დღეს სკოლამდე ბავშვები განვითარების სხვადასხვა გზას გადიან. ყველა მშობელი ერთნაირი ენთუზიაზმით არ უდგება იდეას, რომ თანამედროვე ბავშვებს სკოლაში მისვლამდე წერ-კითხვა და დათვლა ასწავლონ, რადგან ადრე, მათი მშობლები და ბებიები ასე არ იქცეოდნენ.
ამ თემაზე მხოლოდ მშობლებს კი არა, ფსიქოლოგებსა და პედაგოგებსაც კი სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ოფიციალურად, წერა-კითხვისა და დათვლის ცოდნა პირველ კლასამდე არ არის საჭირო, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამის გარეშე ბავშვს ძალიან გაუჭირდება.
ამ თემაზე თავის აზრს გვიზიარებს ნეიროფსიქოლოგი და მრავალშვიანი დედა ანნა ვისოცკაია:
ადრე სკოლამდელი აღზრდის პერიოდი ყველასთვის ერთნაირი იყო. უმრავლესობა საბავშვო ბაღში დადიოდა, ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა აქტივობაში და ფსიქოლოგიურად ემზადებოდნენ სკოლისთვის. შედეგად, ბავშვების უმრავლესობა სკოლაში დაახლოებით ერთნაირი ცოდნითა და უნარებით მიდიოდა. ყოველთვის იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც სხვებზე უკეთ კითხულობდნენ, თუმცა ეს ერთეული შემთხვევები გახლდათ.
ახლა ბავშვები სკოლამდე სხვადასხვა გზას გადიან. ვიღაც მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს და სამ ენაზე ლაპარაკობს, ვიღაც ოჯახში იზრდება და სკოლამდე სხვა აქტივობებში არ არის ჩართული, ზოგი გამუდმებით ამეცადინებს ბავშვს. გარდა ამისა, პროგრამით საბავშვო ბაღებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. განსაკუთრებული მნიშვნელობა როლურ და განმავითარებელ თამაშებს ენიჭება.
პირველი პრობლემა, რაც დღეს დგას, მოტორული განვითარების პრობლემაა. განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მაგიდასთან ჯდომის წესებსა და კალმის ხელში ჭერას არ არიან მიჩვეულნი. მეორე პრობლემა მეტყველებაა, მესამე კი სოციალური უნარ-ჩვევები.
სკოლაში შესვლისას ზოგიერთი ბავშვი ასოებსაც კი ვერ ცნობს, ზოგს კი მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა შეუძლია. ასეთ კლასში ძალიან რთულია ერთნაირი ტემპით წაიყვანო საგაკვეთილო პროცესი, რადგან ნაკლებად განვითარებულ ბავშვებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ, რომ იმ ბავშვებს დაეწიონ, რომლებმაც უკვე იციან პროგრამა. გარდა ამისა, პირველი კლასის პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და უამრავ დამოუკიდებელ და შემაჯამებელ აქტივობას მოიცავს.
ასეთ პირობებში, მასწავლებელს არ შეუძლია ბევრი ბავშვიდან ინდივიდუალურად მივიდეს თითოეულთან და აუხსნას საკითხი. ის ზოგადად ხსნის და ბავშვებს მიმართულებას აძლევს, რის მიხედვითაც უნდა დაამუშაონ მასალა. ფაქტობრივად, მასწავლებელი მედიატორის როლს თამაშობს. გარდა ამისა, ზოგიერთი ბავშვი მშვიდად და დამოუკიდებლად ახერხებს სამუშაოს შესრულებას, ზოგი პირიქით. ამიტომ, პროგრამა რომ დაძლიონ, მშობლებს რეპეტიტორთან მიჰყავთ.
უმჯობესია ბავშვი ფსიქოლოგიურად უფრო მოამზადოთ, ვიდრე გონებრივად. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ბავშვი წერისთვის მზად იყოს. ამისათვის რეგულარულად შეგიძლიათ დაახატინოთ, გამოაძერწინოთ და გამოაჭრევინოთ ფიგურები.
ძალიან ხშირად მშობლები ამბობენ: "ჩემს შვილს არ მოსწონს ამის გაკეთება." რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვები არსებობენ და მათ მოტორიკის პრობლემა აქვთ. მშობლების ამოცანაა - მოიფიქრონ საინტერესო აქტივობები, რომლებიც ამ უნარების განვითარებას ხელს შეუწყობს. არსებობს უამრავი სახელმძღვანელო, რომლითაც მშობლებს ხელმძღვანელობა შეუძლიათ.
ბავშვებს გამოვუმუშაოთ მერხთან ჯდომის ჩვევა. მისი ხელები და ტვინი მზად უნდა იყოს მსგავსი დავალების შესრულებისთვის. თუ წინასწარ მსგავს ზომებს არ მიიღებთ, ის მოტივაციას დაკარგავს და დავალებების შესრულება აღარ მოუნდება. როდესაც შეამჩნევს, რომ თანაკლასელებს ჩამორჩება, დაითრგუნება.
შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ექვსი-შვიდი წლის წერა-კითხვის უცოდინარი ბავშვი სკოლაში მიდის, აიღებს ანბანს და მარტივად ისწვლის კითხვას. ეს შესაძლებელია, თუ ბავშვი საკმარისადაა განვითარებული და იმ უნარებს ფლობს, რაც უკვე ჩამოვთვალეთ.
სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. ბევრ ბავშვს აქვს კითხვის პრობლემა. მიზეზი კი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგალითად, თვითკონტროლის არარსებობა, ყურადღების დეფიციტი და სხვა.
თუ პირველკლასელი არანაირ ინტერესს არ ავლენს კითხვის მიმართ და წინააღმდეგობას გიწევთ, ეს ნიშანი უნდა იყოს.
ინფორმაციულ სამყაროში ვცხოვრობთ. ყველგან რაღაც გვესმის და ვკითხულობთ, მაგრამ თუ 6-7 წლის ბავშვი არ ავლენს ინტერესს ამის მიმართ, ეს ნიშნავს, რომ მისი ტვინი მსგავსი ინფორმაციის მიღებას მიჩვეული არ არის და აუცილებლად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.
პრობლემის შესახებ ვერაფერს გავიგებთ, ვიდრე ბავშვს კითხვას არ დავაწყებინებთ. ამიტომ, აუცილებელია სკოლამდე ასოებითა და სიტყვებით ვითამაშოთ, რომ მან მთავარი პრინციპი გაიგოს. ამ დროს უფრო მარტივია პრობლემის მოგვარება, ვიდრე მაშინ, როცა უკვე სკოლაში მივა და პროგრამას ჩამორჩება.
თუ ბავშვი სკოლაში კითხვის საბაზისო უნარის გარეშე წავა, მაშინ პროგრამის დაძლევა გაუჭირდება. კითხვის გარდა კიდევ ბევრი რამ ექნება სასწავლი და დროს ვეღარ გაანაწილებს. ეს ყველაფერი კი ძალდაუტანებლად, ეტაპობრივად უნდა მოვაგვაროთ.
აუცილებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მათემატიკური უნარების საბაზისო ცოდნა მივცეთ. მნიშვნელოვანია მათ სივრცეში ორიენტაცია შეეძლოთ. როგორც წესი, სკოლამდელი ასაკის ბავშვები მხოლოდ ერთ ხელს იყენებენ დასათვლელად. გამოვიყენოთ სხვადასხვა სავარჯიშო, 10-მდე დიაპაზონის შემთხვევაში ვასწავლოთ რა ციფრებისგან შედგება რიცხვები. შემდეგ კი გავზარდოთ დიაპაზონი. სკოლამდელ ბავშვებს ციფრებით თამაში უნდა შეეძლოთ.
მნიშვნელოვანია, წინასწარ შეიძინოთ სახელმძღვანელოები და მარტივი მათემატიკური თამაშები ერთად ისწავლოთ და შეასრულოთ. ბევრმა სკოლამდელმა ბავშვმა არ იცის ელემენტარული რაღაცები: წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები.
ზოგჯერ ბავშვს ვუსვამთ კითხვას, რომელ დღეს აქვს ცურვა და აღმოჩნდება, რომ ბავშვების დიდმა ნაწილმა კვირების, თვეებისა და წლების კონცეფცია არ იცის. ისინი ერთი დღის სისტემით ცხოვრობენ, მხოლოდ აქ და ახლა. მათთვის "გუშინ" აბსტრაქტული თემაა. სხვა ბავშვები კი მარტივად ახერხებენ დროში ორიენტაციას, თუნდაც მათემატიკის კუთხით. რაც ეხმარებათ იმის განსაზღვრაში, ვინ არიან, სად არიან და რატომ.