"ადგილზე მონიტორინგის სამსახურია გაგზავნილი ფაქტის შესასწავლად!" სოციალურ ქსელში ნესტან ბლუაშვილი უკიდურესად აღშფოთებული წერს, რომ გუშინ მისი სამი წლის დისშვილი სახედალურჯებული წამოიყვანეს გლდანის 190-ე ბაგა-ბაღიდან. მისი თქმით, ბავშვს თვალის ქვედა მხარე და ცხვირი აქვს დარტყმული და გადარჩენილია, რომ თვალი ან საფეთქელი არ დაარტყა...
"მასწავლებელმა გვითხრა, სკამს დაარტყა დილით თავიო და არ დაურეკავს. ჩვენ საღამოს გამოვიყვანეთ... ბავშვმა თქვა, მაგიდიდან ვხტებოდითო. (ბავშვები მაგიდებზე დახტიან და მასწავლებელი ალბათ ინტერნეტში იყო შემძვრალი)... კამერები მხოლოდ დერეფნებშია. ოთახებში არაა. ყველა საჯარო ბაღში არაადამიანურად ექცევიან ბავშვებს! ტუალეტში არ მიჰყავთ. ეუბნებიან რომ შარვალში მოისაქმონ, მერე მშობლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ბავშვმა ჩაისვარა და წაიყვანონ. ვისაც პამპერსი უკეთია, იმათაც უშლიან ბაღში კუჭში გასვლას ... ეს ამბავი გუშინ გავიგე. გაცოფებული ვარ! ასეთი არაადამიანები რატომ მუშაობენ ბავშვებთან?! ეს მთავრობა არაფრის მაქნისია, იქნებ, თავისუფალმა ჟურნალისტებმა აიღონ ეს თემა და აიძულონ პოლიტიკანა დირექტორები, ოთახებში დადგან კამერები. და მერე ადვილად გაკონტროლდება სიტუაცია.
ქართველებივით ბავშვების მოძულე ხალხი სხვა არ მეგულება! " - წერს ნესტან ბლუაშვილი... მის პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
აღნიშნული ფაქტის შესახებ განმარტებისთვის ბაღების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს - ნინო გულბათაშვილს დავუკავშირდით...
- კამერები ზოგან არის, ზოგან არა და ახლა მიმდინარეობს სრული აღჭურვა... რაც შეეხება ფაქტს, ჩვენი წარმომადგენელი უკვე დაუკავშირდა ქალბატონ ნესტანს და ადგილზე მონიტორინგის სამსახურია გაგზავნილი ფაქტის შესასწავლად!
მანანა გაბრიჭიძე