"ხილის ეკონომიას აკეთებენ და კომპოტად შემოიტანეს... რას ერჩიან ან ამ ბავშვებს, ამათ ხარჯზე აკეთებენ ეკონომიას?"
საბავშვო ბაღების კვების საკითხი კვლავ აქტუალურია. მშობლებს უმეტესწილად პრეტენზიები საჯარო თუ კერძო დაწესებულების მიმართ სწორედ ამ მიმართულებით აქვთ. ამჯერად მშობლები მენიუში მჭადის ნაცვლად ღომის დამატებას აპროტესტებენ და უჭირთ გაგება, რის საფუძველზე მოხდა ეს ცვლილება.
"დღეს ღომი ჭამე-თქო? - ჩემი 5 წლის ბიჭს ვკითხე. კიო, მითხრა, ოღონდ უცნაური ღომი იყო, სუპივით თხელი იყოო".
"კიდევ ხილის ეკონომიას აკეთებენ და კომპოტად შემოიტანეს, შაქარიც არ შეიძლებაო და პირდაპირ წყალი მიიტანეთ, გაცხელებაც არ უნდა".
"შარშან მართლა უკეთესი მენიუ იყო, იქნებ გამოსწორდეს... რას ერჩიან ან ამ ბავშვებს, ამათ ხარჯზე აკეთებენ ეკონომიას?"
"სიმინდის ფქვილის ფაფა ძალიან კარგია, საქმე ისაა, რამდენად კარგად მოხარშავენ. თუ ხარშვა დააკლეს, ბავშვებს კუჭები გაუუბედურდებათ. მე პირველად ჩემს 4 თვის პატარას სახლში მომზადებული სიმინდის ფაფა მივეცი გასტროენტეროლოგის რჩევით, მაგრამ ერთი საათი ვხარშავდი".
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებას არავითარი კავშირი არ ააქვს თანხების დაზოგვასთან.
"თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საბავშვო ბაგა-ბაღებში მოქმედ მენიუში გარკვეული კორექტირების შეტანის შესახებ.
აღსაზრდელების მშობელთა ინტენსიური მოთხოვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასევე ბაღების ადმინისტრაციების მოთხოვნის საფუძველზე, რაც ძირითადად ეხებოდა იმ ფაქტს, რომ 2018 წლის იანვრიდან შემოსულ ახალ მენიუში შეტანილი რამდენიმე კერძი არ აღმოჩნდა აღსაზრდელების უმეტესი ნაწილისათვის მისაღები, კალორიულობისა და დღიური ნორმების დაცვით, ასევე ინგრედიენტების შენარჩუნებით, განხორციელდა კორექტირება კვებით რაციონში. მუშაობა მიმდინარეობდა ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის ჩართულობით.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კორექტირების მიუხედავად, მენიუ სრულად შეესაბამება მთავრობის N487-ე დადგენილებას. უბრალოდ მოხდა ინგრედიენტების სხვაგვარი გადანაწილება", - ნათქვამია განცახდებაში.
რუსკა კილასონია