მშობლების პრეტენზიები და თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი
15 იანვრიდან თბილისის საჯარო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა და მშობლების დიდმა ნაწილმა უმალვე გამოხატა უკმაყოფილება კვების რაციონის ცვლილებასთან დაკავშირებით. მშობლების მიერ ატეხილი აჟიოტაჟის განმუხტვის მიზნით, პროცესში თავად თბილისის მერი კახა კალაძეც ჩაერთო. იგი გაუფრთხილებლად მივიდა თბილისის 95-ე ბაგა-ბაღში, რათა ბავშვების კვების რაციონთან დაკავშირებით აგორებული ხმებისთვის გაეცა პასუხი (კახა კალაძის ჩართვა საბავშვო ბაღიდან - "მშობლებო, თქვენი შვილები ჯანსაღად იკვებებიან").
მიუხედავად არაერთი განმარტებისა, დღემდე გრძელდება მშობლების მხრიდან პრეტენზიები ბაღებში კვების რაციონის შეცვლასთან დაკავშირებით. ზოგიერთი იმასაც უსვამს ხაზს, რომ თითოეული ბავშვისთვის სასურველი მენიუს შედგენა შეუძლებელია:
"მშიერი მოდის ბავშვი, მჭადი რა პატარის საჭმელია, თუ ბავშვი კვერცხზე ალერგიულია, დილას მშიერი უნდა დარჩეს? შემცირებულია და თან როგორ, ტირილამდე მშიერი იყო, ორშაბათს რომ წამოვიყვანე".
„ჩვენთან არც შაქარს ყრიან და არც მარილს საკვებში, ულუფებიც შემცირებულია“.
"პური ამოსაღები კი არის. არ არის საჭირო, ყველა კვებაზე პური მიირთვას ბავშვმა, საუზმეზე, ვახშამზე სავსებით საკმარისია".
"დავიჯერო, სახლში ნაირნაირებს ჭამენ ჩვენი შვილები?"
"ჰერკულესის ფაფა და პური მაგრა მიდის ერთმანეთთან... ანუ თუ ფაფა არ ჭამა ბავშვმა, პურს შეჭამს და შიმშილს ხო მოიკლავს... ქათმის სალათი, ოლივიე... ასეთ რამეებს ბავშვების 80% არ ჭამს..."
"ბაღის კვებას ვერ დავაბრალებ, ჩემი შვილი რომ მშიერია, პრეტენიული მჭამელია, სახლის პირობებში კი მიჭირს მისი გამოკვება".
"ადრე რომ არჩევანი იყო, ახლა არანაირი არჩევანი არ აქვთ ბავშვებს. ჩემი შვილი სულ მშიერი მოდის".
"შოკი დამემართა დღეს, მასწავლებელმა გაფშიკინებული მჭადი რიმ მაჩვენა, რომელიც 2 წლის ბავშვებსაც აჯიჯგნინეს. იქამდე მიჰყავთ ყველაფერი, რომ ბაღი გახადონ ფასიანი. ესაა ალბათ მიზანი".
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და ნახეთ ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი
{{ArticleSplitCont}}
ასევე ანონიმურად გაგვესაუბრა ერთ-ერთი ბაღის მასწავლებელი:
- როგორ არ არის შემცირებული. ბავშვებს პურის ნაჭრებს შუაზე ვუყოფთ და საჭმელის რაოდენობაც შეზღუდულია და ისეთი მრავალფეროვანიც აღარაა. საკმაოდ შეგვიმცირეს მენიუ და ჩვენც ვხვდებით, რომ ზოგიერთ ბავშვს არ ჰყოფნის. ადრე თუ ირჩევდნენ, დილით ფაფა ეჭამათ თუ კარაქიანი პური, მაგალითად, ახლა არჩევანი არ აქვთ.
იმის გასარკვევად, თუ რა შეიცვალა კვების რაციონში და რამდენად საფუძვლიანია მშობლების პრეტენზიები, mshoblebi.ge თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა.
- მშობლების ინფორმაციით, ულუფების რაოდენობა შემცირდა, რას გვეტყვით ამის შესახებ?
- საბავშვო ბაღების მენიუში ულუფები არ შემცირებულა, გრამაჟი იგივეა, შემცირდა მხოლოდ კალორიულობა 1581-დან 1292-მდე და ეს შემცირება მოხდა შაქრის, ცხიმის, ნახშირწყლების, ცომეულის შემცირების ხარჯზე. კვების რაციონში მომატებულია ცილოვანი პროდუქტები, ყველი, ხორცი, რძის პროდუქტები.
- აღნიშნავენ, რომ ძველი მენიუ უფრო მრავალფეროვანი იყო, რა შეიცვალა კვების რაციონში?
- მენიუ ახლაც ნამდვილად მრავალფეროვანია. ამოღებულია ფუნთუშები, ხილის წვენი და კაკაო. შავი ჩაი ჩანაცვლდა ხილის ჩაით. მრავალფეროვნების პრინციპი დაცულია. ფაფები და წვნიანი კერძები არ მეორდება. სადილზე ბავშვებს აქვთ ძირითადი კერძი - წვნიანი და მეორე კერძი გარნირით. კვირაში სამჯერ მენიუში არის საქონლის ხორცით მომზადებული საკვები, 1-ჯერ - ქათმის ხორცით და 2-ჯერ - თევზით. ხორცპროდუქტები არის ნედლი, არაგაყინულ მდგომარეობაში. შაქრის დღიური ნორმა ბავშვისთვის არის 20 გრამი, მარილის კი - 1 გრამი.
- მშობლების ნაწილი აპროტესტებს კიტრის და პომიდვრის მენიუში ჩასმას, არ მოსწონთ ოლივიეს სალათი, რადგან თვლიან, რომ არაჯანსაღია. როგორია სააგენტოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ?
- რაც შეეხება აჟიოტაჟს ოლივიეს სალათის შესახებ, "ოლივიე" მზადდება მოხარშული ბოსტნეულით და შეზავებულია არაჟნით ან ზეთით. კიტრისა და პომიდვრის სალათი კი შედის მხოლოდ საზაფხულო ბაღების მენიუში, რაც ადრეც იყო და ეს სიახლე ნამდვილად არ გახლავთ.
რუსკა კილასონია