"ჩემთვის პირველ რიგში კანონი დგას პირად აზრზე უფრო მაღლა" - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი
"გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც საშუალება გააჩნიათ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ!"- საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებულმა ამ ინიციატივამ ბევრ მშობელს გაუჩინა საფიქრალი (იხილეთ პრემიერის განცხადება). მათ აინტერესებთ, რამდენი იქნება გადასახადი? რა კრიტერიუმები შეირჩევა ოჯახები, რომლებსაც მოუწევთ თანხის გადახდა და რაც ყველაზე მთავარია, როდიდან გახდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მშობელთა გარკვეული კატეგორიისთვის ფასიანი ?
სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით მიმართა mshoblebi.ge-მ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს, რომლის უწყებასაც დაევალება პრემიერის იდეის საკანონმდებლო დონეზე დამტკიცების შემდეგ მისი აღსრულება.
- თქვენი, როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია, როგორია პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით?
- მინდა გითხრათ, პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის იდეა და განხილვის პროცესშია. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, თუ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, ჩვენ დავექვემდებარებით ამ გადაწყვეტილებას და აღვასრულებთ.
- თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული იქნება ეს გადაწყვეტილება?
- ჩემს პირად აზრს თუ მეკითხებით, ჩემი პირადი აზრი არსებითი არ არის. ჩემთვის პირველ რიგში კანონი დგას პირად აზრზე უფრო მაღლა.
- სანამ იდეა გაჟღერდებოდა, ხომ არ ყოფილა კონსულტაციები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ამ საკითხთან დაკავშირებით ?
- ჩვენც პირველად გუშინ მოვისმინეთ ეს იდეა პრემიერისგან.
- სავარაუდოდ რა თანხის გადახდა მოუწევთ მშობლებს, იმ შემთხვევაში, თუ ბაღი ფასიანი გახდა? რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან მშობლები, რომელთა შვილებისთვისაც ბაღი იქნება უფასო ?
- ვერ გეტყვით. კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის იდეა, რომელიც არის განხილვის პროცესში.
რუსკა კილასონია