"სააგენტო შეეცადა მეტი კომფორტი შეექმნა მშობლებისათვის"
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიის ყველა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეც განთავდა.
რეგისტრაციის თარიღთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც აღმოჩნდა, მშობლების ნაწილისთვის მოულოდნელი იყო რეგისტრაციის ივნისში დაწყება, რადგან შარშან ეს პროცესი ივლისის პირველ ნახევარში დაიწყო.
თუ რატომ გადაწყდა წელს ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დაწყება ივნისში, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვპასუხობენ:
- სააგენტო შეეცადა მეტი კომფორტი შეექმნა მშობლებისათვის და რამდენიმე კვირით ადრე ჩაეტარებინა რეგისტრაცია, რადგან ივლისის თვეში მოქალაქეების უმეტესი ნაწილი ქალაქიდან გასულია.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 22 ივნისს, 12:00 საათზე და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს არ მიეკუთვნება.
რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება.
პირველ ეტაპზე, დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები), ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
რუსკა კილასონია