19 ივნისს საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. თუმცა, ძალიან ბევრმა მშობელმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ საიტის გაუმართაობის გამო რეგისტრაციას სასურველ ბაღში დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 14 საათის მონაცემით, რეგისტრაცია 6400-მა მომხმარებელმა შეძლო, ხოლო 5340 თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი.
"რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების მომენტში გამოთქმულ უკმაყოფილებას, განვმარტავთ, რომ ტექნიკური ხარვეზი პროგრამას არ ჰქონია, რეგისტრაცია მიმდინარეობდა, უნიკალური მომხმარებლები რეგისტრირდებოდნენ და ეს პროცესი ასახულია ჩვენს შიდა პორტალზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებმა ვერ მოახერხეს სასურველ ბაღში ბავშვის რეგისტრაცია, 22 ივნისის 09:00 საათიდან, უნდა მიმართონ კონკრეტული ბაგა-ბაღს და წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე," - განმარტავენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
აქვე უცვლელად გთავაზობთ მათ განცხადებას სარეზერვო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით:
"ძვირფასო მშობლებო, თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში, 22 ივნისიდან მიმართეთ კონკრეტულ სააღმზრდელო დაწესებულებას და დატოვეთ განაცხადი ბავშვის სარეზერვო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით.
თუ ოჯახს აქვს კონკრეტული სოციალური სტატუსი, უნდა წარადგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი.
ადგილობრივი მცხოვრებლების შემთხვევაში, ოჯახმა სარეზერვო განცხადებას თან უნდა დაურთოს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი.
გაითვალისწინეთ, რომ სარეზერვო სიაში, ისევე როგორც პირველი ეტაპის რეგისტრაციისას, განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტული კატეგორიები.
სააღმზრდელო დაწესებულებაში მისვლისას, სავალდებულოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეკომენდაციების დაცვა.
გისურვებთ წარმატებებს."
თამარ იაკობაშვილი