სკამის ფეხებისგან დამზადებული სათამაშოები და ბაღის გამგე, რომელიც ამას საკუთარი ხელით აკეთებს
სკამის ფეხებისგან დამზადებული სათამაშოები და ბაღის გამგე, რომელიც ამას საკუთარი ხელით აკეთებს


რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გავრცელდა, რომელიც სოფელ ქვემო ჭალის ბაღის გამგეს და მის უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს შეეხებოდა.

ნათია მჭედელაძე, 43 წლის ბაღის გამგე სოფელ ქვემო ჭალიდან, საკუთარი ინიციატივითა და რესურსებით ამზადებს ბავშვებისთვის სათამაშოებს, რომლებსაც შემეცნებითი ხასიათის აქტივობებში იყენებს. სკოლამდელი ასაკის პედაგოგი, ფსიქოლოგი, ნათია მჭედლიძე მსჰობლები.გე-ის გამოცდილებაზე, სწავლების მეთოდებზე, უნიკალურ ხელნაკეთ თოჯინებზე ესაუბრა და მშობლებს რამდენიმე რჩევაც მისცა.

- როდის დაიწყეთ ბაღში მუშაობა და როგორი მდგომარეობა დაგხვდათ იქ?
-
ბაღში მუშაობა რვა წლის წინ დავიწყე. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ სწავლების სპეციალური პროგრამები რეგიონების ბაღებში არ არსებობდა. პირველად რომ მივედი ბაღში და ვიკითხე, რა წიგნებით ასწავლით-მეთქი, კომუნისტებისდროინდელი ლიტერატურა გადმომცეს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს და მათით სწავლება შეუძლებელი იყო. უფრო მეტიც, ბაღში სათამაშოებიც კი არ გვქონდა, არადა თბილისში ხალხი სათამაშოებს ყრის, იმდენი აქვთ. ამიტომ, გავიკითხ-გამოვიკითხე, ვის აღარ ვთხოვე და ბოლოს იმდენი სათამაშო დაგვიგროვდა, სად წაგვეღო, აღარ ვიცოდით.
სახელმძღვანელოს რაც შეეხება, ჩემი ძალებით მოვიძიე პროგრამა, რომელსაც თბილისის საბავშვო ბაღებში იყენებდნენ. ეს იუნისეფის შედგენილი გზამკვლევი იყო, რომელშიც სხვადასხვა აქტივობა იყო მოცემული. ბაღის პედაგოგებთან ერთად დავიწყე ამ პროგრამაზე მუშაობა, მაგრამ მივხვდით, რომ
იმ აქტივობებს ვერ განვახორციელებდით, თუკი საჭირო რესურსი არ გვექნებოდა. რესურსებისთვის ფული კი არ გვქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე, თავად შეგვექმნა ის ნივთები, რაც გვჭირდებოდა.
mshoblebi
- ანუ ასეთი ნივთების შექმნა პროგრამამ შთაგაგონათ?
- შეიძლება ითქვას, თუმცა ზუსტად ისეთის გაკეთება, რაც წიგნში იყო, არასოდეს არ მომდომებია. ისინი უფრო მცირე ჯგუფისთვისაა გათვლილი, უმეტესად, არ ერგება ჩვენს რეალობას... ამ და სხვა მიზეზების გამო ყოველთვის ვცვლი წიგნის აქტივობებს; ჩემს ბავშვებს, მათ საჭიროებებსა და ბაღის რესურსებს ვარგებ. არც ისეა, რომ მე რაღაც ვნახო ინტერნეტში და პირდაპირ გადმოვიტანო პრაქტიკაში. პროფესიიდან გამომდინარე, ვიცი, თითოეული აქტივობა ბავშვის რომელი უნარების განვითარებას ემსახურება. უმიზნოდ და გაუაზრებლად არაფერს არ ვაკეთებთ. ასე იქმნება ახალი შემეცნებითი თამაშები, რომლებიც ხშირად გაცილებით მეტი უნარის განვითარების საშუალებას იძლევა, ვიდრე მისი თავდაპირველი ვარიანტი.

- სწავლების დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას რას ანიჭებთ?
- სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ლექციური ტიპის გაკვეთილები არ გამოდის. მათ სჭირდებათ თვალსაჩინოება – რაც შეიძლება დიდი, ფერადი და საინტერესო.

- დაგვისახელეთ თამაში, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ და თან ერთდროულად რამდენიმე უნარს ავითარებს.
- არის ასეთი თამაში, ბავშვმა ზღაპრის სიუჟეტები თანმიმდევრობით უნდა დაალაგოს. ზღაპრების ილუსტრაციები მოვიძიეთ, გავაფერადეთ, ლამინირება გავუკეთეთ და ბავშვებს დავურიგეთ. თითოეულ ილუსტრაციაზე სხვადასხვა სიუჟეტია მოცემული. მაგალითად, ერთ ნახატზე რწყილი და ჭიანჭველა ხელიხელგადახვეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ. ეს და სხვა ილუსტრაციები თანმიმდევრობით უნდა დაალაგონ ბავშვებმა და საბოლოოდ, ზღაპარი აიწყობა. ეს აქტივობა ბევრ დადებით შედეგზეა გათვლილი: მეტყვლების განვითარება, ლოგიკური აზროვნება, თანმიმდევრობის დაცვა, ნებისყოფის უნარის გამომუშავება... ასე რომ, ერთი შეხედვით, უბრალო და მარტივი აქტივობით, ძალიან ბევრ და დებით შედეგს ვიღებთ.
mshoblebi
- ნივთებს რა მასალისგან ქმნით?
- ვცდილობთ, ისეთი მასალისგან დავამზადოთ, რომ მრავალჯერადი იყოს და რამდენიმე თაობამ შეძლოს მათი გამოყენება. მაგალითად, შემოდგომის თემატიკაზე აქტივობის ვგეგმავდით და ხელოვნური ხილი გვჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მათი ყიდვა მაღაზიებში შეგვეძლო, მაგრამ ამის ფინანსები ჩვენ არ გვქონდა. ამიტომ პედაგოგებს შევთავაზე, ძველი მაისურები გამოგვეყენებინა და თავად შეგვეკერა. სახლში ბალიშიც კი "გავპუტე", რომ სხვადასხვა ხილის ფორმა შემექმნა. ისეთი გაოცებით უყურებდნენ ბავშვები და ისე მოეწონათ, რომ შრომა ნამდვილად ღირდა ამად.
ხშირად ვიყენებთ ხეს, რომელიც გარდა იმისა, რომ გამძლეობით გამოირჩევა, ასევე აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ასევე, ხშირად ვიყენებთ მეორად ნივთებს. შეიძლება ითქვას, რომ მათ ახალ სიცოცხლეს ვჩუქნით. მაგალითად, ანბანის სწავლაზე რომ გადავედით, ასოები დაგვჭირდა. საერთოდ, არ არის აუცილებელი, ბავშვმა ბაღის ასაკში ყველა ასო და გამართულად წერა–კითხვა იცოდეს. ისიც კი დამაკმაყოფილებელია ამ ასაკში, თუკი ბავშვს ციფრებისა და ასოების გარჩევა შეუძლია. ამისთვის კი საჭირო რესურსები უნდა ჰქონდეს. საბავშვო ბაღში დიდი პლასტმასის კონტეინერებით მოაქვთ არაჟანი და ხაჭო. ერთ-ერთი აქტივობისთვის დამჭირდა ასოები და ამ კონტეინერებისგან გამოვჭერი.
ციყვი დავხატე და ქვევით სახელი დავუწერე. ამ ფურცელზე ასოები დავულაგე. აქტივობის მიზანია, ბავშვმა ასოების მიმგვანების გზით შეძლოს მათი სწორად დალაგება. მეტიც, ამ გზით, ძალდაუტანებლად იმახსოვრებს გონება, რომელ ბგერას, რომელი ასო შეესაბამება. ასე რომ, ბავშვს ჰგონია თამაშობს, არადა, სწავლობს.
mshoblebi
- სხვა პედაგოგები რამდენად იზიარებენ თქვენს ენთუზიაზმს?
- მე მაძიებლის როლი მაქვს. ვეძებ და ვიგონებ აქტივობებს. შემდეგ ვეუბნები პედაგოგებს, ამ აქტივობის განსახორციელებლად რა არის საჭირო. მთელი კოლექტივი დიდი პასუხისმგებლობით ერთვება ამაში და ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. ზოგი ფიგურებს ჭრის, ზოგს კერვა გამოსდის კარგად, ზოგსაც – ხატვა... ისეთ ნივთებს, რომლებიც სახლებში არ გვაქვს, არადა მნიშვნელოვანია, ვყიდულობთ ხოლმე. თუმცა ჩვენი ხელფასებიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა ნაკლებად გვაქვს, ამიტომ, ვცდილობთ, ისეთი რაღაცები გავაკეთოთ, რისთვისაც რესურსების მოტანას სახლიდანაც შევძლებთ.

- მშობლების ან სტუმრების რეაქცია როგორია, ამდენ ხელნაკეთ ნივთს რომ ხედავენ?
- ძალიან დადებითი. მაგალითად, ჰოლანდიელი სტუდენტები გყავდა სტუმრად, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ბაღის დათვალიერება მოინდომეს. ძალიან გაუკვირდათ, ამდენი ხელით გაკეთებული ნივთი რომ ნახეს, ძალიან მოეწონათ და აღნიშნეს: რამდენი ძვირფასი ნივთი გაქვთო. ანუ ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ ხელით, რომ ყიდვის საშუალება არ გვაქვს და მათთვის ისინი ძვირფასი და ფაქტობრივად, მაღაზიაში ნაყიდზე უკეთესი აღმოჩნდა.

- რესურსების დამზადებას რა დრო სჭირდება?
- ნივთს გააჩნია. ხშირად ვამზადებ ნივთებს ზაფხულის არდადეგებზე. კამათლების დასამზადებლად ჩემი ქმრის სახელოსნო დავიპყარი. მისი ნამუშევარი რომ არ მომეწონა, გამომიწოდა დრელი: მოდი, ძვირფასო. აი, ასე მუშაობს დრელი. აგერ ბურთი და მოედანიო – და ასე დავიწყე ხის მასალაზე მუშაობა. მართალია, კარგა ხნის განმავლობაში ხელები საკმაოდ დაზიანებული მქონდა, მაგრამ, მთავარია, რომ მაინც გავაკეთე, რაც მინდოდა.

- როგორც ვიცი, ხელნაკეთ თოჯინებსაც ამზადებთ...
- დიახ, დაახლოებით, სამი წელია, რაც ხელნაკეთ თოჯინებზე ვმუშაობ. ერთხელ გავაკეთე საცდელად და იმდენ ადამიანს მოეწონა, რომ შეკვეთების მიღება დავიწყე. ასე გადაიქცა ჰობი კომერციულ საქმიანობად. თოჯინას ფოტოს მიხედვით ვამზადებ. დღის განმავლობაში ამისთვის დრო რომ არ მაქვს და ღამეების გათენება მიწევს. ვხუმრობ ხოლმე, რომ ორი შვილი ისე გავზარდე, ღამის გათენება არ დამჭირვებია, თოჯინებზე მუშაობისას კი ვერც ვიგებ, ისე მათენდება. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს არ მღლის. პირიქით, ხელსაქმე ძალიან მამშვიდებს და ბედნიერი ვარ, როცა ამას ვაკეთებ. თოჯინები დეკორატიული დანიშნულებისაა და სასაჩუქრედ მიკვეთავენ ხოლმე. მაგალითად, ერთმა შემიკვეთა თოჯინა ინგა გრიგოლიასთვის. რა უნდა აჩუქო ცნობილ ადამიანს ისეთი, რომ გააკვირვო, ხომ? ეს ჩემი დამზადებული თოჯინა კი ისე მოსწონებია, რომ მთელი ტელევიზია მოუვლია, ნახეთ, რა მაჩუქესო. ძალიან გამიხარდა.
mshoblebi
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ შეაჩვიონ ბავშვი ბაღს?
- ბავშვს რატომ უჭირს ბაღთან შეგუება და რატომ ტირის? იმიტომ, რომ ეშინია, ვაითუ, დედამ არ მიაკითხოს, ვაითუ, ბაღში დატოვოს. ამიტომ, ვურჩევდი მშობლებს, ცოტა ხნით დატოვონ ბავშვი ახლობელთან. ეს შეიძლება იყოს ბებია, ბაბუა, მამიდა, ახლო მეგობარი თუ სხვა. შემდეგ მალევე მიაკითხონ. ამ ფორმით ბავშვი ნელ-ნელა მიეჩვევა უცხო გარემოში დედის გარეშე ყოფნას და დარწმუნებული იქნება, რომ მშობელი მას აუცილებლად მიაკითხავს. ასევე, ბაღში პირველივე მისვლაზე მთელი დღით დატოვება არ არის მიზანშეწონილი. მშობლებს ვურჩევ, პირველ დღეს რამდენიმე საათით მიიყვანონ ბავშვი ბაღში და იქ გატარებული დრო ნელ-ნელა გაზარდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა გულს იცრუებს ბაღზე და საერთოდ აღარ უნდა ხოლმე იქ წასვლა. არადა, ბაღში სიარული, თანატოლებთან კომუნიკაცია და ახალი გამოცდილების მიღება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მარიამ ტურძილაძე
4917
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლალი
0
ისე რომ გადაგეხედათ კომუნისტები როგორ ზრუნავდნენ საბავშვო ბაღებზე და მიგებაძათ კარგი იქნებოდა, სხვათაშორის დეკრეტული შვებულება მსოფლიოში პირველმა საბჭოთა კავშირმა შემოიღო, რაც კარგი ჰქონდათ ის უნდა აღნიშნოთ,
16:00 / 05-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```