ჩვენმა მკითხველებმა, მშობლებმა მოგვმართეს გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თითქოს სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვები ან იმ მშობელთა შვილები ივლიდნენ, რომლებიც სამსახურიდან სპეციალურ ცნობას წარადგენდნენ. ბევრმა მათგანმა მოგვწერა და სწორედ ამიტომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით:
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოციალური სტატუსის მიხედვით მოხდება აღსაზრდელების დაყოფა და მხოლოდ ეს შერჩეული ჯგუფები შეძლებენ ახალი სააღმზრდელო წლიდან ბაღში სიარულს, სიმართლეს არ შეესაბამება. წესები და რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებელი იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამად, საკითხზე მუშაობს შრომის ინსპექცია და როგორც კი მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დაიწყებს მის აღსრულებას", - განაცხადეს სააგენტოში.
არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 14 სექტემბერს უნდა განახლდეს.
თამარ იაკობაშვილი