"ნებისმიერ ბაღი, სადაც არ უნდა მიბრძანდეთ, აღჭურვილია საკმარისი სათამაშოებით" საბავშვო ბაღების მენიუს შესახებ ინფორმაციის გარკვევის შემდეგ დავინტერესდით სკოლამდელი დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით. ამ თემაზე ნინო ბურძენიძეს ვესაუბრეთ, ბაღების დააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას მოადგილეს.
- როგორი უნდა იყოს აღმზრდელობითი პროგრამა, რისი შესწავლაა აუცილებელი და რა ნებაყოფლობითი.
- არსებობს სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა, მეთოდური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით პედაგოგის გადაწყვეტილებით ხდება სასწავლო პროგრამის შერჩევა. ამ შემთხვევაში მასწავლებელი დამოუკიდებელია და თავად იღებს გადაწყვეტილებას.
- რა უნდა იცოდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვმა სკოლაში შესვლამდე?
- თვლა, ფერები, ცხოველები, მუსიკა, მოძრაობა, ცეკვის ელემენტები და ა.შ. ყველა ბავშვს აქვს თავისი პორტფოლიო, რომელის მეშვეობითაც მშობელი ეცნობა, რა შეისწავლა მისმა შვილმა იმ წელს. დამამთავრებელი ჯგუფის ბავშვისთვის არაა სავალდებულო წერა-კითხვის ცოდნა, წინასწარ ამის შესწავლით ბავშვებში ინტერესი იკარგება, თუმცა პედაგოგები მუშაობენ ბავშვების მეტყველების განვითარებაზე, უკითხავენ ზღაპრებს და შემდეგ ინდივიდუალურად სთხოვენ მოყოლას, რაც ეხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვს, რომ სკოლაში შესვლისას ჰქონდეს განვითარებული თხრობის უნარი. გარდა ამისა, ასწავლიან ხატვას, გამოჭრას უსაფრთხო მაკრატლებით და კიდევ უამრავ საინტერესო საკითხს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამა საკმაოდ დახვეწილია.
- ბაღი თავად უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო "მასალას", ეს იქნება ფანქრები, მაკრატელი, საძერწი თუ სხვა, რაც ბავშვებს სჭირდებათ?
- რასაკვირველია. სასწავალო პროცესისთვის საჭირო არც ერთ დეტალზე არ უწევს მშობელს ზრუნვა, ამას თავად საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
- როგორც აღნიშნეთ წერა-კითხვის ბაღში შესწავლა არაა სავალდებულო, თუმცა, არსებობს ბაღები, სადაც ბავშვებს უცხო ენებს ასწავლიან...
- კი, არსებობს და კარგია, თუ მასწავლებელი თავისი ძალებით ცდილობს, უფრო მრავალფეროვანი გახადოს ბავშვის ინტერესის არეალი, მაგრამ უცხო ენის, როგორც ცალკე სასწავლო საგნის არსებობა საბავშვო ბაღში ჯერ დანერგილი არაა, თუმცა სასურველია, მომავლისთვის გავითვალისწინოთ.
- რა სიხშირით უნდა ხდებოდეს ბავშვების წახალისება სხვადასხვა ღონისძიებით, თუნდაც ახალ-ახალი სათამაშოებისა და გასართობების სახით?
- ახალი სასწავლო წლისთვის ყველა დირექტორი ახვედრებს ბავშვებს ახლებურ სასწავლო ოთახს, ახალ სათამაშოებს და ა.შ. განახლებას კი ახერხებენ პერიოდულად მათი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაუჩერული დაფინანსებიდან მორჩენილი თანხებით.
- არსებობს რაიმე მოთხოვნა ბაღის მიმართ, რომ ვთქვათ, პირობითად ორ თვეში ერთხელ ბავშვები წახალისებულნი უნდა იქნენ ახალი სათამაშოებით?
- არა, რაიმე მოთხოვნა და სატანდარტი არ არსებობს და ვფიქრობ, ეს საჭიროც არაა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ბაღებში ამხელა სივრცეც არაა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ბაღი, სადაც არ უნდა მიბრძანდეთ, აღჭურვილია საკმარისი სათამაშოებით.
ციცი ომანიძე