რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში საჯარო ბაღ "ხუთკუნჭულას" მიმდებარედ დაგეგმილ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას განიხილავენ. მშნებლობა ბაღის შენობასთან ძალიანას ახლოსაა დაგეგმილი, სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილი მტვერი კი ბავშვების ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა.
"არსებული მიწა კერძო საკუთრებაა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიის არქიტექტურის სამსახურსა და სხვა შესაბამისის სამსახურების ჩართულობით და როგორც კი გახდება მოლაპარაკების შედეგი ცნობილი, განცხადებას გავაკეთებთ," - აცხადებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პოზიცია ასეთია: ამ ფაქტს ნამდვილად არ მიესალმებიან, თუმცა ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები მათი კომპეტენცია არ არის და თავადაც მოლაპარაკებების შედეგებს ელოდებიან.
სოციალურ ქსელში ფაქტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, გთავაზობთ რამდენიმეს პოზიციას:
"საშინელებაა, მანდ კორპუსს რა უნდა? სულ დაჩრდილავს ბაღს. სკვერი უნდა გაკეთდეს ბავშვებისათვის. ვინც ასეთ ნებართვებს გასცემს, მტერია." "იმის მაგივრად, რომ ამ ბაღის წინ პარკი გააშენონ და ხეები დარგონ, რათა ყველამ გაიხაროს დიდმაც და პატარამაც, ცემენტის ბუნკერს აკეთებენ. სუნთქვა შეუძლებელია უკვე თბილისში." "გაზაფხული მოდის. ბაღის ბავშვებს მანდ ხეები დაარგვევინეთ. ძალიან კარგი იქნება." "სადაც რაიმე გოჯი მიწა ნახეს, კორპუსს აწებებენ. ვეღარ იტევს თბილისი, საცობებს მაინც შეხედეთ! რა უღმერთო უნდა იყო ადამიანი, რომ ხელი მოაწერო ამ სისაძაგლეს! სოფლებს მიხედეთ მაგ მილიონებით და აღარ გამოიქცევა ხალხი!"
რა გავლენას ახდენს მშენებლობის შედეგად გამოწვეული მტვერი ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის, ჯანმრთელობაზე, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" და მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი გვპასუხობს:
- სამშენებლო მტვერი ადამიანზე შეიძლება ზემოქმედებდეს, როცა შინ გვაქვს რემონტი ან ჩვენი საცხოვრებლის მახლობლად მიმდინარეობს მშენებლობა. მტვერი წარმოიქმნება სამშენებლო პროცესში სხვადასხვა სამუშაოების წარმოებისას.
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მტვერი მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებით მგრძნობიარე კი მის მიმართ ბავშვის ორგანიზმია. სამშენებლო მასალების მყარი ნაწილაკები ხვდება ბავშვის სასუნთქ გზებში და იწვევს ლორწოვანის ანთებას, ხველას, თვალში მოხვედრისას კი - მის გაღიზიანებას. თანამედროვე სამშენებლო მასალები დიდი რაოდენობით ქიმიურ კომპონენტებს შეიცავს, ასეთი მასალის მტვერთან კონტაქტისას კი შესაძლოა ალერგიული რეაქცია განვითარდეს. ზოგ შემთხვევაში კანზე გამონაყარიც ვითარდება.
სამშენებლო მტვერი განსაკუთრებით საშიში ასთმით დაავადებულთათვის გახლავთ. ბავშვები, რომელთაც ბრონქოსპაზმისკენ აქვთ მიდრეკილება, აუცილებლად უნდა მოვარიდოთ მტვრის ზემოქმედებას.
იმისათვის, რომ მშენებლობისა თუ რემონტის დროს მტვრის ზემოქმედება მინიმუმამდე დავიყვანოთ, უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის ზომები - ვეცადოთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მტვრის გავრცელება, ამ მიზნით თანამედროვე მშენებლობებზე სპეციალურ სამშენებლო მტვერსასრუტებს იყენებენ და მასალათა ზედაპირებს სველი წესით ამუშავებენ.
თამარ იაკობაშვილი