დღეს ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო და 12 საათიდან
http://kids.org.ge-ზე დარეგისტრირება შეიძლება ყველა იმ ბავშვის, ვინც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში. აღნიშნული პროცედურის დაწყებიდანვე, მშობლების ნაწილი გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ საიტს ჰქონდა შეფერხება და ამის გამო ვერ შეძლეს შვილების დარეგისტრირება საჯარო ბაღებში.
ჩვენ მივმართეთ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმაძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს. მისი ინფორმაციით, რეგისტრაციის დროს პროგრამულად შეფერხება არ ყოფილა.
"ამ წუთის მდგომარეობით, შუადღის 12 საათის შემდეგ დარეგისტრირებულია 7000-მდე აღსაზრდელი, არის კიდევ 4000 თავისუფალი ადგილი. ჯამში წელს ჩვენ 15 000 აღსაზრდელის მიღებას ვაპირებთ, საიდანაც 4000 ადგილი პირველი ეტაპის რეგისტრაციაზე შეივსო. რეგისტრაცია მიმდინარეობს მშენებარე ბაღებშიც, რომლების გახსნაც შემოდგომაზე გვაქვს დაგეგმილი.
რაც შეეხება, პროგრამულ შეფერხებაზე კითხვას, პროგრამულად შეფერხება არ ყოფილა, რადგან წამიერი წყვეტაც კი არ ყოფილა პროგრამაში რეგისტრაციის პროცესში. უწყვეტ რეჟიმში ირიცხებოდნენ ბავშვები პორტალზე.
თუ მშობელმა ვერ მოასწრო ბავშვის დარეგისტრირება, მათ უნდა მიმართონ კონკრეტულ საბავშვო ბაღებს და დაწერონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე. თუმცა, ჯერ კიდევ არის 4000 ადგილი და სცადონ მშობლებმა ალტერნატიულ ბაღებში რეგისტრაცია", - აცხადებს გვანცელაძე.