დილით ექთანი არ ამოწმებს, ვინ რა მდგომარეობაში მიდის ბაღში, მაგრამ თუ მას მიმართავენ ჩივილებით, ის ვალდებულია, შეიყვანოს სამედიცინო კაბინეტში... ბაღი და მასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება მშობლებისთვის. სწორედ მათი სურვილისა და თხოვნის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა უფლება-მოვალეობები აქვს ბაღის ექთანს. ამისთვის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას მოადგილეს ნინო ბურძენიძეს დავუკავშირდით.
- ჯანმრთელობის დაცვისა და ჰიგიენის კოორდინატორს ბაღები თავის ენაზე ექთანს ეძახიან, მაგრამ ჩვენს ენაზე ასეა. ბაღში არსებულ პერსონალთაგან ისაა ადამიანი, რომელიც ფლობს ცოდნას პირველადი დახმარების შესახებ, რადგან მისი ფუნქცია სწორედ ესაა, რომ პირველადი დახმარება გაუწიოს აღსაზრდელს საჭიროების შემთხვევაში. გარდა ამისა, მისი კომპეტენციაა, შეამოწმოს ბაღში არსებული ინვენტარის სისუფთავე, როგორ იწმინდება ოთახები, თუ ხდება სადეზინფექციო საშუალებებით ოთახებისა და ინვენტარის მოწესრიგება.
- არის მოსაზრება, რომ სწორედ ექთანი უნდა ამოწმებდეს ასევე, რამდენად ჯანმრთელი ბავშვები მიდიან ბაღში. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ სიცხიანი ბავშვი მიუყვანიათ. ამ დროს რა უნდა მოიმოქმედოს ექთანმა?
- თუ აღმზრდელმა და თანაშემწემ ბავშვს შეამჩნიეს, რომ მისი მდგომარეობა არაბუნებრივია, ამღვრეული აქვს თვალები, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, მოთენთილია, ეძინება, აცემინებს, სურდო აქვს, უნდა მიმართონ ექთანს. თუ აღსაზრდელს ვირუსული ინფექცია აღმოუჩინეს, ექთანი ვალდებულია, ამის შესახებ უთხრას მასწავლებელს და სასურველია, ის ბავშვი არ იმყოფებოდეს იმ ოთახში, სადაც დანარჩენები არიან. შესაბამისად აღმზრდელი ურეკავს მშობელს, აყენებს საქმის კურსში და წესით, დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ ბავშვი, თუმცა ძალდატანების უფლება არ გვაქვს. დილით ექთანი არ ამოწმებს, ვინ რა მდგომარეობაში მიდის ბაღში, მაგრამ თუ მას მიმართავენ ჩივილებით, ის ვალდებულია, შეიყვანოს სამედიცინო კაბინეტში და გაუწიოს პირველადი სამედიცინო მეთვალყურეობა.
ექთნის არსებობა ბაღში მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმირებული უნდა იყოს ყველა ბავშვის ჯანმრთელობაზე, შესაძლებელია, ბავშვს ჰქონდეს რაიმე სახის ჯანმრთელობის დარღვევა, ალერგია, იყოს სპეციფიკური პრობლემით გამოკვეთილი, ამაზე მეთვალყურეობა მას ევალება, მაგრამ მას არ აქვს სამედიცინო ჩარევის უფლება, გარდა პირველადი დახმარებისა. ჯანმრთელობის დაცვისა და ჰიგიენის კოორდინატორს აქვს ისეთი პირველადი მოხმარების საგნები, როგორიცაა სპირტი, ბამბა, სახვევი, თერმომეტრი, სიცხის დამწევი საშუალება, ფიზიოლოგიური ხსნარი და ა.შ. ხოლო, თუ ექთანი ჩათვლის, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მოდუნებულია, უკონტაქტო ხდება, უჭირს სუნთქვა, პირველ რიგში მშობელს უკავშირდება და მერე - სასწრაფო დახმარებას.
- ბაღში ექთანთან ერთად აუცილებელია ექიმის არსებობა?
- არსებობს დიდი ბაღები, რომელთაც 20-22-24 სააღმზრდელო ჯგუფი ჰყავთ, ბუნებრივია, იქ, თუნდაც იმიტომ, რომ უნდა შემოწმდეს ჰიგიენური მდგომარეობა ოთახებისა, ერთი ადამიანი ამდენს ვერ გაუმკლავდება და ჰყავთ ხოლმე ორი ექთანი, მაგრამ ეს ძირითადად დირექტორის გადასაწყვეტია. ექიმი იქნება თუ ექთანი, ამას გამოკვეთილი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ორი ადამიანი ასრულებდეს იმ მოვალეობებს, რაც ზემოთ ჩამოგითვალეთ, ან ერთი აკეთებდეს ყველაფერს.
ციცი ომანიძე