მშობელს შეუძლია ნებისმიერ დროს გაიყვანოს ბავშვი, თუ ბავშვი ვერ ძლებს დაძინების გარეშე, დაწეროს განცხადება და ძილის დროს სახლში წაიყვანოს ძილი ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. გარკვეულ ასაკამდე შუა დღის ძილი, რომელიც ბავშვებს დიდად არ უყვართ, ძალიან აუცილებელიც კია. ეს ბაღის ასაკის პატარებს ეხებათ, თუმცა ბოლო დროს ბაღები ისეთი გადატვირთულია, ბევრგან აქვთ ბავშვების დაძინების პრობლემა. ჩვენს საიტს შეეხმიანნენ მშობლები, რომელთათვისაც ბაღში ბავშვის დაძინების თემა საკმაოდ მტკივნეულია. ბაღში გამოუძინებელი და დაღლილი ბავშვები, სახლში მოსულნი მოუსვენრები, გაღიზიანებულები არიან, გარდა ამისა, ბაღში ხშირად არის დაღლილი ბავშვის სკამზე თუ მაგიდაზე ჩამოძინების, უძილობისგან დარეტიანებული ბავშვების ერთმანეთზე შეჯახების ფაქტებიც კი. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას მოადგილეს, ნინო ბურძენიძეს დავუკავშირდით და ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ყველა ბაღში უპირობოდ იძინებს ბაგა, ანუ 2-3-წლიანი ჯგუფი. პერიფერიულ ზონებში, ვაზისუბანში, გლდანში, ვარკეთილში და ა.შ. არსებულ ბაღებს უფრო ნაკლებად აქვთ ფართის პრობლემა, ჯგუფებს ორი ოთახი ეკუთვნით და აქედან გამომდინარე, წინა სასკოლო ჯგუფის გარდა იძინებს ყველა, ანუ 2-3, 3-4 და 4-5-წლიანი ჯგუფები. ძილის რეჟიმი ასეთია: პირველის ნახევარზე ბავშვებს აქვთ მსუბუქი სადილი, 2-ის ნახევრიდან კი იძინებენ მანამ, სანამ თავად არ გაეღვიძებათ. თუმცა, ზოგიერთი ბავშვი საერთოდ არ იძინებს, ოჯახური პირობებიდან გამომდინარე გადაჩვეულია შუადღისას დაძინებას და აღმზრდელს ან მასწავლებელს უწევს მისი ცალკე გართობა.
- ჩვენ მოგვწერეს, რომ არსებობს საწოლების პრობლემა...
- მე არ ვიცი, ვის მოაფიქრდა ამ ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ ბაღებში, ბაგის ჯგუფში მით უმეტეს, არის სარეზერვო საწოლები, რომლებსაც საწყობში ინახავენ. გარდა ამისა, ხშირად იცვლება ლოგინი, ლეიბი და საბანი, ბალიშს საერთოდ არ იყენებენ, როგორ ვიცი, ან ძალიან პატარა ბალიშები აქვთ. ამ ყველაფრის შემოწმებაში ჩართულია ჰიგიენის უზრუნველყოფის კოორდინატორი, ანუ ბაღის ექიმი ან ექთანი. ბაღს ხშირ შემთხვევაში აქვს სართულებიანი საწოლები, რომელიც იღება-იხსნება და დამტვრევისგან შედარებით მეტად დაცულია. არ მქონია შემთხვევა, დირექტორს ეთქვას, საწოლი არ მყოფნისო.
- თუ ბავშვს ეძინება, მაგრამ ბაღში არ აძინებენ, რა უნდა მოიმოქმედოს მშობლემა?
- არიან ბავშვები, რომლებიც დღის განმავლობაში ითენთებიან, იღლებიან, მათთვის შესაბამისი ინვენტარი, თუნდაც რბილი პუფები აქვთ ბაღებს, იმისათვის, რომ დაისვენონ მაშინ, როცა არ აქვთ ფიზიკური აქტივობები.
- მშობელს აქვს თუ არა უფლება, მოითხოვოს ბავშვის შუადღისას დაძინება?
- იმ ბაღებში, სადაც შესაბამისი ფართი არ აქვთ საძინებლისთვის, ვერ მოითხოვს. გლობალურად გვაქვს ფართების სიმწირის პრობლემა, აქედან გამომდინარე, ვერ მოითხოვს, მაგრამ მშობელს შეუძლია ნებისმიერ დროს გაიყვანოს ბავშვი, თუ ბავშვი ვერ ძლებს დაძინების გარეშე, შეუძლია, დაწეროს განცხადება და ძილის დროს სახლში წაიყვანოს... თუ ბავშვი ვერ ძლებს და ბაღიც ვერ აძინებს, ბაღი აძლევს გაყვანის უფლებას, ამ მხრივ შეზღუდვა და მკაცრი აკრძალვები არ გვაქვს.
- ანუ, ძირითადი პრობლემა არის ფართი, თორემ საკმარისი ფართის არსებობის შემთხვევაში, ბავშვების ძილის საკითხი მოგვარებულია, ინვენტარის საკითხი არ ქმნის დაბრკოლებას...
- სადაც საკმარისი ფართია და შედარებით ახალი აშენებული ბაღები გვაქვს, იქ უფრო დიდი ოთახებია გამოყოფილი ჯგუფებისთვის და სასწავლო ოთახს მიბმული აქვს საძინებლები, ამ საძინებლებბში დამატებითი ჯგუფები არ გახსნილა და შენარჩუნებული აქვს ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში, სასკოლო ჯგუფის გარდა ყველა იძინებს, თუ ოჯახური პირობების გამო გადაჩვეულები არ არიან შუადღისას დაძინებას.
- ფართისა და საძინებლის არსებობის შემთხვევაში, მიუხედავად ბავშვისა და მშობლის სურვილისა, თუ არ აძინებენ, რა ხერხს უნდა მიმართოს მშობელმა?
- თუ ფართი არსებობს, გამორიცხულია ის მოწყობილი არ იყოს, როგორც საძინებელი.
- ვიცით, რომ არ გვაქვს საკამრისი ბაღები, მაგრამ ამა თუ იმ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობის შესახებ რას გვეტყვით?
- სტანდარტით რეკომენდებული ბავშვთა რაოდენობა ბაგის ჯგუფში 20-25-ია, 3-4, 4-5, 5-6-წლიან ჯგუფებში - 30-35 ბავშვი, ხანდახან რაოდენობა 40-მდეც არის ასული ასაკით დიდ ჯგუფებში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად აცდენენ ბავშვები, სტანარტს ძალიან არ ჭარბებს ბავშვთა რეალური რაოდენობა. ასე რომ, დარეგისტრირებული შეიძლება იყოს 40 ან 41-ც, მაგრამ რეალურად დადიოდეს 30 ბავშვი. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვიტყვი იმას, რომ ჩვენს პატარებს ზრუნვა აკლიათ, მათთვის კეთდება ის მაქსიმუმი, რის საშუალებასაც ინფრასტრუქტურა გვაძლევს.
- ვინაიდან ბაღზე მოთხოვნა დიდია, ხომ არ იგეგმება აღმზრდელების ან მასწავლებლების დამატება ჯგუფებში?
- იდეის დონეზე არსებობს ეს ვერსია, მეტიც, ახალი ჯგუფები სადაც გავხსენით, იქ თითო აღმზრდელის და თითო თანაშემწის მაგივრად, ავიყავნეთ ერთი აღმზრდელი და ორი თანაშემწე, ან პირიქით, ორი აღმზრდელი და ერთი თანაშემწე, გავყავით სამუშაო საათები, დღის პირველ ნახევარში რომ ერთი ცვლა იყოს, მეორე ნახევარში კი –მეორე და მათი შრომისუნარიანობა იყოს ეფექტური.
ციცი ომანიძე
ასევე იხილეთ: რომელ ასაკში რამდენი უნდა ეძინოს ბავშვს