''მეთორმეტე კლასში უნდა დაკარგოს დრო ისეთ სასწავლო მასალაზე, რომელიც მას გამოცდებზე გასასვლელად არ სჭირდება'' რამდენიმე დღეა mshoblebi.ge-ზე გვიკავშირდებიან მშობლები და გვთხოვენ გავარკვიოთ, უქმდება თუ არა მომავალი წლიდან მე-12 კლასი. ბოლო დროს არაერთხელ გავრცელდა ხმა 12-წლიანი სწავლების გაუქმებასთან დაკავშირებით და ფაქტია, რომ დღემდე არ დადასტურებულა. პედაგოგები, რომლებიც უფროსკლასელებს და აბიტურიენტებს ამზადებენ, აღნიშნავენ, რომ თითქმის ყოველ წელს ვრცელდება ეს ხმები.
მათი თქმით, შარშანაც, შარშანწინაც იყო მშობლებში ამ თემაზე მღელვარება. წარმოიდგინეთ, მომავალი აბიტურიენტის მშობლისთვის ეს რამხელა ცვლილებაა, გამოდის, რომ ერთი წლით უნდა დააჩქაროს მომზადება, რაც დიდ ფინანსურ მობილილიზაციას მოითხოვს. მასწავლებლების ვარაუდით, ამ ხმების გავრცელება იმის ბრალია, რომ დღემდე ვერ შეეგუვნენ ამ კლასის არსებობას და იმდენად ეზედმეტებათ, თავადვე აჩენენ ეჭვებს მისი გაუქმების თაობაზე.
mshoblebi.ge ამჯერადაც დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მე-12 კლასის გაუქმება არ იგეგმება. ეს საკითხი განხილვის თემაც არ არის.
როგორ და რატომ დაემატა მე-12 კლასი საჯარო სკოლებში
თავის დროზე განათლების სიტემაში მიმდინარე რეფორმამ ჩვენს საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. განსაკუთრებით ეს სკოლებში თორმეტწლიანი სწავლების შემოღებას შეეხო. მშობლებისა და მოსწავლეების უმრავლესობა ამ ერთ წელიწადს დაკარგულად მიიჩნევდა. მათი არგუმენტით, მოსწავლე ბოლო კლასში ისედაც დატვირთულია, ემზადება საატესტატო თუ მისაღები გამოცდებისთვის და მეთორმეტე კლასში უნდა დაკარგოს დრო ისეთ სასწავლო მასალაზე, რომელიც მას გამოცდებზე გასასვლელად არ სჭირდება...
აბა, რატომ გახდა აუცილებელი 12-წლიანი სწავლების შემოღება ქართულ სკოლებში?საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხი ასეთი გახლდათ:
მე-12 კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო ხარისხიანი (ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებული, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის განმტკიცებაზე ორიენტირებული) განათლების სისტემისკენ. საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლესებში. იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12-წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ.
მაგალითად, გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად მინიმუმ, ერთი წლის სწავლა იყო სკოლის შემდეგ სავალდებულო. საქართველოში თორმეტწლიანი სწავლების შემოღებით ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულია და ჩვენს სკოლადამთავრებულებს ეს ხელოვნური ბარიერი აღარ ხვდებათ საკუთარი აკადემიური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად. მიუხედავად სამინისტროს ჩამოყალიბებული პოზიციისა, ყოველ წელს მშობლები იმედით ელოდებიან და აქტუალობას არ კარგავს კითხვა, გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი.
რამდენ წელიწადს სწავლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში
რუსკა კილასონია