გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე გვესაუბრება, რა უნდა იცოდეს მშობელმა ბავშვის სასკოლო მზაობაზე, როგორი უნდა იყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვის უნარები, ცოდნა და მზადებს თუ არა რეალურად დღეს არსებული საბავშვო ბაღი ბავშვს სკოლისთვის.
- ძალიან ბევრი უნარის ჩამოყალიბება სწორედ სკოლამდელ ასაკში ხდება, რაც მნიშვნელოვანია სკოლაში წარმატების მისაღწევად, სოციალური ურთიერთობებისა და პიროვნული ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ, ადრეულ ასაკში მრავალმხრივი უნარების განვითარებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ხშირ შემთხვევაში, ბავშვის განვითარება და სასკოლო მზაობა საზოგადოებაში არასწორად ესმით. ფიქრობენ, რომ თუ ბავშვმა წერა-კითხვა და ბევრი ლექსი იცის, სკოლისთვის მზადაა. სინამდვილეში კი ასე არ არის. პირიქით, ადრეულ ასაკში დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს სოციალურ ურთიერთობებსა და სწავლისადმი დამოკიდებულებას, ფიზიკურ აქტიურობას და განვითარებას, შემოქმედებითობას და ასე შემდეგ.წერა-კითხვას სკოლაში ისწავლის. ამ ფუნდამენტური კომპენტენციების ადრეულ ასაკში განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად ხდებოდეს ფიზიკური, შემეცნებითი, ენისა და მეტყველების და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარება.
- სხვადასხვა კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვის მრავალმხრივი განვითარების სრულფასოვნად ხელშეწყობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ნაკლებად ხდება. ზოგადად, საბავშვო ბაღებში სკოლამდელი განათლების ხარისხი დაბალია. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აღმზრდელებს, პედაგოგებს, დაბალი კვალიფიკაცია, ხშირ შემთხვევაში კი არასათანადო დარგობრივი განათლება აქვთ. შესაბამისად, ისინი არ ფლობენ საჭირო კომპეტენციებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, შექმნან ჯუფში უსაფრთხო და განმავითარებელი გარემო. მეორე პრობლემა საგანმანათლებლო რესურსების ნაკლებობას უკავშირდება. ხშირად, ბაღებში არ აქვთ ბავშვის ასაკისა და განვითარების შესაბამისი საბავშვო წიგნები, რესურსები სხვადასხვა ტიპის აქტივობებისთვის, სახელოვნებო რესურსებიდა ა.შ. მესამე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ჯგუფების გადატვირთულობა (ბავშვების დიდი რაოდენობა ჯგუფში), რის გამოც ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა ვერ ხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო პროცესი თითოეულ ბავშვს მოერგოს. ერთ თარგზე მოჭრილი განათლება, ბუნებრივია, ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რასაც კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში გვინდა მივაღწიოთ: მისი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას. ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რაც სკოლამდელ დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესის დაბალ ხარისხს განაპირობებს.
- მშობლის ჩართულობას, მიუხედავად იმისა, ბავშვი დადის თუ არა ბაღში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვი თამაშის გზით ვითარდება. მას არ სჭირდება გაკვეთილებისა და მეცადინეობის ჩატარება. სწორედ თამაშის მეშვეობით ვითარდება ბავშვის უნარები განვითარების ყველა სფეროში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მათ მრავალფეროვანი თამაშის შესაძლობელები მივცეთ : როლური თამაშები, კონსტრუქციული (აშენება, აწყობა), სამაგიდო თამაშები, სხვადასხვა ტიპის წესებიანი, შემოქმედებითი თამაშები, სენსორული თამაშები (ქვიშა, წყალი, სხვადასხვა ფაქტურიანი მასალის მანიპულირება), ფიზიკურად აქტიური თამაშები და სხვ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძვირადღირებული რესურსების გამოყენება დაგვჭირდება. პირიქით, სახლის პირობებში, მშობელმა და ბავშვმა შესაძლოა თავად შექმნან სხვადასხვა მასალა, სათამაშო, რაც თამაშის დროს გამოადგებათ. მშობლის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, რადგან ბაღები დახურულია და ბავშვები დროის უდიდეს ნაწილს სახლში ატარებენ და თანატოლებთან ვეღარ თამაშობენ. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება, თუ ორივე მშობელი , ასევე ოჯახის სხვა წევრებიც თანაბრად ჩაერთვებიან თამაშის პროცესში.
- 2015 წელს სახალხო დამცველის მიერ, ჩვენთან თანამშრომლობით, სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგი ჩატარდა და ერთ-ერთი მიმართულება იყო ბავშვზე ძალადობის საკითხი. საბავშვო ბაღების მონიტორინგი კვებისა და ჰიგიენის მიმართულებით ახლაც მიმდინარეობს. წინა მონიტორინგით დადგინდა, რომ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, აღმზრდელებს არ აქვთ სათანადო კომპეტენცია და ღირებულებები, რომ ბავშვთა უფლებები გაიზიარონ და შესაბამისი პრინციპები დაიცვან საგანმნათლებლო პრაქტიკაში. ძალიან ხშირად ძალადობად მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას განიხილავდნენ, ზოგიერთი ქცევის მართვის მიზნით ამართლებს კიდეც ფიზიკურ დასჯას. ხშირად გამოიყენებდნენ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა ფორმას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კომპეტენციებს ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგის ახალი პროფესიული სტანდარტი და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსებს კარგად ესმოდეთ ამ საკითხები მნიშვნელობა და ჰქონდეთ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვაში დაეხმარებათ.
- გადაცემების მომზადება იმ საჭიროებების საპასუხოდ გადავწყვიტეთ, რაც ახლა დადგა."ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს"ეს იქნება გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე, რომელიც ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას შეეხება. იქნება რჩევები, თუ სახლში როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა ტიპის თამაშით ხელი, როგორ დავგეგმოთ დღე ისე, რომ ბავშვისთვის საინტერესო იყოს და ასე შემდეგ. მშობლებისთვის საინტერესო იქნება გადაცემის ფორმატიც: გვეყოლება ექსპერტი, რომელიც მარტივად აგვიხსნის მნიშვნელოვან საკითხებს და ასევე იქნება პრაქტიკოსი აღმზრდელი საბავშვო ბაღიდან, რომელიც სხვადასხვა შესაბამისი აქტივობის დემონსტრირებას გააკეთებს გადაცემის განმავლობაში. აგვიხსნის, როგორ შეიძლება სხვადასხვა რესურსი დავამზადოთ ისე, რომ ბავშვიც მონაწილებდეს და შემდეგ უკვე თამაშისთვის საინტერესოდ გამოვიყენოთ. გადაცემები აიტვირთება ვებგვერდზეც და მომავალშიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვის. ასევე, მშობლებისთვის კეთდება ვებრესურსი. გადაცემის ფარგლებში, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდულია დრო და ფორმატი, ბევრ მაგალითს ვერ მოვიყვანთ, ამიტომ, ვებრესურსის შემთხვევაში ბევრად უფრო მრავალფეროვან აქტივობებსა და თამაშებს შეთავაზებთ მშობლებს.რესურსი განთავსდება განათლების სამინისტროს ელექტრონული რესურსების ვებგვერდზე www.el.ge.
პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდება რესურსები სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით.
პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ზოგადი განათლების – "iსკოლის"ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისათვის შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები ხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე. მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შესრულება. ონლაინ პლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის/საგნობრივი ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც. ყველაფერი იქნება უფასო. მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან დიდი ჩართულობის იმედი გვაქვს.
თამარ იაკობაშვილი