თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მშობლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ბაღებში გრიპის ვირუსის მქონე ბავშვები არ დაიშვებიან. პარალელურად, 15 იანვრიდან მშობლებს საინფორმაციო ფურცლებს დაურიგებენ, სადაც აღწერილია გრიპის გავრცელებისა და მისგან დაცვის წესები.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ექთანი ყოველ დღე შეამოწმებს ბავშვებს. თუ რომელიმე მათგანს საასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დროს გამოუვლინდება შესაბამისი სიმპტომები, ჯანდაცვის კოორდინატორის (ბაღის ექთანი) რეკომენდაციით, მშობელი ვალდებულია ბავშვი ჯგუფიდან გაიყვანოს.
"15 იანვარს ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საგნგებო გაფრთხილება!
ყველა ბაგა-ბაღის ცენტრალურ შესასვლელში ჯანმრთელობის კოორდინატორის მიერ მოეწყოს საინფორმაციო კუთხე (მაგიდა), სადაც ექთანი გრიპის პირველადი ნიშნების შემთხვევაში შეამოწმებს ბავშვებს, რაც ზოგადად ხორციელდება გეგმიურად სასწავლო პროცესის დროს.
გრიპის, ან სხვა გადამდები დაავადებების ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დაავადებული ბავშვები არ დაიშვებიან საბავშვო-ბაღებში!
საინფორმაციო კუთხე აღჭურვილი უნდა იყოს ბუკლეტებით " გრიპისგან დასცის 5 მარტივი წესი".
საინფორმაციო კუთხე აღჭურვილი უნდა იყოს გეგმიური აცრების თვალსაჩინო კალენდრით.
ექთანი შემოსილი უნდა იყოს პროფესიულ სამოსში ( ხალათი, ბახილები, ხელთათმანი) და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვით მოახდინოს ბავშვების შემოწმება. ჯანმრთელობის კოორდინტორმა მშობლებს უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია გეგმიური აცრების შესახებ, გრიპის ვირუსის ნიშნების, დაავადებების მართვისა და ბაღში ბავშვის არდაშვების შესახებ, ასევე მიაწოდოს შესაბამისი ბუკლეტები ( დანართი). ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბაღი არ დაიშვებიან უცხო პირები ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
ბაგა-ბაღებში ჯანმრთელობის დაცვის კოორდინატორი ზემოთაღნიშნული ღონისძიების გატარების შემდგომ, განსაკუთრებული ყურადღებით მთელი დღის განმავლობაში განაგრძობს ჰიგიენის კონტროლს ჯგუფებში, აღსაზრდელებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის შემოწმებასა და შესაბამისი პრევენციული აქტივობების გატარებას. " - ვკითხულობთ მშობლებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო ბუკლეტში.
თამარ იაკობაშვილი