"იძულებული გავხდი, მეპოვა ძიძა, რომელიც სახლში დადის და ვიდრე მე სამსახურში ვარ, ბავშვს უვლის" საჯარო საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს წელს ხანგრძლივი არდადეგები აქვთ, შობა-ახალი წლის პერიოდთან დაკავშირებით სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 22 დეკემბერს შეწყდა და იანვრის შუა რიცხვებში განახლდება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ არდადეგების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელებმა, დაახლოებით 4 თვის წინ მიიღეს.
AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, რომ ხანგრძლივი დასვენების მიზეზი მათთვის უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქმის 20-დღიანი არდადეგები კვების ტენდერთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ განაპირობა, სიმართლეს არ შეესაბამება.
რა თანხის გადახდა მოუწევთ მშობლებს, თუ ბაღი ფასიანი გახდება?
გასულ წლებში დეკემბერ-იანვარში სააღმზრდელო პროცესი, დაახლოებით, 12 დღით წყდებოდა.
საბავშვო ბაღების ხანგრძლივმა არდადეგებმა ბევრ დასაქმებულ მშობელს შეუქმნა პრობლემა. სად წაიყვანონ ბავშვი, ვიდრე მათი სამუშაო დღე დასრულდება, მშობლების დიდი ნაწილისთვის დილემად იქცა.
ერთ-ერთი გამოსავალი ბავშვის დროებით კერძო ბაღში გადაყვანაა, სადაც სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ 2-3 დღით წყდება. თუმცა, მშობლების ნაწილისთვის კერძო ბაღში თანხის გადახდა მარტივი არ არის, ამასთან, ბევრ ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს სიტუაციის ცვლილებაც.