ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ბავშვებს ძალიან უჭირთ საბავშვო ბაღში ბავშვის შეყვანა მშობლისთვისაც ისეთივე ემოციური საკითხია, როგორც პატარასთვის. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ბავშვებს ძალიან უჭირთ, მეტიც ზოგიერთი მათგანი საერთოდ ვერ ეგუება ახალ გარემოს, დადის ბაღში, თუმცა მუდმივად სტრესის ქვეშაა, რაც ბუნებრივია მასზე უარყოფითად მოქმედებს. როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ბაღს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი არ იყოს მისთვის დამთრგუნველი და არის თუ არა ალტერნატივა სხვადასხვა წრეზე სიარული საბავშვო ბაღის ნაცვლად - ამას ფსიქოლოგი სოფო მაისურაძე გვეტყვის.
- საბავშვო ბაღი ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბავშვის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ეს სივრცე ეხმარება მას სოციალიზაციის პროცესში. ცნობილი ფსიქოლოგის ერიქსონის მიხედვით, ბავშვის ფსიქო-სოციალური განვითარების ეტაპზე, რომელიც 3-დან 6 წლამდე პერიოდს მოიცავს, მისი ფსიქიკურად ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელია სოციალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. თუ ბავშვის სააღმზრდელო გარემო მანამდე მხოლოდ ოჯახს და მასში შემავალ ოჯახის წევრებს მოიცავდა (დედა, მამა, დედმამიშვილი, ბებია, ბაბუა), ახლა ეს გარემო უფრო ფართოვდება და ბავშვისთვის ბაღი ხდება ახალი უნარ-ჩვევების და მისი აქტიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ადგილი.
საბავშვო ბაღში სიარული სოციალური უნარების განვითარების გარდა, კოგნიტური უნარების (აზროვნების, მეხსიერების, მეტყველების) განვითარებასაც უწყობს ხელს. თამაშები, რომლებსაც საბავშვო ბაღში თამაშობენ, ბავშვებში სოციალური და კოგნიტური უნარების გარდა, თვითგამოხატვის შესაძლებლობასაც იძლევა, ეს ყველაფერი კი ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალურ არსებად ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
- არსებობენ ბავშვები, რომლებიც ვერ ეგუებიან საბავშვო ბაღს, რა უნდა ქნას მშობელმა?
- ხშირად ბავშვები ბაღს, როგორც ახალ სოციალურ სივრცეს, ვერ ეგუებიან, ტირიან, აპროტესტებენ წასვლას, აღენიშნებათ შფოთვის მაღალი დონე, არიან დასტრესილები და ემოციურად დათრგუნულები. ასეთ შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს (ფსიქოლოგს), რომელიც დაეხმარება ბავშვს ამ სირთულეების გადალახვაში.ძალიან სამწუხაროა, თუმცა ხშირად მსმენია, როცა ბავშვი ბაღში წასვლას აპროტესტებს, აღმზრდელები და მშობლები კი ამბობენ: „იტირებს და გაჩერდება“. მსგავსი დამოკიდებულება, ძალიან მატრავმირებელია პატარა არსებისთვის. ამ ასაკის ბავშვებს აქვთ მშობლების დაკარგვის და მარტო დარჩენის შიში, მათთვის ძალიან რთულია ახალ, სრულიად უცხო გარემოში და უცხო ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომ მშობლებმა უნდა გაუგონ მათ, უნდა უთანაგრძნონ საკუთარ შვილებს, აუხსნან, რომ მათ იქ მხოლოდ გარკვეული დროით მიიყვანენ და მერე აუცილებლად წამოიყვანენ.
ბავშვი სანამ შეეგუება ახალ გარემოს და ახალ ადამიანებს, სასურველია დედაც იქ იყოს, ითამაშოს მასთან ერთად ან უბრალოდ მასთან ახლოს იყოს, რომ პატარამ თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოს. ასე ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ შესაძლებელია ბავშვი შევაგუოთ საბავშვო ბაღს. და თუ, მაინც, მშობელი ატყობს, რომ ბავშვი ზედმეტად დაძაბულია და განიცდის მშობლებთან განშორებას, აუცილებელია მიმართონ სპეციალისტს.
- როგორ შევაჩვიოთ ბავშვი საბავშო ბაღს?
- საერთოდ ბავშვის დაბადებიდან თუ მშობელი ემოციურად ჩართულია შვილის სააღმზრდელო პროცესში, პატარას სანდო მიჭაჯვულობა აქვს დედის მიმართ და თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს ოჯახში, ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილად ეგუება ბავშვი ახალ, მისთვის უცხო გარემოს.უმჯობესია პატარა დიდი ხნით ადრე შევაგუოთ იმ აზრს, რომ უნდა იაროს საბავშვო ბაღში. სასურველია და პატარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა ხშირად უამბონ შვილებს მათი პატარაობის შესახებ, გაიხსენონ ის სასიამოვნო განცდები, სახალისო ისტორიები, რომელიც ბაღს უკავშირდება. დეტალურად უნდა აუხსნას საბავშვო ბაღის მნიშვნელობა, რას აკეთებენ ბავშვები იქ და რითი ერთობიან, ასევე აღმზრდელების მოვალეობები და ფუნქციებიც. დაარწმუნონ, რომ ბავშვები იქ დროებით არიან, რათა გაერთონ და ისწავლონ, მოემზადონ სკოლაში წასასვლელად და მშობლები, რომლებსაც ძალიან უყვართ ისინი, მალე მიაკითხავენ და ერთად დაბრუნდებიან სახლში.
ასევე მნიშვნელოვანია, მშობელმა შვილი საბავშვო ბაღში მიიყვანოს, დაათვალიერებინოს ბაღის ტერიტორია, გააცნოს აღმზრდელი, სანამ ბავშვი დაიწყებს იქ სიარულს, რათა მაქსიმალურად შეაგუოს მისთვის უცხო გარემოს და დააახლოოს იმ სივრცეს, სადაც უკვე მოგვიანებით მას მოუწევს ყოფნა.
- როდესაც ბავშვი ბაღს ვერ ეგუება, სხვადასხვა წრით დატვირთვა ბაღის სანაცვლოდ, არის მისაღები ალტერნატივა?
- სხვადასხვა წრეზე სიარული გამოსავალი ნამდვილად არაა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბავშვისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია საბავშვო ბაღში სიარული, რათა მოხდეს მისი ჯანსაღი განვითარება. თუ ბავშვს უჭირს ბაღში გაჩერება, ეს არის სიგნალი, რომ რაღაც ისე არაა, ამიტომ მშობელი უნდა შეეცადოს ეტაპობრივად გადაალახინოს სირთულე. მაგ: პატარა არ დატოვოს მთელი დღით, გააჩეროს მხოლოდ ცოტა ხანი, შესაძლოა დედასთან ერთად იყოს და ითამაშონ ბაღში. მშობელი უნდა შეეცადოს რაც შეიძლება ხალისიანად ჩაერთოს იმ თამაშებში ან სხვა ნებისმიერ აქტივობაში, რათა პატარამ დაინახოს, რომ დედა ბედნიერია და მასაც შეუძლია ამ გარემოში თავი მშვიდად და დაცულად იგრძნოს. ზოგიერთ ბავშვს ადაპტაციის პროცესისთვის შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს, ზოგიერთს - თვეები, თუმცა ამ სირთულის გადალახვა აუცილებელია. ბავშვმა უნდა შეძლოს მშობლებისგან დამოუკიდებლად საკუთარი თავის მართვა. როდესაც მშობლის დახმარებით ბავშვი შეძლებს სირთულის დაძლევას, ის უკვე მშვიდად გააგრძელებს საბავშვო ბაღში სიარულს.
თუმცა თუ ბავშვი ძალიან ისტრესება იმ სივრცეში, ყოველდღე ტირის წასვლისას, ან ძილის წინ, ან ცუდ სიზმრებს ნახულობს და შფოთავს ძილის პროცესში, ან უარს ამბობს საკვებზე ან ჩაიკეტა და ხმას არ იღებს, უმჯობესია მშობელმა მიმართოს სპეციალისტს, რათა ბავშვს დაეხმაროს ამ სირთულეების გადალახვის პროცესში და პატარამ შეიძინოს სირთულეებთან მართვის უნარი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ყოველ პატარა დაბრკოლებაზე და წინააღმდეგობაზე ბავშვმა ქცევის არასწორი სტრატეგია აირჩიოს, რაც მის განვითარებას და ახალ გარემოში ადაპტაციის უნარის გამომუშავებას ხელს შეუშლის. სპეციალისტის დახმარების შემდეგ, ბავშვი უნდა მივიყვანოთ საბავშვო ბაღში.
ციცი ომანიძე