"არ არის საჭირო, ბავშვის ხელიდან გამოგლეჯა... მასწავლებლებმა რომ იციან, გამოგლეჯენ მშობლებს ბავშვს და ეტყვიან, წადითო"
"არ არის საჭირო, ბავშვის ხელიდან გამოგლეჯა... მასწავლებლებმა რომ იციან, გამოგლეჯენ მშობლებს ბავშვს და ეტყვიან, წადითო"
საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდა. ბავშვებისთვის მარტივი არ არის ახალ გარემოსთან და ადამიანებთან შეგუება, ამიტომ ბევრი მათგანი ძალიან განიცდის მშობლებთან განშორებას და ტირის. მით უფრო, ბაგაში, სადაც სამ წლამდე ასაკის ბავშვებს იღებენ. რა გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე განცდები, რაც ბაღში დარჩენას ახლავს თან, მისაღებია თუ არა სამ წლამდე ასაკის ბავშვების ბაგაში დატოვება და როგორ უნდა შეამცირონ მშობლებმა სტრესი, პედიატრ, ინგა მამუჩიშვილსა და ფსიქოლოგ, დავით ანდღულაძეს გავესაუბრეთ:

- მშობლები
ბავშვებს ხშირად სამსახურის გამო ტოვებენ ბაგაში. მთავარია, რომ იქ საკმარისად კარგი აღმზრდელობითი პირობები იყოს. რომ გითხრათ, ბაგა ცუდია, მშობლები იფიქრებენ, რომ სასჯელია მათი შვილებისთვის. ბაგა არ არის ცუდი. სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ არსებობს ადგილი, სადაც მშობელს შეუძლია დატოვოს და არა ვინმეს სთხოვოს, მისი აღზრდა. ბაგა ბავშვისთვის ზედგამოჭრილი ორგანიზებული გარემოა და ამაზე ზრუნავენ აღმზრდელები. თუმცა, თუ სახლში კარგი პირობები აქვთ, რა თქმა უნდა, ამ ასაკის ბავშვის სახლში დატოვება ურჩევნია მშობელს. ზოგჯერ სახლში ისეთი პირობებია, ბაგაც, ბაღიც, სკოლაც და ინტერნატიც - ყველაფერი ურჩევნია ბავშვს, ოღონდ იმ ომში ნუ იქნება, ოჯახში რომ განიცდის. ყველაფერი შეფარდებითია."- ამბობს დავით ანდღულაძე

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი კი პირველი დღისგან გამოწვეული
სტრესის შესამცირებლად ამბობს, რომ ბავშვები მშობლებმა წინასწარ უნდა შეამზადონ ბაღისთვის:
mshoblebi
- თუ სწორად მივუდგებით და გააზრებულად გავაკეთებთ ყველაფერს, ბავშვმა, წესით, ბაღში მისვლისას არ უნდა იტიროს. სანამ ბაღი დაიწყება, მანამდე რამდენი ხნით ადრე მშობლებმა უნდა მიიყვანონ ბაღში, უნდა აჩვენონ ის ოთახები, სადაც მოუწევთ ყოფნა, ესაუბრონ, რომ ბაღი ძალიან კარგია და რომ იქ თანატოლებთან ერთად იქნება. თუ ამას გააკეთებენ მშობლები, ბავშვი ბაღში მისვლისას აღარ იტირებს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, როდესაც გააღებენ კარს, შეაგდებენ ბავშვს ოთახში, გამოიკეტავენ და მაშინვე წავლენ. ეს არის უზარმაზარი სტრესი, რაც უკვე ძალადობის ტოლფასია. ძალიან ხშირად, 2-3 თვის განმავლობაში, ზოგჯერ მთელი წელიც, ბავშვი ისეთი აგზნებულია, რომ დიდხანს ფსიქიკის რეაბილიტაციას ვუნდებით. არ არის საჭირო, ბავშვის ხელიდან გამოგლეჯა. მასწავლებლებმა რომ იციან, გამოგლეჯენ მშობლებს ბავშვს ხელიდან და ეტყვიან, რომ წავიდნენ. სანამ ბავშვი შეეჩვევა, სასურველია მშობლებიც იქ იყვნენ, ხან ფანჯრიდან შეიხედონ, ხან კარიდან. ეს დრო თანდათან შევამციროთ. ჩემს პრაქტიკაში თითქმის არც ერთი ბავშვი არ მინახავს, როდესაც ასე მოქცეულან მშობლები და ვერ შეგუებოდნენ ბაღს. რა თქმა უნდა, გამონაკლისიც არსებობს, როცა ბავშვი საერთოდ ვერ ეგუება გარემოს. ამასაც დრო სჭირდება. ვესაუბროთ მათ ბაღზე, ჩავიყვანოთ ეზოში, სხვა ბავშვებს შევაგუოთ. ყველაფერი ბავშვსა და მის ხასიათზე უნდა იყოს ორიენტირებული. არ შეიძლება ძალით დაძინება და ძალით ჭმევა. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძალადობაა. ბავშვი არასდროს დარჩება მშიერი, როდესაც შია. ბაღებში უნდა ჰქონდეთ პატარა კუთხე, სადაც იქნება დაწყობილი სხვადასხვა საკვები, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალება შიგდაშიგ მივიდეს და წაიხემსოს, სურვილის მიხედვით. ბაღები, ჩემი აზრით, რამდენიმე ხნით ადრე უნდა იწყებდნენ ფუნქციონირებას, რომ მშობლებს მიჰყავდეთ სათამაშოდ და მასწავლებელთან გასაცნობად, არაოფიციალურ გარემოში. "- ამბობს ინგა მამუჩიშვილი
mshoblebi

სოციალურ ქსელში ბევრი მშობელი ეხმიანება მცირეწლოვანი ბავშვების ბაგაში მიყვანის ფაქტს და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს:

  • წელს მივიყვანე ჩემი პატარა ბაგაში. ორი წლის არის. სიმართლე ვთქვა, არ ვმუშაობ და სწავლაც დიდი ხანია დავამთავრე. ორი წელი მარტო ვზრდიდი სახლში, ძირითადად, ჩვენ ორნი ვართ ხოლმე. მთელი დღე მის განკარგულებაში ვიყავი, მაგრამ გაჩნდა პრობლემა -  თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტი. მთელი დღე დაღლილი, ძლივსღა ვახერხებდი გარეთ გაყვანას, თან დიდად არც უყვარდა ხალხთან კონტაქტი. გაჩნდა მეტყველების პრობლემა, ამას დაემატა ტელევიზორთან და "იუთუბთან" დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ მივიყვანე ბაღში, სულ ორი საათით ვტოვებ და იმედს ვიტოვებ, ბავში მიეჩვევა რეჟიმს და ჩემს ნერვებსაც მოვუხერხებ რამეს.
  • ვმუშაობ ერთ–ერთი დაწესებულეის ქოლ–ცენტრში, სადაც რეკავენ პაციენტები ექიმთან ჩასაწერად. ერთხელ შემოვიდა ზარი, რომლის ფონი ჯოჯოხეთს უფრო მოგაგონებდათ. ინიციატორის ხმას ფარავდა მტირალი ბავშვების ხმები და გაცეცხლებული პედაგოგის ცოფმორეული ღრიალი, რომელიც ბავშვს ბოლო ხმაზე დაჰკიოდა: "გაიმეორე, გაიმეორე, გაიმეორე". ზარის ავტორმა აღნიშნა, რომ ბაღიდან რეკავდა და მომიბოდიშა აღნიშნული ხმაურის გამო... ვინ იცის, საწყალი ბევშვები რა დღეში არიან და ეს პედაგოგები კი ითხოვენ ათასნაირ შეღავათებს სახელმწიფოსგან?! კამერები დაუყენეთ ყველას!
  • რაიონში ვმუშაობ აღმზრდელის თანაშემწედ, თან ორი წელია, რაც ვმუშაობ, ბაგიდან დავიწყე. ბავშვების საცოდაობით დაიწვებით, ტირიან, არ თამაშობენ, არ გიკარებენ, რომ მოეფერო. არ საუზმობენ, არც სადილობენ, არ კონტაქტობენ. ისე მეცოდებიან, რომ სამსახურიდან წამოსვლაზე ვფიქრობ, გასკდება გული, ანგელოზებივით არიან ბავშვები და დედები კი დაქალიდან დაქალთან გადადიან საჭორაოდ. 18:00 სთ-ზე ადრეც არ გაჰყავთ. ორი შვილი გავზარდე ბაღში, ორივე 3 წლის შევიყვანე და არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ შეგუების. დააცადეთ ბავშვებს გაზრდა არ გეცოდებათ? მათ დედები უნდათ, სითბო და სიყვარული უნდათ, ნუთუ შაბათი და კვირა გყოფნით შვილის სიყვარულისთვის
  • ჩემი ბიჭი 2 წლის გახდა თუ არა, ეგრევე ბაღში მივიყვანე და მინდა მოგახსენოთ, რომ საერთოდ არ უტირია, პირიქით, ახლაც ღამით იმ იმედით იძინებს, რომ დილით ბაღში წავა. ბავშვზეც არის დამოკიდებული, თავის ტოლებთან უფრო გამონახავს საერთო ენას, ურთიერთობას სწავლობს და ბევრ რამეს!  მხოლოდ იმის გამო, რომ არც ვსწავლობ და არც ვმუშაობ, ამიტომ დავისვა ბავშვი სახლში და მოვაკლო მის ტოლებთან ურთიერთობას? ყველა შვილს ისე ზრდის, როგორც სწორად მიაჩნია
  • უსაქმურო,ზარმაცო დედებო, 3 წლამდე პატარა, თუ არ მუშაობ, ბაღში როგორ უნდა მიიყვანო? თუ კარგი დედა ხარ, 40 ბავშვში რა უნდა ისწავლოს ,მარტო იმათ დაწყნარებას უნდებიან აღმზრდელები. შვილები შეცოდეთ...
  • თუ დედა შინაა, ბავშვი თავისთან უნდა ჰყავდეს და არ ცდიდეს მის მოთმინებასა და ნერვებს ბაღით!პატარას ეშინია, ძალიან ეშინია !მით უმეტეს, რომ ყველა ტირის!
  • უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს სახლში მყოფი ბავშვების ტელევიზორთან და ინტერნეტტან მიჯაჭვულობა. თუნდაც სახლში იყოს დედა ან ბებია, ბაღი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის.
  • ჩემი შვილი 2 წლის არის და ძალიან აქტიურია, პირიქით ძალიან მეცოდება სახლში რომ არის. სულ ბავშვებთან კონტაქტი უნდა, სულ თამაში. საკმაოდ დამოუკიდებელია. თავიდანვე ყველგან დამყავდა და ხალხსაც შეჩვეულია. ჩემ კალთაზე გამოკიდებული ნამდვილად არ არის. არ მქონდა საჭიროება, თორემ 1.5 წლიდან შევიყვანდი ბაღში აუცილებლად. მე იმას ვერ ვხვდები, სახლში მთელი დღე რა უნდა აკეთოს. მთელი დღე ეზოში ვერ გეყოლება.
  • კარგით რა, დედას შვილის მოვლა თუ მობეზრდა, კარგად ყოფილა იმ დედის საქმე... ჩემი აზრით, 3 წლამდე ბავშვის ბაღში მიყვანა არც უნდა იყოს დაშვებული. 3 წლამდე ბავშვისთვის დედასთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ უმთავრესის მოშორებით ბავშვის ფსიქიკას ვანადგურებთ. რომელ განვითარებაზე მელაპარაკებით, კარგით რა....
  • და ბავშვმა მთელი დღე უნდა იტიროს? ნუ გამაგიჟეთ რა. რად უნდა მშობელს ბაღი ან რამე, თუ ნერვები გაიფუჭა ბავშვმა.

12682
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
თამო
0
საბერძნეთში არის ბაღი სახელმწიფო სადაც იღებენ ბავშვებს 2თვიდან,ჩემი შვილი დადის 18თვის და იქ ყავთ ორი პატარაც,7თვის და 10თვის.თავიდან რამოდენიმე დღე იყო ერთ საათი ბაღში რომ შეჩვეოდა, შემდეგ ერთი კვირა 3საათი.ეხლა კი არის 5საათი მეტი არც მჭირდება.აქ ბავშვებს აჩვევენ გარემოს არ ტოვებ თავიდანვე მთელი დღე.არც ვტირით და არაფერი საჭმელსაც კი ჭამს.
22:43 / 22-09-2019
ხათუნა
1
პირადად მე 4წლისა მივიყვანე.ტირის როცა მოვდივარ.მერე ჩერდება.გული მტკივა მის ტირილზე და მეც მის დაუნახავად ვტირი მაგრამ რა ვქნა...5 საათის ნაცვლად 3 ზე მომყავს.სულ მოუსვენრად ვარ სახლში...არ ვიცი რა მოუხერხო...
16:53 / 22-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?