"მშობლებმა, ძიძებმა, ბებიებმა მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი" - როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს ადრეულ ასაკში, რომ სკოლაში წარმატებული იყოს
"მშობლებმა, ძიძებმა, ბებიებმა მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი" - როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს ადრეულ ასაკში, რომ სკოლაში წარმატებული იყოს
სკოლამდელი განათლება ბავშვის წარმატებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. იმისათვის რომ გავიგოთ, რა დატვირთვა აქვს ადრეულ განათლებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ  ბავშვს მეტყველების განვითარებაში, სიტყვათა მარაგის ჩამოყალიბებაში და კიდევ ბევრ სასარგებლო უნარის გამოიმუშავებაში დავეხმაროთ, ამის შესახებ დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი ნანა გეგელიშვილი გვესაუბრა. ქალბატონი ნანა 20 წელიწადზე მეტია ადრეული განათლების პროგრამებზე მუშაობს, ასევე სწავლის უნარის დაქვეითების მქონე პრობლემებსა და დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების საკითხებს იკვლევს. ამჟამად გახლავთ დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი,
არასამთავრობო ორგანიზაციის "ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანადგომა" დამფუძნებელი.
- მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნეირმეცნიერთა მიერ მრავალი მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რითაც დამტკიცდა, რომ ადრეული განათლება წამყვანი მიმართულებაა ბავშვის მომავალი წარმატებისთვის. აუცილებელია ისიც, რომ მშობლები ფლობდნენ ადრეული განათლების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას. ჰარვარდში ჩატარებული კვლევის თანხმად, ყოველ ათას ბავშვში სამასს განვითარების ხელოვნური შეფერხება აღენიშნება, მიზეზად კი ტოქსიკური სტრესი სახელდება. რისგან არის გამოწვეული ტოქსიკური სტრესი? მისი გამომწვევი შეიძლება იყოს:
  • დედის დეპრესია - ხშირ შემთხვევაში მშობლები ვერც ხვდებიან რა ზიანს აყენებნ თავისი დეპრესიით შვილს;
  • უგულველყოფა - როდესაც არ გვცალია, არ ვაქცევთ ბავშვს ყურადღებას.
  • მკაცრი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ.
  • ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე სიტყვიერი, ფიზიკური ხომ თავისთავად.
მშობლებმა არც იციან, ამ ყველაფრით რამხელა საფრთხე შეიძლება
შეუქმნან ბავშვის განვითარებას. რით ვლინდება ეს ყველაფერი? იმით, რომ ბავშვებს აქვთ ძალიან ცუდი მეხსიერება, არ აქვთ კარგი კონცენტრაციის უნარი, რაც მეხსიერების ერთ-ერთი კომპონენტია. საერთოდ, ადრეულ განათლებაზე მეცნიერები ამბობენ, "ან გამოიყენე, ან დაკარგე" იმიტომ, რომ ეს პერიოდი მშობლებმა, ძიძებმა, ბებიებმა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ბავშვებს გავუძლიეროთ სწავლის ის უნარები, რომელიც მომავალში ძალიან დასჭირდებათ და გამოადგებათ.

- კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ მშობლებმა, რომ ადრეული განათლების პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენოთ?

- იაპონელი ნეირომეცნიერები კიდევ უფრო წინ წავიდნენ და ამბობენ, რომ 2 წლიდან ბავშის აღზრდა უკვე დაგვიანებულია. ამიტომ განვიხილოთ, რა უნდა გავაკეთოთ 2 წლამდე.

ბავშვს რომ ჰქონდეს ძლიერი სიტყვათა მარაგი, ჩამოუყალიბდეს მეტყველების კარგი უნარი, უნდა ვესაუბროთ ემოციურად, მინიმუმ 15 წუთი დილას და საღამოს.

ეს მოსწონს თვეების ბავშვსაც კი. ამ ასაკის ბავშვების შემთხვევაში ძირითად აქცენტს აკეთებენ კვებასა და ჰიგიენაზე, არადა ამასთან ერთად, ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვს მოვასმენინოთ მუსიკა, რაც დადებითად მოქმედებს და ხელს უწყობს მისი ტვინის განვითარებას. მუსიკა უნდა იყოს მშვიდი და მარიტივი, ძალიან კარგია, თუ ამას რიტუალის სახეს მივცემთ და ძილის წინ მოვასმენინებთ.

სანამ ბავშვი ალაპარაკდება, მანამდე მისი ტვინი "ენის, ბგერების სტატისტიკას" აგროვებს, ბგერები, რომელსაც ისმენს, რჩება ბავშვის ნეირონებში და ხელს უწყობს მის მალე ალაპარაკებას, ეს კი თავისთავად ამდიდრებს სიტყვათა მარაგს. მრავალფეროვანი სიტყვათა მარაგის არსებობა ეს არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა, რომ ბავშვი იქნება ძალიან კარგი მკითხველი, არ იწვალებს კითხვაზე.


რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა მშობლების მხრიდან. არსებობს კვლევაც, რომლის თანახმად სოციალურად დაუცველ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ სიტყვათა მარაგის სიმცირე. უფრო დეტალურად გამოარკვიეს მიზეზი და აღმოჩნდა, რომ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს ყოველ 6 სიტყვაში 4 სიტყვა ნეგატიურ ასპექტში ესმის, ფერხდება მისი სიტყვათა მარაგის განვითარება, ხოლო იმ ოჯახებში, სადაც 6 სიტყვიდან ექვსივე პოზიტიურია ბავშის მიმართ, განვითარება უფრო სწრაფად ხდება.

- ხშირად საუბრობენ გაჯეტების უარყოფით გავლენაზე ბავშვების განვითარებასთან მიმართებაში, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- ჩვენ ამას ვერ გავექცევით, ციფრული სამყარო და ბავშვი უკვე განუყრელი ნაწილია, მაგრამ ესეც გარკვეულ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული. ბავშვის კონტაქტი გაჯეტებთან 15-20 წუთზე მეტი არ უნდა იყოს დღეში, მაგრამ თუ მაინც აყურებინებთ, ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ ეს იყოს მუსიკალური საბავშვო მულტფილმები, ზოგადად, მუსიკა ძალიან უწყობს ხელს განვითარებას და თუ საყურებელია, ისევ მუსიკალური იყოს, ჯობია.

- არის შემთხვევა, როცა დედა, ბებია ცდილობს, მაქსიმალურად დატვირთოს ბავშვი ლექსებით, ზღაპრებით, ეს საზიანოა? არსებობს რაიმე დაწესებული ზღვარი?

- ესეც ერთგვარი ვარჯიშია, მაგრამ არ უნდა გადაამეტონ. ზოგადად, მთავარია კონტექსტი. თუ დაზეპირება, დასწავლა ხდება კონტექსტის მიხედვით და არა მექანიკურად, მაშინ ეს მოგვცემს შედეგს. მექანიკურად დაზუთხული ლექსები კი მალე ავიწყდებათ.

ლექსის დაზეპირებას არანაირი აზრი არ აქვს, თუ ბავშვმა ის არ გაიაზრა კონტექსტის მიხედვით.

ზოგადად, ძალიან კარგია თუ მშობელი ბავშვს დაახატინებს ლექსის შინაარს, ეს არის გრძელვადიანად დამახსოვრება, რადგან ლექსის კონცეფიციას დებს ნახატში და ეს ნიშნავს, რომ იაზრებს. გარდა ამისა, ხატვა ხელის მოტორიკას უწყობს ხელს და თან ბავშვი შინაარსსაც ადვილად დაიმახსოვრებს. თითების მოტორიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია ბავშვის მეტყველების განვითარებასთან. საერთოდაც, ლექსებსა და მოთხრობებში ჩართონ მშობლებმა თითებით თამაში, მაგალითად, წერია, წვიმს, ეცადონ, განუსახიერონ ეს მოქმედება თითებით, რადგან ეს უწყობს ხელს მეტყველების განვითარებას.

alt6 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის


- ბევრს დაობენ, უნდა იცოდეს თუ არა სკოლამდელმა ბავშვმა კითხვა, ანბანი, რიცხვები, შეკრება-გამოკლება, თქვენ რას იტყვით?

- თუ ამას ბავშვი თამაშით, ხალისით ისწავლის და არ ექნება მეცადინეობის ფორმა, ეს არაფერს ავნებს. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ვალდებულების გრძნობა, დასწავლის პროცესში თამაშია წამყვანი მიმართულება ბავშისთვის, სახალისო უნდა იყოს მისთვის. თამაშში უნდა იყოს შერეული სწავლა. ვთქვათ, ასწავლით რიცხვებს, უნდა ჰკითხოთ, რას გაგონებს ერთიანი, სანთელს? ტოტს? ორიანი? გედს? ჩიიტს? ამ ფორმით თუ დაიმახსოვრებს და ისწავლის, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ არავითარი ვალდებულება არ უნდა აგრძნობინოთ.

- რაც შეეხება საბავშვო ბაღებში არსებულ პროგრამას, რამდენად ადეკვატური და მისაღებია სკოლამდელი ბავშვებისათვის?

- პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი ხნის განმავლობაში საბავშვო ბაღები მიტოვებული იყო. მას განათლების ფუნქცია დიდად არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადრეულ განათლებას, უფრო აღმზრდელობით ფუნქციას ითავსებდა. იმდენად მიტოვებული იყო საბავშვო ბაღები, რომ მას სოციალური დატვირთვა ჰქონდა და მშობლებს მხოლოდ კვება აინტერესებდათ, ჭამა თუ არა ბავშვმა. ის, რომ მასწავლებლები ამხელა ამაგს დებენ ბავშვბის განათლებაში, ამაზე ყურადღება ნაკლებად ჰქონდათ მიპყრობილი. ჩემი აზრით, აღმზრდელებიც მიტოვებულები იყვნენ იმიტომ, რომ ძალიან მცირე რაოდენობას აქვს გავლილი გადამზადება და საუნივერსიტეტო განათლება. 25 წლის წინ მიღებული განთლება ისედაც არაა დამაკმყოფილებელი, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი თეორიები გაჩნდა და შეიცვალა მიდგომებიც. აღმზრდელს კიდევაც რომ მოუნდეს მეტის გაგება, ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება ახალ მიმართებულებზე, დამხმარე ტექნოლოგიებზე და თუ მოიპოვება, ისიც უცხო ენებზე.
mshoblebi

- ხომ არ იგეგმება ამ მხრივ ცვლილება?

- დაწყებულია რეფორმა, მაგრამ ჯგუფებში ბავშვთა დიდი რაოდენობა ერთგვარი შემაფერხებლი ფაქტორია. თბილისი გამოირჩევა ამ კუთხით, რეალობა ისაა, რომ სასწავლო ოთახებში ბევრი ბავშვია, 40-45 ბავშვის არსებობა ჯგუფში განათლების ხარისხს აფუჭებს, ეს უნდა მოწესრიგდეს.

- ძალიან ბევრს დაობენ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, ზიანდება ბავშვი, თუ სკოლაში შესვლისას 6 წლის შესრულენას 2-3 თვე აკლია?

- ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ 5 და 6 წლის ბავშვის უნარები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ვთქვათ, მშობელმა შეიყვანა, მაგრამ საკითხავია, 5 წლის ბავშვთან მიდგომის საფუძვლებს ფლობს სკოლის პედაგოგი? ამისთვის სკოლა მზად არის? 5 წლის ბავშვის კონცენტრაცია 15 წუთზე მეტი არ გრძელდება, შესაბამისად, საგაკვეთლო პროცესში ის ვერ იქნება ისეთი ნაყოფიერი, როგორც 6 წლის ასაკისა, გაწვალდება, სიტყვათა მარაგიც ისე არაა ამ დროს განვითარებული. სკოლის პედაგოგი უნდა ფლობდეს იმ უნარ-ჩვევებს, როგორ მიუდგეს 5 წლის ბავშვს. მე რომ მკითხო, პირველ-მეორე კლასში სწავლის ძირითადი მიმართულება თამაში უნდა იყოს. იქ, სადაც ხალისი არ არსებობს, სწავლის ეფექტიც იკარგება.
ციცი ომანიძე

alt6 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის


5447
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```