საბავშვო ბაღი ბავშვთა განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. მშობლებს საბავშვო ბაღის მიმართ სხვდასხვაგვარი დამოკიდებულება და მოთხოვნები აქვთ, სხვადასხვანაირად აღიქვამენ მას პატარა აღსაზრდელებიც. როგორ უნდა შევაყვაროთ პატარას ბაღი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ იქ გატარებული დრო ბავშვისთვის თავისუფალი იყოს ყოველგვარი სტრესისა და უსიამოვნო ემოციებისგან, რა უნდა ქნას მშობელმა, ვისი შვილიც ბაღს ვერ და ვერ ეგუება. ამ საკითხებზე თბილისის 74-ე საბავშვო ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორს, ინგა ქოქრაშვილს ვესაუბრეთ.
- როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის, რომ შეგუების რთული პერიოდი თავიდან ავიცილოთ?
- ამისთვის საბავშვო ბაღში არაერთი სტრატეგია არსებობს. ამ სტრატეგიებით პირველი ორი კირის განმავლობაში ადაპტაციაში ვეხმარებით ბავშვს. არის ასეთი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მშობლები, სანამ ბაღში სწავლა დაიწყება, მოდიან ერთი კვირის განმავლობაში. ეცნობიან მასწავლებლებს, გარემოს, შემდეგ შედიან ჯგუფში, ეცნობიან დღის განრიგს. შემდგომ მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთში ცვლიან იმ ინფორმაციას, რაც ბავშვისთვისაა ხელსაყრელი ადაპტაციის პერიოდის გავლისთვის და ხდება მასწავლებლისთვის იმ კონკრეტული სტრატეგიების ჩამოყალიბება, რაც დაეხმარება ბავშვებთან სწორ მიდგომებში.
ამავე პერიოდში, პირველ დღეებში აუცილებლად ვსაზღვრავთ ხოლმე დროს. არ შეიძლება თავიდანვე ბავშვის მთელი დღით დატოვება. ერთ-ერთი სტრატეგიის მიხედვით, პირველ ორ დღეს ბავშვს ტოვებენ რამდენიმე საათით. ან პირველ დღეს მხოლოდ ერთი საათით ტოვებენ და შემდეგ ამ დროს ნელ-ნელა ზრდიან. კიდევ არსებობს სტრატეგია, რომლის დროსაც მშობელი მასწავლებელთან ერთად ერთვება ისეთ თამაშებში, რომელსაც აქვს გუნდურობის პრინციპი და ხდება მასწავლებელსა და მშობელს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება. ამით ბავშვი ხვდება, რომ მასწავლებელი მისთვის არ არის უცხო და მტერი. მასწავლებელი მშობლისთვისაც ხდება ის პიროვნება, რომელსაც ანდობს ბავშვს და წყნარადაა. მეორე ეტაპია ის, რომ მშობელი ბავშვებთან ერთად გაივლის დღის რეჟიმის რამდენიმე მონაკვეთს და შემდგომ წინასწარი შეთანხმებით ხდება ბავშვის დატოვება. ასე რომ, პირდაპირ დატოვონ ბავშვი და კარი დაიხუროს, არ ხდება. მასწავლებელი პირველივე კრებაზე აცნობს მშობლებს ამ სტრატეგიებს, უხსნის, რომ არ შეიძლება პირდაპირ ბავშვის მთელი დღით დატოვება და მშობელიც ინფორმირებულია. შეიძლება დედა ვერ დარჩეს იმ პერიოდში შვილთან, მაგრამ მამა ან ბებია ყოველთვის აქ არის ხოლმე. ერთი კვირა ასე ხდება. თუ შემდგომ უკვე ბავშვი ადაპტაციას გაივლის, აუცილებლად უკვე მეორე კვირიდან ხდება ამ ყველაფრის დარეგულირება და ბავშვი ჩვეულებრივად შედის ჯგუფში.
- რა ხდება მაშინ, როცა ამ ერთი კვირის შემდეგაც გრძელდება ბავშვის გაუცხოება?
- ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებელი აკვირდება რომელიმე მტირალა ბავშვს და მისი ჯგუფში შესვლისთანავე კარებთან ახვედრებს ბავშვს, რომელმაც კარგად გაიარა ეს ადაპტაციის პერიოდი. ან მშობლისგან ვიგებთ, რომელია მისი საყვარელი სათამაშო, იმ სათამაშოს ვახვედრებთ და ბავშვი უკვე ხვდება, რომ იქ მისთვის კეთილგანწყობილი გარემო ხვდება. ბავშვის პრობლემა ესაა - ბაღი მისთვის საშიშ ადგილად აღიქმება, უცხოა, რადგანაც ორიდან სამ წლამდე მშობლებისადმი მიჯაჭვულობა ძალიან ძლიერია და ამ ჯაჭვის გაწყვეტა ძალიან რთულად ხდება.
- რა ასაკი ითვლება ბავშვების ბაღში შეყვანის ოპტიმალურ ვარიანტად?
- ყველაზე კარგი ასაკი არის 3 წლიდან, იმიტომ, რომ ეს მიჯაჭვულობის პერიოდი უკვე გავლილი აქვს და სამი წლიდან უფრო ადეკვატურად ეგუება ცვლილებებს. ბავშვი სოციალურად მზად არის თანატოლების გაცნობისთვის. რა თქმა უნდა, არის ამ ასაკშიდაც დაბრკოლებები. გააჩნია ბავშვის ფსიქოლოგიას.
- როგორია მშობლის როლი ბავშვების ბაღში მოყვანამდე?
- როგორც ბავშვია მშობელზე მიჯაჭვული, ისე მშობელი არ უნდა იყოს ბავშვზე მიჯაჭვული. იმიტომ, რომ ჰგონია, მის გარეშე შვილი ვერაფერს ვერ იზამს. ბავშვმა ბაღში დამოუკიდებლად რომ ჭამა, უკვირთ ხოლმე მშობლებს. ეს ეტაპი მშობელმაც უნდა გადალახოს. თავისი შვილი მიაჩვიოს დამოუკიდებელ ცხოვრებას, რომ ოჯახის გარდა კიდევ არსებობს რაღაც სოციუმი, სადაც ბავშვმა უნდა დაიწყოს თანაარსებობა სხვა ბავშვებთან ერთად. ჩვენ წინასწარ ვრეკავთ ხოლმე ახალ მშობლებთან და ისინი მოდიან, კრებას ვმართავთ და ყველა კითხვაზე ვპსუხობთ. მშობელმა თვითონაც უნდა შეამზადოს ბავშვი ბაღისთვის. ამას ლაპარაკი და კომუნიკაცია სჭირდება.
- რა არის ბაღის ჯგუფების დანიშნულება?
- ყველაზე მთავარი, 2-დან 6 წლამდე არის ის განვითარების ასაკი, რომ ბავშვი ძირითად მასალას, ძირითად ცოდნას იღებს. ყველა საბაზისო უნარი, ყველა საბაზისო ცოდნა რაც ბავშვს გააჩნია, არის 6 წლამდე მიღებული. თუ ეს პერიოდი ჩაუვარდა, თითოეულ დღესა და თვეს აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა ბაღში. ამიტომ ბაღში ნაწწავლ თამაშებს, კომუნიკაციას, ახავთ, როგორ მოდელირებას უკეთებს უკვე სკოლაში მისული ბავშვი. ბაღის პირველი დანიშნულებაა, ბავშვი სკოლისთვის მოამზადოს. ბაღგამოუვლელი ბავშვი სკოლაში არის საშინლად გაუცხოებულ , ძალიან ბევრი შემთხვევაა, მშობლებთან ერთად დადიან სკოლაში არც იციან, რა დანიშნულება აქვს სკოლასა და სწავლას. აქ ეს უნარები გამომუშავებული აქვთ.
- ძირითადად, რა პრობლემებს აწყდებით ბავშვებთან მიმართებით, რასთან აქვთ ყველაზე მეტად გაუცხოება.
- პირველ რიგში, ეს არის ბავშვების სიმრავლე. თუ ოჯახში არ არის ბევრი ბავშვი, აქ უჭირთ ამასთან შეგუება. დისციპლინა, კვების დროს ჯდომაც არ იციან, ჩანგალი როგორია, არ იციან, არადა ჩვენთან უკვე 2 წლიდან იწყება ჩანგლის მოხმარება მეორად კვებაზე. მაგალითად, ბლენდერით რომ აჭმევენ ბავშვებს და აქ უკვე ჩვეულებრივი საკვები გვაქვს, ამასთანაც არის პრობლემა. ასევე მოსმენასთანაა პრობლემა.
- თუ ბავშვები არ დადიან ბაღში, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
- ბაღი უკვე ფუფუნებაა ჩვენთვის იმიტომ, რომ იცით, მიღებებთან დაკვშირებით რაც ხდება. არის სპეციალური დაწესებულებები, რაც ბავშვს სკოლისთვის ამზადებს. თუ აქვს მშობელს საშუალება, აუცილებელია სკოლისთვის მომზადება. რაც არ უნდა გამოცდილი აღმზრდელი იყოს მშობელი, ან ბაღში ნამუშევარი, იმ საჭირო ურთიერთობებს ბავშვი სახლში მაინც ვერ აიღებს. იმიტომ, რომ მას აქვს ოჯახში მხოლოდ უფროსებთან ურთიერთობა. თავის ასაკის ბავშვებთან როგორია ეს ურთიერთობები და როგორ უნდა დაალაგოს, ძალიან უჭირს. თუ მშობელი თავისით ცდილობს ამ უნარების გამომუშავებას, ეს რა თქმა უნდა მასზეა დამოკიდებული. მაგრამ, ბაღი არის ის დაწესებულება, სადაც ბავში ყველაფერს იღებს.
- თუ ბავშვი თვეების განმავლობაში ვერ ეგუება ბაღს, ტირის, ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს თავად ბაღი?
- მშობლის როლი დიდია ამ დროს. მშობელი უნდა რჩებოდეს ბავშვთან ერთად. მშობელმა უნდა შეუწყოს ხელი ბავშვს მეგობრების შეძენაში. თუ ბავშვს აქვს რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა, ან იცის უცხოობა, მიჯაჭვულია მშობელს, არის აუცილებელი ფსიქოლოგის ჩარევა. ფსიქოლოგი, რომელიც ჩვენ გვყავს, მშობელთან და ბავშვთან ერთად გაივლის ამ ეტაპებს, მშობელს შესთავაზებს სხვადასხვა სტრატეგიას, თუ ის არ გაამართლებს, სხვაზე ფიქრობენ. არის ასეთი სტრატეგია, მაგალითად მშობელი რაღაც ნივთს უტოვებს ბავშვს. ვთქვათ, ტელეფონს უტოვებს და ეუბნება, რომ 5 წუთში მივა, მასწავლებელი რომ ეტყვის, "5 წუთი გავიდა და დედაშენი უკვე მოვა" და მართლა მივა, ამ დროს ბავშვს უკვე ნდობის ფაქტორი აქვს. მასწავლებელმა რაც თქვა, ის ხდება . გვქონია შემთხვევები, 6 თვემდე გაგრძელებიათ ბავშვებს ტირილი და ჩვენივე შეთანხმებით, მშობელს შეუმცირებია სამუშაო გრაფიკი და ცოტა ადრე წაუყვანია. მთელი დღით ბავშვის დატოვება ბაგაში არის რაღაც კატასტროფული ამბავი, ამიტომ ესეც გვქონია. გააჩნია ფსიქოლოგს, როგორ მუშაობს ჯგუფებში.
-თუ იყენებთ საბავშვო ჟურნალებსა და წიგნებს მათი გონებრივი განვითარებისთვის?
- კი, რა თქმა უნდა. ჟურნალები გამოწერით არ გვაქვს, მაგრამ წიგნებს ვარჩევთ ასაკის მიხედვით. 3 წლამდე ბავშვებისთვის უფრო ილუსტრირებული წიგნები გვაქვს. 4-დან 6 წლამდე გვაქვს ისეთი ენციკლოპედიები, რაც ბავშვის ცოდნას ავითარებს. ყველაფერზე არის მოკლე პასუხები, მაგალითად ყველაზე მეტად აინტერესებთ ხოლმე პეპლის გარდაქმნის პროცესი, ამიტომ ენციკლოპედიები არის არაჩვეულებრივი. გვაქვს მოძრავი ბიბლიოთეკის სტრატეგიაც, ბავშვებს სახლიდან მოაქვთ საყვარელი წიგნები და აცნობენ თავიანთ მეგობრებს.
- რომ ურჩიოთ მშობლებს, რომლებსაც ვერ დაჰყავთ ბავშვები ბაღში, რაღაც თამაში ან მეთოდი, რაც დაეხმარება მათი ბავშვების განვითარებას.
- თუ ბავშვმა არ დაინახა, რომ უფროსი დაინტერესებულია კითხვით, იმას რაც არ უნდა უკითხო, მაინც მშობელს მიბაძავს. მშობელმა საკუთარი შვილი თავისივე საქმიანობაში უნდა ჩართოს. მოდელირება გაუკეთოს. მაგალითად, სამზარეულოში ბავშვსაც მისცეს თავისი პატარა სათამაშოები და იქვე ითამაშოს მანაც. არის კიდევ ძალიან ბევრი განმავითარებელი თამაშები თუნდაც ფერების მიხედვით...
ჩემი რჩევაა, მოიყვანონ ბაღში ბავშვები. ყველანაირი დაბრკოლება გადალახონ და ბაღში მოიყვანონ. სწრად შეარჩიონ ბაღი, აღმზრდელი. ეს არ არის სირცხვილი. არიან სხვადასხვა ტიპის აღმზრდელები. არსებობენ ხმამაღლა მოლაპარაკე აღმზრდელები ან პირიქით. ამიტომ მშობელმა უნდა იზრუნოს ამაზე, რომ ზუსტად შეარჩიოს ბაღი. თუნდაც გზის მხრივაც. ზოგიერთი ბავშვი ვერ ეგუება შორ გზას, ამიტომ ყველაფერი უნდა გათვალოს მშობელმა და თვითონვე უნდა მიხვდეს, თავისი შვილი სად გრძნობს თავს უფრო კომფორტულად.
თამარ იაკობაშვილი