"ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა მას რძის პროდუქტის ეტიკეტი არ აქვს"
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს.
როგორც ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პროდუქტი მოთავსებული იყო ერთჯერად პაკეტში, რომელიც ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა მას რძის პროდუქტის ეტიკეტი არ აქვს.
"ჩვენს მიერ პერიოდაულად ხორციელდება საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის შემოწმება. ამას ახორციელებს ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც გუშინ რამდენიმე ბაღში აღმოაჩინა სხვა პროდუქტის ეტიკეტით შეფუთული რძის პროდუქტი. აღნიშნულის გამო, გუშინვე მოხდა ამ კომპანიისთვის მითითება, რომ გამოსწორებულიყო ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც კომპანიიდან მივიღეთ პასუხი, რომ პროდუქტის შეფუთვა სრულად ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა, კომპანია აცხადებს, რომ ამოწურული იყო რძისთვის საჭირო შესაფუთი მასალა. გაკეთებულია შეკვეთა იტალიურ კომპანიასთან და უახლოეს პერიოდში მოხდება ხარვეზის გამოსწორება. მერია და ბაღების მართვის სააგენტო ორიენტირებულია ბაღებისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და ჩვენს მიერ მოხდება ყველა მცირე ხარვეზის გამოსწორებაზეც კი რეაგირება. არანაირ გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით. იქნება ადეკვატური რეაგირება,"- განაცხადა
"ინტერპრესნიუსი"