საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება.
პირველი ეტაპი 12 ივნისის 12 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას კი შეძლებენ:
ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებს ბავშვის დაბადების მოწმობისა და ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა ელექტრონულად შეეძლებათ.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი კი 19 ივნისის 12 საათიდან დაიწყება. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის. რეგისტრაცია ელექტრონულად ჩატარდება ვებგვერდზე www.kids.org.ge
თამარ იაკობაშვილი