სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შერჩევისას მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეზოში შექმნილ გარემოს
მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერის ეპოქამ ბავშვების დიდი ნაწილი სახლში „ჩაკეტა“, ეზო ბავშვებისთვის მაინც რჩება გართობის და თამაშის საუკეთესო საშუალებად. შესაბამისად, ბავშვებზე მეტად მშობლები არიან დაინტერესებული იმით, რომ შვილებმა თამაშისთვის განკუთვნილი დრო ეზოში გაატარონ. მსგავს მოთხოვნას მშობლები განსაკუთრებით საბავშვო ბაღების მიმართ იჩენენ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ეზოში შექმნილ გარემოს ანიჭებენ. კეთილმოწყობილი და ბავშვისთვის შესაფერისი გარემოს შექმნით დიდად ვერც საჯარო ბაღები დაიკვეხნიან და ვერც კერძონი.
რედაქციაში ხშირად მოუმართავთ მშობლებს ჩივილით, რომ სათანადო ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ ამ თემისადმი. გთავაზობთ ერთ-ერთი მშობლის წერილს:
„ჩემი სამი წლის ნიკო ბაღში მივიყვანე. კონკრეტულ ბაღზე იმიტომ გავამხვილე ყურადღება, რომ ეზო ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეზოში ბავშვებისთვის გასართობი საშუალებები არაფერი იყო, ადმინისტრაციამ დაგვარწმუნა, სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში ეზოს მოწყობაზე იზრუნებდა, ბავშვებს სათამაშოდ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს შეუქმნიდა.
ერთ დღესაც, როცა ნიკოს ბაღში მივაკითხე, თვალთან ნაკაწრი შევნიშნე. აღმზრდელმა მითხრა, რომ ბავშვმა ვარდის ეკალზე გაიკაწრა სახე. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა დამემართა. რა მოკლე ჭკუის უნდა იყო, რომ ბავშვებით სავსე დაწესებულების, ბაღის ეზოში ვარდები დარგო. რომ წარმოვიდგინე, რა შეიძლება მომხდარიყო, გავცეცხლდი და დირექტორს შევუვარდი - მან კი დანაშაულის აღიარების ნაცვლად აქეთ დამიწყო ჭკუის დარიგება, რომ ასეთი რამე საკუთარი სახლის ეზოშიც კი შეიძლება დაემართოს ბავშვს. მაინტერესებს, არ არსებობს რაიმე სტანდარტი, რომ ბაღებში ბავშვისთვის საშიში გარემო არ შეიქმნას? გთხოვთ, გამოაქვეყნოთ და მიაწვდინოთ ხმა ყველას, ვისაც ამ პრობლემების მოგვარება შეუძლია“.
ნინო, 31 წლის, თბილისი.
იყო შემთხვევა, როცა ბავშვი აიწონა-დაიწონადან ჩამოვარდა იმიტომ, რომ არც სკამი ჰქონდა მოხერხებული და არც ხელის მოსაკიდი, თანაც ძალიან დიდ სიმაღლეზე ადიოდა, ან ფილებია ეზოში ამოყრილი და ბავშვები წარა-მარა იქცევიან, ან კედლებზე ნახატები ჭიკარტით არის გაკრული და ნებისმიერ დროს შეიძლება ის ბავშვის ხელში აღმოჩნდეს... ერთი სიტყვით, თემა საკმაოდ საინტერესო და აქტუალუარია...
თუ მსოფლიო დონის სპეციალისტებს დავეკითხებით, საბავშვო ბაღის ეზოში აუცილებლად უნდა იყოს ცოცვისათვის განკუთვნლი მოწყობილობები, ქვიშის სათავსო, ყვავილები, მცენარეები და ხეები. გარდა ამისა, დაწესებულებების თანამშრომლებმა არა მხოლოდ შენობის სისუფთავეზე უნდა იზრუნონ, არამედ ეზოს სისუფთავეზეც. მათი განმარტებით, ბავშვის ისეთ ბაღში ტარება ნამდვილად არ ღირს, რომლის ეზოც არ სუფთავდება, არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები და სადაც მარტივად შეუძლიათ მაწანწალა ძაღლებს შეღწევა.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ჯერ კიდევ არ არსებობს კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილდებს საბავშვო ბაღის ეზო.
როგორც mshoblebi.ge-ს თბილისის ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ამ დროისთვის უწყება ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით ხელმძღვანელობს.
აი, რა წერია ამ რეკომენდაციაში:
„საბავშვო ბაგა-ბაღები საჭიროა განლაგდეს მიკრორაიონის განცალკევებულ მიწის ნაკვეთზე, მაგისტრალური ქუჩების, კომუნალური და სამრეწველო საწარმოებიდან მოშორებით. მიწის ნაკვეთებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ჯგუფური მოედნები, საერთო სპორტული მოედანი, საერთო ფიზკულტურული მოედანი, ბოსტანი, სამეურნეო ფართობი, გამწვანება. საბავშვო მოედნები მოხერხებულად უნდა უკავშირდებოდეს შენობის შესასვლელს. ჯგუფური მოედნები უნდა იყოს როგორც ღია, ასევე გადახურული.
ჯგუფურ მოედნებს უნდა ჰქონდეს ბაგის ასაკის ბავშვებისათვის ბალახის საფარი; სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის – დატკეპნილი ნიადაგი.
მოედნის მოწყობილობა უნდა ითვალისწინებდეს მოზარდის ასაკსა და სიმაღლეს, მყარად უნდა იყოს დამაგრებული. დამზადებული უნდა იყოს გლუვზედაპირიანი მაღალხარისხიანი მასალისაგან, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ტრავმას. ჯგუფური მოედნები შემოფარგლული უნდა იყოს ბუჩქნარით. მოედნის 50% მაინც უნდა იყოს გამწვანებული და იცავდეს მოედანს ზედმეტი სიცხისაგან. შენობიდან 10 მ-ის მანძილზე უნდა დაირგოს ხეები, ხოლო ბუჩქნარი – 5 მ-ზე. გამწვანება ისე უნდა შეირჩეს, რომ მთელი წლის განმავლობაში იყოს სიმწვანე. არ შეიძლება გასამწვანებლად მომწამლავი ნაყოფის მქონე მცენარეების გამოყენება და ეკლიანი მცენარეები“, - ეს ამონარიდია იმ კრიტერიუმებიდან, რომელიც რეკომენდაციაშია ასახული. სამწუხაროდ, სავალდებულო კანონის ძალა მას არ აქვს, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა.
ეტყობა კიდეც ჩვენს ბაღებს, თუმცა, ბოლო დროს რამდენიმე საჯარო ბაღი აშენდა, რომელიც აშკარად გაუმჯობესებულია ძველი ანალოგებისგან. ამ ბაღების შესახებ ინფორმაციასაც მოკლე ხანში აუცილებლად მოგაწვდით და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ყველა ბაღი - საჯარო თუ კერძო, ისეთი იქნება, რომ იქ ბავშვმა ბედნიერი დღეები გაატაროს.
რუსკა კილასონია