მშობლებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად მტკივნეული საკითხი კვება და ბაღის მიერ შეთავაზებული მენიუა ბაღი ბავშვისთვის მეორე სახლია, ამიტომ იქ პატარებს უნდა დახვდეთ მათზე ადაპტირებული და მორგებული გარემო, მოსიყვარულე მასწავლებლები. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არაა. ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სასწავლო პროგრამა, კვება, სისუფთავე, მენიუ. კარგი მეხსიერების მქონე მკითხველს ემახსოვრება ის პერიოდი, როცა საბავშვო ბაღებში საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, თუნდაც კვების, გათბობის, ჰიგიენის მხრივ, ასევე იყო გადასახადიც. ბოლო წლებში სიტუაცია ამ მხრივ საგრძნობლად გამოსწორდა, გადასახადიც მოიხსნა, თუმცა ლაფსუსებს კიდევ მრავლად ვხვდებით.
ახალი სასწვალო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და უკვე ყური მოვკარი მშობლების საუბარს, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ბევრი საჭირბოროტო თემით, მეტიც, ბევრი მათგანი გვწერს საკუთარი პრობლემების შესახებ და გვთხოვს, შესაბამისი პირებისგან პასუხები მივაწოდოთ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა.
მშობლებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად მტკივნეული საკითხი კვება და ბაღის მიერ შეთავაზებული მენიუა, ინტერესს იწვევს ის, თუ რატომ აქვს ერთ საჯარო ბაღს უფრო მრავალფეროვანი, სასარგებლო მენიუ და მეორეს - შედარებით მწირი, მაშინ როცა ორივე საჯარო ბაღი სახელმწიფოსგან ფინანსდება, ვინ ადგენს მენიუს - ბაღის დირექცია თუ შესაბამისი უწყება, ვისთან შეიძლება ამ პრეტენზიის გამოთქმა, იგეგმება თუ არა აღმზრდელ-მასწავლებლების დამატება ჯგუფებში, სადაც 40-45 ბავშვი ირიცხება და ა.შ.
ზემოხსენებულ საკითხებზე სასაუბროდ კომპეტენტური პირის მოსაძიებლად ბაღების მართვის სააგენტოში დავრეკე, საიდანაც ამავე უწყების ხელმძღვანელ ბატონ თემურ თორდინავას პიარ-მენეჯერთან თაკო კვირტიასთან გადამამისამართეს. რამდენიმედღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, პიარმენეჯერთან შეთანხმებით, დავგეგმეთ ბატონ თემურთან შეხვედრა.
უნდა ვაღიარო, ბატონი თემური შეკითხვების თემატიკით არ მოიხიბლა, განაცხადა, ამაზე პასუხები ისედაც იცითო. როცა ვუთხარი, მშობლების დიდი ინტერესის საგანია თითოეული თემა და შეკითხვა და პასუხებს ჩვენგან კი არა, კომპეტენტური პირისგან ელიან-მეთქი, მიპასუხა, მოვიდნენ, შევხვდები და გავესაუბრებიო. პირადად მე მშობლის რანგშიც ვერ მივიღე პასუხები გარკვეულ შეკითხვებზე, მაგრამ იქნებ თქვენ გაგიმართლოთ. მშობლებო, ალ. ყაზბეგის 30-ში შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და კითხვები თავად ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს დაუსვათ, იმედია, თქვენთვისაც გამონახავს დროს.
საბოლოოდ, ბატონი თემური შემპირდა, რომ პასუხებს წერილობით გამომიგზავნიდა, მართალია, დათქმულ დროს გადააცილა, მაგრამ პირობა შეასრულა, ოღონდ რამდენად ამომწურავი და დამაკმაყოფილებელია ეს პასუხები, თავად განსაჯეთ.
- უპირველესად მაინტერესებს, ბავშვთა რაოდენების გარდა, რით განისაზღვრება საჯარო საბავშვო ბაღის ბიუჯეტი და იქნებ გვითხრათ, რამდენს შეადგენს საბიუჯეტო თანხა ერთი ბაღისთვის?
- ბაღების დაფინანსება განისაზღვრება ბავშვების რაოდენობის მიხედვით, ერთ ბავშვზე გათვლილი ვაუჩერის მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ არ არის ვაუჩერი საკმარისი, შესაბამისი ხარჯების დათვლის შემდეგ ბაღს მიეცემა გაზრდილი ვაუჩერი ბაღის მოთხოვნით.
- თუ არსებობს რაიმე სტანდარტი ბაღში ბავშვებისთვის შესათავაზებელი კერძების მენიუს შესახებ (არსებობის შემთხვევაში, გაგვაცანით, როგორია სტანდარტი).
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის 78-ე დადგენილების შესაბამისად, არსებობს ტექნიკური რეგლამენტი - "კვების ორგანიზაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში", აგრეთვე ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგია, რომელიც ადგენს ზოგად მოთხოვნებს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებისადმი.
- ვინ ადგენს მენიუს – ბაღის დირექცია..? თუ, გაწერილია ეს შესაბამისი უწყების მიერ?
- სკოლამდელ დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის 78-ე დადგენილების შესაბამისად, არსებობს 10-დღიანი პერსპექტიული მენიუ და სპეციალურად შემუშავებული კერძების კარტოთეკა, რომელსაც ადგენს მნე და ექთანი ბაღის დირექციასთან შეთანხმებით.თითოეულ კერძზე არის შედგენილი ბარათი, რომელშიც მითითებულია კერძებში შემავალი პროდუქტის განაწილება, მასში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა, გამოსავალი, კერძის კალორიულობა და მომზადების ტექნოლოგია.
- რას უნდა მიირთმევდნენ ბავშვები ბაღში აუცილებლად? მთავარი მოთხოვნა რასთანაა დაკავშირებული?
- დღის განმავლობაში რეკომენდებულია, ბავშვმა მიიღოს ორი ბოსტნეულისა და ერთი ბურღულეულის კერძი, აგრეთვე, შესაძლებელია მომზადდეს ბოსტნეულის კომბინირებული კერძი. ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტებია: რძე, კარაქი, ზეთი, შაქარი, თევზი, ყველი, არაჟანი და სხვ. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დღე გამოშვებით ან კვირაში 2-3-ჯერ.
ზაფხულის პერიოდში აქტიური დასვენებისას ბავშვთა სადღეღამისო რაციონის კალორიულობა უნდა გაიზარდოს ძირითადად რძისა და რძის პროდუქტების, ახალი ბოსტნეულისა და ხილის რაოდენობის გაზრდით.
- შეიძლება საჯარო საბავშვო ბაღებში ერთმანეთისგან განსხვავებული მენიუ ჰქონდეთ?
- საბავშვო ბაგა-ბაღებს დღის განმავლობაში შესაძლებელია ჰქონდეთ განსხვავებული მენიუ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს.
- ვინ ან რომელი ორგანიზაცია და რამდენ ხანში ერთხელ აკონტროლებს, საბავშვო ბაღების სისუფთავეს, თუნდაც სამზარეულოში...
- ბაგა-ბაღებში ყოველდღიური კონტროლი ხორციელდება ექთნისა და ბაღის დირექტორის მიერ, ასევე პერიოდულად კურატორი კოორდინატორის მიერ.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი "სურსათის წარმოებისა და აღსაზრდელთა კვების" მონიტორინგს ახორციელებს სააგენტოს წესდებით განსაზღვრული მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად, განცხადება/საჩივრის ან სხვა საშუალებით სააგენტოში შესული შეტყობინების, ან, სააგენტოს რაიონული კოორდინატორების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შედეგების გათვალისწინებით.
საბავშვო ბაგა-ბაღების კონტროლი ხორციელდება აგრეთვე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების განხორციელებისას.
- რამდენი ბავშვი უნდა იყოს 3-4, 4-5-წლიან ჯგუფში?
- შინაგანაწესით ბაღის ჯგუფი შეიძლება განისაზღვროს 35 ბავშვამდე.
- შეუძლია თუ არა მშობელს, უკმაყოფილების შემთხვევაში დირექტორთან მოითხოვოს კამერების ჩანაწერის ნახვა..?
- მშობელს აქვს ვიდეოს ნახვის უფლება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ.
ბოლო კითხვა, რომელმაც ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ბატონი თემურის თვალში, მაინც უპასუხოდაა დარჩენილი. კითხვა კი შემდეგში მდგომაროებდა, თუ არის გეგმაში, რომ ბავშვების სიმრავლის გამო დაემატოს ჯგუფებს მასწავლებლები, რისი საჭიროებაც ნამდვილად არის, რადგან მთელი დღე ორი ქალი 45-50 ბავშვს, დაგვეთანხმებით, ვერ მოუვლის.
ინტერვიუში ნახსენებ დადგენილება 78-ს მეც გავეცანი, რომელშიც მოცემულ სამაგალითო მენიუს ქვემოთ შემოგთავაზებთ.
დანართი 12ა
ჯანმრთელ ბავშვთა 10-დღიანი სამაგალითო მენიუ (1,5-3 წ.)
I დღე
საუზმე: ფეტვის ფაფა გოგრით; ჩაი რძით; პური, გახეხილი ყველით. სადილი: ბოსტნეულის სალათი; ლობიოს სუპი; ტოლმა "ზარმაცა"; კისელი; პური ჭვავის; პური ხორბლის. სამხარი: გრენკები; რძე (კეფირი); ვაშლი.
II დღე
საუზმე: ხაჭოსა და კარტოფილის კვერები; რძე; პური ხორბლის. სადილი: ბოსტნეულის სალათი; ბოსტნეულის სუპი ძვლის ნახარშზე; თევზი მოხარშული; პური ჭვავის; პური ხორბლის. სამხარი: ნამცხვარი; მაწონი (რძე, კეფირი); ვაშლი.
III დღე
საუზმე: ომლეტი; მანანის ფაფა რძეზე; პური რძით. სადილი: ბოსტნეულის სალათი; ბორში ძვლის ნახარშზე; ხორცის კატლეტი კარტოფილის პიურეთი; ხილის (ციტრუსის) წვენი; პური ხორბლის; პური ჭვავის. სამხარი: ალადები (მაჭკატი) ქიშმიშით; რძე (მაწონი, კეფირი); ვაშლი.
IV დღე
საუზმე: კომბოსტოს მობრაწულა; რძიანი ყავა; კარაქიანი პური. სადილი: ბოსტნეულის სალათი; ქათმის ბულიონი; ქათმის ხორცი კარტოფილის პიურეთი; კისელი; პური ჭვავის; პური ხორბლის. სამხარი: ნამცხვარი; კეფირი (რძე); ვაშლი.
V დღე
საუზმე: თევზის გუფთა მოშუშული ბოსტნეულით; ჩაი; კარაქიანი პური. სადილი: ბოსტნეულის სალათი; ბოსტნეულის სუპი; კარტოფილის მობრაწულა ხორცით; რძის კისელი; პური ჭვავის; პური ხორბლის. სამხარი: ფუნთუშა; რძე (მაწონი); ვაშლი.
VI დღე
საუზმე: ხაჭოსა და სტაფილოს პუდინგი; ჩაი რძით; კარაქიანი პური. სადილი: ვაშლისა და სტაფილოს სალათი; ქათმის ჩიხირთმა; ქათმის სუფლე ბრინჯის ფანტია ფაფით; კომპოტი (ჩირის); პური ჭვავის; პური ხორბლის. სამხარი: ნამცხვარი; რძე; ვაშლი.
VII დღე
საუზმე: მოხარშული კვერები ყველით; არაჟანი; ჩაი რძით; პური. სადილი: ბოსტნეულის სალათი; ბორში ძვლის ნახარშზე; თევზის სუფლე ჩაშუშული კარტოფილით; ასკილის ნაყენი; პური ჭვავის; პური ხორბლის. ვახშამი: გრენკები; რძე; ვაშლი.
VIII დღე
საუზმე: "ჰერკულესის" ფაფა; რძიანი კაკაო; კარაქიანი პური. სადილი: ჭარხლის სალათი; ვეგეტარიანული სუპი; ქათმის ჩახოხბილი; კომპოტი; პური ჭვავის; პური ხორბლის. სამხარი: ხაჭოს კვერები; რძე (კეფირი); ვაშლი.
IX დღე
საუზმე: წიწიბურას ფაფა რძით; კარაქიანი პური. სადილი: ბოსტნეულისა და ხილის სალათი; ხორცის სუპი; ხორცის კატლეტი კარტოფილის პიურეთი; კომპოტი; პური ჭვავის; პური ხორბლის. სამხარი: ნამცხვარი; რძე; ვაშლი.
X დღე
საუქმე: კარტოფილის პიურე კვერცხით; რძე; კარაქიანი პური. სადილი: ბოსტნეულის სალათი; ბულიონი; გუფთა ორთქლზე მომზადებული მოშუშული კომბოსტოთი; ხილის (ციტრუსის) წვენი; პური ჭვავის; პური ხორბლის. სამხარი: ალადები (მაჭკათი); რძე (მაწონი, კეფირი); ვაშლი.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მენიუ იდეალურია, მაგრამ რამდენად შეესაბამება რეალობას - ეს უკვე სხვა საკითხია. ამასთან, მხოლოდ დადგენილების წაკითხვა საკმარისი არაა, მისი სისრულეში მოყვანა და შემდეგ კონტროლი შესაბამისი ორგანოების მხრიდან, არანაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია. ფაქტობრივად, გამოდის, რომ დირექტორების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების ბედიცა და მენიუც.
დაკვირვებულ თვალს არ უნდა გამოეპაროს მეოთხე დღის საუზმეში შემავალი ერთ-ერთი პუნქტი - რძიანი ყავა, რძე კარგია, მაგრამ ყავა სკოლამდელი დაწესებულების მენიუში როგორ მოხვდა, საინტერესოა.
ციცი ომანიძე