"ბაღის პირველმა დღემ მე უფრო დამსტრესა, ვიდრე ჩემი შვილი..." ჯერ სულ რამდენიმე დღეა, რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო და უკვე სერიოზული უკმაყოფილება ისმის ბაღების მართვის სააგენტოს მიმართ. მიზეზები იმდენად შემაშფოთებელია, გულგრილს ვერც ერთ დედას ვერ დატოვებს.
იმის ნაცვლად, რომ ახალი ბაღების აშენებისა და არსებულ საბავშვო ბაღებში დამატებითი ჯგუფების გახსნის შემდეგ, ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობა შემცირებულიყო, პირიქით - გაიზარდა..თუ შარშან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, 45 ბავშვზე მეტი ერთ ჯგუფში არ იყო, წელს ზედა ზღვარმა 50-ს გადააჭარბა და 60-ს მოუახლოვდა. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა პატარა ფართის მქონე ჯგუფებში, სადაც უბრალოდ სუნთქვაც კი ჭირს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ასეთ მრავალრიცხოვან ჯგუფებში სეზონური ვირუსების შემოტევის დროს.
სოციალური ქსელი ამ საკითხის განხილვით აჭრელებულია. ჩვენც შემოგთავაზეთ ამ თემაზე სტატია და ბაღების სააგენტოს პასუხიც (იხილეთ სტატია). თუმცა უკმაყოფილება არ ცხრება და მშობლებიც საჯარო განცხადებებს ავრცელებენ...
განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა დიზაინერ დეა სანაძის პოსტს, რომელმაც ბავშვი დიდი ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ პირველად მიიყვანა ბაღში... იქ არსებულმა ვითარებამ კი დედა უფრო დასტრესა თუ შვილი, ჯერ კიდევ გამოსარკვევია. გთავაზობთ დეას პოსტს უცვლელად:
"ბაღი!
ეროვნულ გამოცდებზე წუწუნის შემდეგ გადმოვდივარ ბაღის სტრუქტურაზე და ვხვდები, რომ ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდად არის. მშობლებო, ახლა გიგებთ! დავიწყოთ რეგისტრაციიდან, რაც მარათონს ჰგავს. თავი ბრძოლის ველზე მეგონა. 100 ადამიანს თუ არ დაურიგე პირადი მონაცემები, არ იყავი სოციალურად აქტიური, ან არ გქონდა წვდომა ინტერნეტთან გამორიცხულია რომ შეძლო ბავშვის ბაღში დარეგისტრირება. ამას ემატება ის გარემოება, რომ თითქმის ყველა ბაღში მისაღები ბავშვის მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი. 2-3 ადგილი, ან ადგილები არ არის. რეგისტრაციისას არ არის გათვალისწინებული საცხოვრებელი მისამართი. რეზერვში ჩაწერა კი ალბათ ილუზიაა.
რამდენიმე თვეა ვამზადებ ელისაბედს ბაღისათვის. ვიცი, რომ არ არის მარტივი გზა, ვკითხულობ სტატიებს, ფსიქოლოგიურ ნაშრომებს, ვეკითხები გამოცდილებს, ვეწერები ბავშვთა ფსიქოლოგთან. მოკლედ მაქსიმალურად ვცდილობ გავუადვილო ბაოს ადაპტაციის პერიოდი. წაკითხულისამებრ მინდა ჩახუტებით შევეგებო აღმზრდელს - დედა იცნობს, ენდობა ე.ი. სანდოას პრინციპით, მინდა გავიცნოთ ყველა ბავშვი, ცოტა ხნით დავრჩეთ ბაღის ტერიტორიაზე, ვითამაშოთ ერთად, ვიცი რომ არ ვტოვებ მარტო დიდი ხნით. ვიცი, რომ არ რჩება დიდი ხნით. და მილიონი პატარა დეტალი, რაც საერთო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია!
დღე I - ეიფორია, ჟრიამული - ხვალიდან ვიწყებთ!
რეალობა და დღე II - მივდივართ ბაღში. ორივეს გვიხარია. ვიცი, რომ ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს. შემოსასვლელ ოთახში რამოდენიმე მშობელი მხვდება, შეიმჩნევა დაძაბულობა, ოთახიდან კი საშინელი კივილის ხმები მესმის. რატომღაც კარი შიგნიდან! ჩაკეტილია. მშობელი მეუბნება "არ გვიშვებენ" ვაკაკუნებ, აღმზრდელის დამხმარე გაწითლებული მიღებს კარს.
"ა, მოხვედით?" - მიღიმის. ბაოს უღიმის, ხელს კიდებს, შიგნით შეყავს, კარებს მიხურავს ცხვირწინ, კარებს კეტავს შიგნიდან გასაღებით, კარიდან არაფერი არ ჩანს.
ელისაბედზე ძალიან მე დავისტრესე. ვიდექი გაშეშებული. საერთოდ ვერ გავაანალიზე რა მოხდა. რატომ ვიდექი დახურულ, შიგნიდან ჩაკეტილ კარის მიღმა. ეს ყველაფერი იმაზე გაცილებით სხვა იყო, ვიდრე მე მქონდა წარმოდგენილი, წაკითხული. ან თუნდაც როგორც უნდა ყოფილიყო! ვერ მოვასწარი ბაოსთვის რაიმეს ახსნა, არ ვიცოდი შიგნით ტიროდა თუ არა. მეგონა იატაკზე ერთად ვითამაშებდით სხვა ბავშვებთან ერთად, მეგონა არასდროს დავტოვებდი, თუ ის იტირებდა, მეგონა ყველა მშობელი იდგებოდა ბავშვის დაწყნარებამდე.
რა თქმა უნდა, გონზე მოსვლისთანავე დავუბრახუნე და ლოდინის შემდეგ გამიღეს კარი. შევედი ვზივარ ბაოსთან ერთად. ცოტა ხანში დამხმარე მთხოვს, რომ დავტოვო ოთახი რადგან ყველა ბავშვს მოუნდება მშობელთან ყოფნა (ვერ ვხვდები, რა არის ამაში გასაკვირი, ან რატომ არ უნდა შემოვიდეს მშობელი).
ვუხსნი აღმზრდელს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ შეიძლება, რომ ეს ბავშვს სტრესავს, აისახება მის ფსიქოლოგიაზე და სამომავლო ცხოვრებაზეც კი. უმეტესობა ბავშვმა ალბათ არც იცის სად არის, ხედავს რომ დატოვეს მტირალა ბავშვების ოთახში,შიგნიდან ჩაკეტეს, მშობელი კი წავიდა და დარჩა უცხო ადამიანთან ერთად. როგორ ფიქრობ რას გრძნობენ პატარები?
სამწუხაროდ მსგავსი დამოკიდებულება ქონდა ბევრ მშობელს, ბებიას. როცა ვუხსენე ბავშვთა ფსიქოლოგია, ევროპული აღზრდა მგონი სიცილადაც არ ეყოთ. პასუხად იყო "ჩვენ ევროპაში არ ვართ", ანუ ყველაფერი მოსულაო?!
"ყველანი ასე ვტიროდით", "მიეჩვევა, აბა რას იზამს"... ჩემ თვალწინ რამდენიმე ბავშვი შეათრიეს ისტერიკით უშუალოდ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბევრის მშობელი უბრალოდ იქაც კი არ იმყოფებოდა ბაღის პირველ დღეს!!!
ვიცი, რომ ტირილის გარეშე არ გამოვა. უბრალოდ ის, რაც მე ვნახე, იყო სრული შოკი. გული იმაზე მწყდება, რომ ბევრისთვის ბაღში მისვლა ზერელე ფაქტია, სერიოზულად ვერ აღიქვავენ რამდენად მნიშვნელოვანი ეტაპია. ბევრს ხომ დღესაც ახსოვს ეს მძიმე დღეები, ბევრი თქვენგანი დაუტოვებიათ მარტო, ბევრს ალბათ ის ტანსაცმელიც კი ახსოვს, თუ რა ეცვა მშობელს, როდესაც დატოვა და წავიდა.
დღეს ვხვდები, რომ საჯარო ბაღების უმეტესობაში აღმზრდელებს არანაირი ტრენინგი არ აქვთ გავლილი. დარწმუნებული ვარ, ოდნავ მაინც არ ემთხვევა მათი აღზრდა რეალური აღზრდის სტანდარტებს. სამწუხაროა, რომ იქ, სადაც ადამიანად ჩამოყალიბება ხდება, ვხვდებით მსგავს დამახინჯებულ მიდგომებს. დღეს ვხვდები, რომ ბაღის პირველმა დღემ მე უფრო დამსტრესა, ვიდრე ჩემი შვილი. რომ ბაღის პირველი დღე თუ ასეთია, უარესი იქნება სხვა დღეები... რომ არავის აინტერესებს ფსიქოლოგია, საღი აზრი, რომ ურჩევნია აღმზრდელს 1 კვირა სადისტურად მოიქცეს, ვიდრე 1 თვე გაიწელოს მისი დისკომფორტი, ვხვდები, რომ იგივე ხდება ყველა სხვა სტრუქტურაში, რომ აღმზრდელიც და დირექტორის ერთ აზრზე არიან.
გარდა ამ პრობლებისა... ჯგუფში, სადაც 1 მომცრო ოთახია, არის 45 ბავშვი. გვხვდება ბაღები, სადაც 60-65 ბავშვია და 1, ან 2 დამხმარე. არის ბაღები, სადაც საწოლები ბავშვებზე ნაკლებია და პატარებს მორიგეობით, ან სულაც იატაკზე ძილი უწევთ, არის ბაღები, სადაც ბავშვს "ოდნავ ტაკოზე მოცხობენ" და რატომღაც ამ ფაქტს ვიდეო ვერ აფიქსირებს გამორთული მდგომარეობის გამო, ბაღებში გოგონების და ბიჭების სათამაშოები ცალ-ცალკე ალაგია, არის ბაღები, სადაც გოგონები აცხობენ საჭმელს, ბიჭები კი ვითომ ქეიფობენ... მოკლედ არის ბაღები, სადაც ამაზე 100-ჯერ და 200-ჯერ უარესი სიტუაცია ხდება.
გამოსავალი არ არის კერძო ბაღი!!! გამოსავალია შეცვლა!!!
როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები? ან რა შეცვლის ამ მახინჯ სტრუქტურას?!"
ციცი ომანიძე