, ოღონდ არა წელს, არამედ მომავალი 2018-2019 სასწავლო წლიდან. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური საინფორმაციო პორტალ "ამბები.გე"-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი სახელმძღვანელოები 2018 წლის სექტემბრიდან შევა სკოლებში.
„ სახელმძღვანელოები გაუმჯობესებული იქნება შინაარსობრივად, შეფასება მოხდება უფრო ბევრი და მრავალფეროვანი კრიტერიუმების მიხედვით.
სახელმძღვანელოების შეფასებაში პირველად ჩართული იქნება საზოგადოება - ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების პროექტები განთავსდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეეძლებათ, რომ თავისი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეფასებები შემოგვთავაზონ. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს, რომ 1-6 კლასის მოსწავლეებს 2018 წლის სექტემბრიდან უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შევთავაზოთ“ - აცხადებს ლია გიგაური.
მისივე თქმით, ახალი სახელმძღვანელოების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესდება. „შემსუბუქდება წონა, ქაღალდი, შრიფტი, ფერები, ილუსტრაციისა და ტექსტის განლაგება უკეთესი იქნება, რადგან ამ მიმართულებით ფსიქოლოგებთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობით საკმაოდ მკაცრი შეფასების კრიტერიუმები შემუშავდა.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ელექტრონული წიგნები
ეს ინიციატივაც არავის წაუღია უკან, უბრალო, არც ეს პროგრამებია ჯერ მზად. „ელექტრონული ვერსიები ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად მომზადდება და 2018-2019 სასწავლო წლიდან აიტვირთება. ვერსიები განთავსდება როგორც მოსწავლების ბუკებში, ასევე სამინისტროს ვებ-გვერდზე, რათა ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა, სრულად ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე გადასვლა, მითუმეტეს დაწყებით კლასებში, რეკომენდებული არ არის. თითოეულმა მასწავლებელმა ისე უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ჩანაცვლების საშუალება და არ მოუწიოთ ყოველდღე დატვირთული ჩანთით სიარული“ - აცხადებს ლია გიგაური
რა შეიცვლება წელს
2017 წლის ოქტომბრიდან სკოლებში დაიწყება ახალი პროექტი - შრომითი უნარების განვითარების პროგრამა, რომელსაც პროფესიული კოლეჯები სკოლებთან თანამშრომლობით სკოლის ბაზაზე განახორციელებენ. ეს გახლავთ სხვადასხვა სახელობო მიმართულებების მიხედვით თემატური მოდულების სწავლება, კონკრეტულ სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, ანუ თანამედროვე შრომის გაკვეთილები. სკოლებში მოეწყობა მინიმალური ბაზა, სადაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მათთვის საინტერესო პროფესიის საბაზისო უნარების შესაძენად პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარდებათ. აქამდე სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს ასეთი ერთობლივი პროექტი არ ქონიათ.
ასევე, ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური გახდება სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიების პროგრამა, რომელიც კვლავ დაფინანსდება. ფართოვდება იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ჩატარდეს სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიები. მუზეუმებს დაემატება გეოგრაფიულად საინტერესო ადგილები, ისტორიული ადგილები, ეროვნულ პარკები და ნაკრძალები და სხვა.
ბუფეტი
ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო ბუფეტებში აიკრძალება საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე - მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა