მთავრობამ თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნა და მალე ქვეყანაში ყველაფერი ამუშავდება. შესაბამისად, მშობლებს სამსახურებში გასვლა მოუწევთ, არადა საბავშვო ბაღების გახსნას ხელისუფლება წელს არ გეგმავს. ამის გამო მშობლები ღელავენ და საზაფხულო ბაღების დაშვებას ითხოვენ.
"თუ ყველაფერი გაიხსნა და ამუშავდა, თუ ყველა მშობელი წავიდა სამსახურში, თუ ყველაფერი დაუბრუნდა თავის რიტმს, რა უნდა ქნას მშობელმა, ბავშვები(ბავშვი) სად უნდა წაიყვანოს, ყველამ ძიძა უნდა ავიყვანოთ? ყველას ხომ არ ჰყავს დამტოვებელი. სკვერები სავსეა ბავშვებით, ქუჩები სავსეა, დაიწყო მისვლა-მოსვლა. ვერ ვხედავ ლოგიკურ მიზეზს, რატომ არ უნდა გახსნან ბაღები.
თუ მშობლები იმუშავებენ და კონტაქტი ექნებათ ბევრ ადამიანთან, თუ ბავშვი სკვერში ჩადის, ეზოში და თამაშობს და სრიალებენ და ერთმანეთს ეკონტაქტებიან, რა განსხვავებაა, მაშინ იგივე რისკია ზუსტად. არალოგიკურია. კერძო ბაღებს მაინც მისცენ მუშაობის უფლება და ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაარეგულირონ, მითუმეტეს, ზაფხულია და ბავშვები უმეტესად, ჰაერზე იქნებიან და არა შეკეტილები. ზოგადად, პრობლემა ის არის, რომ 50 ბავშვი ჰყავთ ჯგუფში საჯარო ბაღებში და ზუსტად ეგ იწვევს იმ ყველაფერს, რაც ზამთარში ხდება.
დასაქმებულ მშობლებზე არავინ ფიქრობს, იძულებულს გხდიან, შენი ხელფასის ნახევარი ძიძას მისცე. და თან ნორმალური ძიძა მართლა რთული საპოვნელია. სულ პრობლემაა, სულ ვდარდობ, სად დავტოვო" , - წერს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა დედა ანანო თავხელიძე, რომელსაც ბაღის ასაკის ორი შვილი ჰყავს.
ხომ არ იგეგმება თუნდაც საზაფხულო ბაღების გახსნა, ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით.
„ეს პროცესი დამოკიდებულია ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიგვიღია. ბოლო მონაცემებით, ვიცით, რომ ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი სექტემბრამდეა შეჩერებული" - აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან კერძო ბაღებიც.
„ჯერჯერობით სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით არაფერი თქმულა და არც ჩვენ მიგვიღია რაიმე რეკომენდაცია. ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, ისე, ბუნებრივია, ბაღს ვერ გავხსნით“- განაცხადეს ქართულ-ამერიკულ კერძო საბავშვო ბაღში.