”როგორ უნდა იყოს 50-60 ბავშვი გამოკეტილი ერთ ჯგუფში, ორ პედაგოგთან?” - პრობლემა, რომელმაც უამრავი მშობელი აღაშფოთა "ორი დღეა საჯარო ბაღში წავიყვანე ჩემი სამწლინახევრის შვილი და ორი დღეა გულდამძიმებული, აღშფოთებული და გაბრაზებული დავდივარ. თვალწინ ერთ ოთახში შეყრილი აუმრავი ბავშვი და სრულიად გადარეული აღმზრდელი მიდგას, რომელმაც არ იცის, რა მოუხერხოს 40-50 ატირებულ ბავშვს და როგორ დაამშვიდოს ისინი. საერთოდაც, სამომავლოდ როგორ უნდა გაუმკლავდეს ერთი აღმზრდელი ერთ ძიძასთან ერთად 60 ბავშვს? დიახ, სწორედ ამდენი ბავშვი ირიცხება ერთ ჯგუფში. აუცილებლად ვთვლი, ხმა მივაწვდინო სათანადო სტრუქტურებს და საერთოდ, ხელისუფლებას.
ძალიან მაინტერესებს, ოდესმე თუ დადგება დრო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება წრფელად, მთელი შეგნებით დაინტერესდება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტით - ბავშვებით.
რითი ისუნთქებენ, სად ითამაშებენ და საერთოდ, სად იცხოვრებენ ისინი, ეს რომ არ აინტერესებთ, ვიცით, ალბათ, სასწავლო დაწესებულებებიც მათ რიცხვშია და სცილდება პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა ინტერესების სფეროს. ფაქტია, რომ თუ სარეალიზაციოდ ხელსაყრელი არ არის, ისეთი მშენებლობა ხელისუფლებისთვის უინტერესოა. რა იქნება ამდენი უკანონო მშენებლობის ნაცვლად, რამდენიმე კანონიერი, კეთილმოწყობილი ბაღი აშენდეს ჩვენს ქალაქში, რომ ბავშვებს ადეკვატური სივრცე ჰქონდეთ განვითარებისა და სწავლისთვის?! ეს ხომ ძალზე საშური და თანაც ნამდვილად სამომავლო საქმეა. ბაღი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვისო - 60 ბავშვში როგორ წარმოგიდენიათ რომელიმეს განვითარება? ეს ხომ წარმოუდგენელი დანაშაულია, როგორც ბავშვის, ასევე აღმზრდელის წინაშე.
ყველაზე მეტად ის მაფიქრებს და მაშფოთებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ სიბეცეს სრულიად უდანაშაულო ბავშვები ეწირებიან და ჯერ კიდევ ადამიანობაშენარჩუნებული, კეთილშობილი და ბავშვების მოყვარული აღმზრდელები, სულ მალე, ნერვებდაწყვეტილ მონსტრებად გადაიქცევიან, რომელთათვისაც ბავშვი რაოდენობა იქნება და არა მათი მზრუნველობის ობიექტი. აღარაფერს ვამბობ ამ პირობებში მყოფ პატარებზე, დიდების მოლოდინში, მზრუნველობას სწორედ ამ ადამიანებისგან რომ ელიან.
მაინტერესებს, როდის შეძლებს ამ ქვეყანაში ადამიანი ადამიანური სახის შენარჩუნებას და იზრუნებს თუ არა ამაზე სახელმწიფო?"
სოფიო, 40 წლის
ეს წერილი აქტიურმა მკითხველმა, მშობელმა მოგვწერა. მსგავსი შინაარსის წერილებით ძალიან ბევრი მშობელი გამოეხმაურა თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყებას. მათი პროტესტი და გაღიზიანება ჯგუფებში ბავშვთა მომატებულმა რაოდენობამ გამოიწვია - ბევრი მშობელი გვწერს, რომ მათი შვილების ჯგუფებში 50-ზე მეტიც კია ბავშვი, რომ ოთახში აღარ რჩება ადგილი არათუ ძილის, არამედ ელემენტარული აქტივობისთვის - მთელი სივრცე უკავია მაგიდებს და სკამებს ამ ძალიან ბევრი ბავშვის კვებისთვის და დანარჩენი დრო სად და როგორ უნდა გაატარონ, არავინ ამბობს... რომ ბევრგან ერთი ჯგუფის ორი ოთახი გაყვეს და ორ სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა ჯგუფია, თითოში მინიმუმ 45 ბავშვით, და ამ ორ უდიდეს ჯგუფს აქვს ერთი საერთო საპირფარეშო... რომ მასწავლებლები უკვე ისტერიკის ზღვარზე არიან, აღარაფერს ვამბობთ ამ პირობებში ბავშვების ნორმალურ მოვლასა და ყურადღებაზე...
თუ როგორ მოხდა ბავშვების რაოდენობის განსაზღვრა და როგორ შეიძლება ბაგა-ბაღებში არსებული სიტუაციის მართვა და გამოსწორება, ამასთან დაკავშირებით თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით.
ნინო გულბათაშვილი, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი:
- როგორ მოხვდა ბაღებში ამდენი ბავშვი?
- წინა წლების გამოცდილება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ პირველი თვის შემდეგ ბავშვების დასწრება 70%-ს არ აჭარბებს. პირველი დღეებია ძალიან დატვირთული, რადგან ყველას მოჰყავს ბავშვი ბაღში. შემდეგ თანდათან იკლებს ბავშვების რაოდენობა. ამის გათვალისწინებით მოხდა დაშვება მაქსიმალური რაოდენობის, იმიტომ, რომ კანონით გათვალისწინებული ჯერ არ არის, რა რაოდენობის ბავშვის მიღება შეიძლება. კანონი არ არის სკოლამდელი განათლების შესახებ მიღებული, რომელიც სავალდებულოს გახდის რაღაც რაოდენობის შეზღუდვას.
სათათბიროების მეშვეობით ხდება ბავშვების რაოდენობის დამატება, საყოველთაო რეგისტრაციის შემდეგ. ვთქვათ, რეგისტრაციის დროს ირიცხება 35 ბავშვი, მერე შედის სარეზერვო სიებში განცხადებები და თითოეული ბაღი განიხილავს განცხადებებს და ადმინისტრაცია საკუთარი ბაღის რესურსების გათვალისწინებით ამატებს ბავშვების რაოდენობას. ეს ხდება იმ პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე, რომელმაც გვაჩვენა, რომ ჩარიცხული ბავშვების რაოდენობა რაღაც პერიოდის მერე ბაღს ტოვებს.
- თუ ბავშვების ის რაოდენობა დარჩა ბაღებში, რაც ამ მდგომარეობით არის დაფიქსირებული, რა შეიძლება გააკეთოს ბაღების მართვის სააგენტომ ?
- სააგენტო კონკრეტულ ღონისძიებებს ამ მხრივ ვერ გაატარებს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჯგუფია ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ ისევ და ისევ გასული წლების სტატისტიკით ვხელმძღვანელობთ და ვფიქრობთ, რომ მეორე თვიდან ბაღებში ბავშვების რაოდენობა შემცირდება, რაც წინა წლების პრაქტიკულმა გამოცდილებამ გვაჩვენა.
- პრობლემის მოსაგვარებლად თუ აპირებთ ადმინისტრაციული რესურსის დამატებას?
- გამოსავალი ამ სიტუაციაში შესაძლოა იყოს პერსონალის დამატება, მაგრამ პერსონალს როგორ დავამატებთ, თუ ბიუჯეტი არ გაქვს. ეს არის იდეა, რომელიც უნდა მომზადდეს პროექტად და უნდა მოხდეს მისი განხილვა, რაც ერთი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება.
უნდა ავღნიშნოთ, რომ წინა წლებთან შედარებით, ამ მხრივ წელს ნაკლებ ქაოსური სიტუაცია გვაქვს, რადგან 5 ახალი ბაღის გახსნამ შვება მოგვცა. თუმცა, რაც სწავლის პროცესში ყველაზე მეტად ხელს გვიშლის, ეს არის მშობლების მეტისმეტი ჩართულობა და ემოციურობა, რომელიც ხელის შემშლელია, როგორც ბავშვისთვის, ასევე ბაღის ადმინისტრაციისთვის, ფაქტობრივად, მათი ქმედებით ხელი ეშლება მასწავლებლის საქმიანობას.
- რომ გვითხრათ, რეალურად რამდენი ბავშვის მიღების საშუალებას გაძლევთ სასწავლო პროცესისთვის გამოყოფილი ოთახის ფართი? - მშობლები ამბობენ, რომ ოთახებიდან აალაგეს საძინებლები და რომ ბაღებში მოსული რაოდენობის ბავშვებისთვის არასაკმარისი რესურსია, რა შეფასებას გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?
- გააჩნია ოთახის ზომას. მაგალითად, ახალ ბაღებში პატარა ჯგუფებია, შედარებით, რადგან შენობის არქიტექტურაც განსხვავევუბულია. ყველა ბაღში ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახის მიხედვით ხდება ბავშვების რაოდენობის განსაზღვრა. რაც შეეხება საძინებლების თემას, ბაგის ჯგუფები საძინებლების გარეშე ვერ იქნება და იქ არც არავინ აალაგებდა, 3,4, 5-წლიან ჯგუფებში მოხდებოდა საძინებლების ალაგება, რადგან ბავშვების როდენობა ბევრია და სივრცე არ იქნებოდა საკმარისი.
- რადგან ბავშვების რაოდენობა ბევრია, რამდენი ადამიანია ჯგუფში ბავშვებზე პასუხისმგებელი ?
- ჯგუფში ბავშვებზე ამ დროისთვის ორი ადამიანია პასუხისმგებელი - მასწავლებელი და დამხმარე. ყველანაირად ვცდილობთ არსებულ მდგომარეობას გავუმკლავდეთ.
რუსკა კილასონია