" სახელმწიფო ბაღებშში უფრო არის კონტროლი კვებაზე, ვიდრე კერძოებში. 4 ბაღი გამოვიცვალეთ უკვე"
საბავშვო ბაღების კვების საკითხი მუდმივად აქტუალურია. მშობლებს უმეტესწილად პრეტენზიები საჯარო თუ კერძო დაწესებულების მიმართ სწორედ ამ მიმართულებით აქვთ. ამჯერად mshoblebi.ge კერძო ბაღებში კვების მხრივ არსებულ სიტუაციას ეხება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ერთ-ერთმა მშობელმა მოგვაწოდა.
"კერძო ბაღში დამყავდა ბავშვი. ერთ დღესაც სადილის დროს მივედი და ვხედავ, ჩემი ერთი წლის გოგონა მარგარინიან პურს ჭამს სხვა ბავშვებთან ერთად. ერთი დაჭრილი პური ედოთ მაგიდაზე და მარგარინი. არავითარი წვნიანი, ან წვენი, წყალიც კი არ ჰქონდათ. ამ ფაქტის შემდეგ ბავშვი ბაღიდან გამოვიყვანე. "დაჩა" ჰქონდათ და მარტო პური სადილად. ხალხს უამრავ ფულს ახდევინებენ და ასეთ საჭმელს აჭმევენ ბავშვებს. რომ ვკითხე, რატომ გაქვთ ეს საკვებად-თქო, მიპასუხეს, მარხავააო.
რომ ვიჩხუბე, დავდგები და კართან ყველა მშობელს ვეტყვი ამას-მეთქი, გეხვეწებით, არაფერი თქვათო. ამის გამო მენეჯერი გავუშვით ბაღიდანო და გამოსწორდა ყველაფერიო. ახლა კი ვნახე, რომ მომატყუეს. არავინ გაუშვიათ. შედედებული რძით უკეთებენ ბავშვებს ფაფებს თურმე და მაგაზე რომ ვუთხარი, ახლა ასეთი კვებაა ბაღებში, რძის ფხვნილს ჭამენო. ჩემი უფროსი შვილი 5 წლისაა და ყველაფერს მიყვებოდა.
ჩემი შვილები კი გამოვიყვანე ბაღიდან, მაგრამ გული მწყდება, რომ სხვა მშობლებმა არ იციან ამის შესახებ. ვინმეს რომ ცოდნოდა ასეთი სიტუაციის შესახებ და არ ეთქვათ, მეც გავბრაზდებოდი.
როდესაც ბაღის გვერდზე ვაქვეყნებდი ინფორმაციას, მიბლოკავდნენ. სახელმწიფო ბაღებშში უფრო არის კონტროლი კვებაზე, ვიდრე კერძოებში. 4 ბაღი გამოვიცვალეთ უკვე და ყველგან მსგავსი პრობლემა გვქონდა...
სხვა მხრივაც არის პრობლემები, მასწავლებლების მომზადების და კომპეტენციის მხრივ. იყო ასეთი შემთხვევაც, ერთ-ერთ ბაღში 5 წლის ბიჭმა მამაკაცის სასქესო ორგანო დაუხატა ჩემს გოგოს. ბავშვმა რომ მითხრა, გავაფრინე. მასწავლებელს, რომ ვუთხარი, წივილი დამიწყო, ბავშვის ფანტაზიის ნაწილია ეს ყველაფერი და იგონებსო. ჩემი შვილი კი ტიროდა, დედა, არ დაუჯერო, არ ვიტყუებიო, წავიდა და ნაგვის ურნიდან ამოიღო ნახატი. ასეთ დროს მასწავლებელს რა უნდა უქნა? ამ ბაღების გადამკიდე ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ სამსახურსაც შევეშვი, ბავშვებისთვის რომ გამომენახა დრო", - აღნიშნა მშობელმა ჩვენთან საუბრისას.
"ქათმის სალათი, ოლივიე... ასეთ რამეებს ბავშვების 80% არ ჭამს... ბავშვები მშივრები მოდიან"
იმის გასარკვევად, თუ ვინ ადგენს ზოგადად კერძო ბაღებში კვების რაციონს და როგორ და ვის მიერ რეგულირდება ეს საკითხი, ერთ- ერთი კერძო ბაღის ადმინისტრაციას დავუკავშირდით.
კერძო ბაგა-ბაღ "ბაიას" დირექტორი ნატო ჩარკვიანი:
- კერძო ბაღებში ჩვენ თვითონ ვზრუნავთ კვების რაციონის შედგენაზე. ამასთანავე სურსათის უვნებლობის სამსახური გვიმოწმებს საკვები პროდუქტების ვარგისიანობას, რამდენად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მზადდება აღსაზრდელებისთვის საჭმელი. მოულოდნელად, გაუფრთხილებლად მოდიან ბაღებში და ასე გვამოწმებენ. წელიწადში სამჯერაც შეიძლება შეგვამოწმონ.
- მე საჯარო ბაღში ვმუშაობდი 20 წელი და შემდეგ თვითონ გავხსენი კერძო ბაგა-ბაღი. ასე რომ, ჩვენ ვართ სპეციალისტები, ვიცით საქმე და როგორც საჯაროში ხდებოდა, ისე ვითვლით კალორაჟს. თუმცა ახლა ძალიან გაამკაცრეს საჯარო ბაღებში მარილთან და შაქართან მიმართებაში წესები, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ბავშვი შეჩვეულია ტკბილ ფაფას, თუ ისე ტკბილი ფაფა არ შევთავაზეთ, მშიერი დარჩება ფაქტობრივად. მე საშუალო ნორმები მაქვს ამოღებული, არც ძალიან ტკბილი უნდა იყოს და არც უგემური. ჩვენ მართალია, საჯარო ბაღების პრაქტიკით ვხელმძღვანელობთ, თუმცა ყველა კერძო ბაღი ამას ვერ გააკეთებს, თუ საქმეში ჩახედული არ არის.
როგორც ცნობილია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ისინი სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. შემოწმების პროცესი მიმდინარეობს სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებში, სადაც სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას ამოწმებენ.
"სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შემოწმების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. გაცემული რეკომენდაციების შედეგად საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მდგომარეობა გაუჯობესდა. მიმდინარე წელს კრიტიკული შეუსაბამობა არცერთი საბავშვო ბაღის კვების ბლოკში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კონტროლს, რომლის შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა (მათ შორის 253 - თბილისში). მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა. აღნიშნული ცნობის თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო ბაღებში კვების რაციონზე პასუხისმგებლობა თავად ადმინსტრაცაის ეკისრება, სურსათის ეროვნული სააგენტო კი, მხოლოდ რეკომენადციებს გასცემს სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობის, სურსათის შენახვის პირობების, რეალიზაციის ვადების, ტემპერატურულ რეჟიმის და იგი არ ერევა იმაში, თუ რით უნდა კვებონ კერძო ბაგა-ბაღებმა აღსაზრდელები.
რუსკა კილასონია