ბაღიდან ბავშვის წამოყვანისას მშობლებს შეზღუდვა დაუწესდებათ - ახალი წესები და ახალი თამაშები ბაღში, რომელიც კორონავირუსის პრევენციისთვის ამოქმედდება
ბაღიდან ბავშვის წამოყვანისას მშობლებს შეზღუდვა დაუწესდებათ - ახალი წესები და ახალი თამაშები ბაღში, რომელიც კორონავირუსის პრევენციისთვის ამოქმედდება

პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია.

პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.

პროტოკოლში გაწერილ რეკომენდაციებზე „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დეტალურად ისაუბრა.

როგორც ის განმარტავს, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება. დაინერგება ახალი სააღმზრდელო პროგრამა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაიწერა.
mshoblebi
რაც შეეხება ჯგუფებში ბავშვების დასაშვებ რაოდენობას, პროტოკოლის მიხედვით,
უნდა შემუშავდეს ისეთი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.

  • „ბაგა-ბაღებში უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციის და ბავშვების თერმოსკრინინგი.
  • აკრძალულია მშობლების დაშვება ბაღის ტერიტორიაზე - ბაღის შენობაში და არა ბაღის ეზოში.
  • ბავშვის გამოყვანისას მშობლის მიერ წინასწარ უნდა განხორციელდეს ზარი ბაღში და ბავშვი მზად დახვდება მშობელს გამოსაყვანად, რითაც ვზღუდავთ ბევრი ადამიანის კონცენტრირებას.
  • აკრძალულია სათამაშოების სახლიდან წამოღება. ასევე იზღუდება ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომელიც მარტივად არ ექვემდებარება დეზინფექციას.
  • სათამაშოების რეცხვისთვის განსაზღვრული იქნება შესაბამისი წესები, რომ უნდა მოხდეს სათამაშოს 27-30 გრადუსზე რეცხვა და დეზინფექცია, ასევე მშრალი წესით გაშრობა.
  • ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ადმინისტრაციული პერსონალი - ძიძები გადამზადდება.
  • ბავშვების ყოველდღიურ ტრენინგში თუ სასწავლო მასალაში უნდა შევიდეს ახალი თამაშები, რომელიც მიმართული იქნება იმ საჭირო
    უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის გაწერილი. ეს შეიძლება იყოს, როგორ დავაცემინოთ ისე, რომ სხვები არ დავაზიანოთ, უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის ჟესტებით მისალმება და ასე შემდეგ.
  • ასევე, უნდა იყოს შეჯიბრი ხელების სწორად დაბანაში, ბაღებში წამახალისებელი თამაშები უნდა დაინერგოს. პროტოკოლში გაწერილია სადენზინფექციო სამუშაოები და თეთრეულის მართვის სტანდარტებიც.
  • ამასთან, შიდა ბრძანებით, გადანაწილებული უნდა იყოს პროცედურები, თუ როგორ განთავსდება ბავშვი საკლასო სივრცეში. ბავშვები ისე უნდა განთავსდნენ, რომ ოპტიმალური რაოდენობა იყოს და ძალიან არ გადაიტვირთოს საკლასო სივრცე.
  • ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები. ჭურჭლის მანქანით რეცხვისას უნდა ხდებოდეს შესაბამისი მანქანა-დანადგარის გამოყენება 65 გრადუსზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, პროტოკოლის მიხედვით, თუ დღის განმავლობაში ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მათთვის გამოყოფილი იქნება საიზოლაციო ოთახი, სადაც გაწერილი პროცედურების მიხედვით იხელმძღვანელებენ.
9070
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ანიიი
1
სავარაუდოდ ამ რეგულაციების გამო წელს არ ვივლით ბაღში, ასე შეიძლება ბავშვის ფსიქიკას დიდი სტრესი მიადგეს როცა არ იცის საერთოდ რა არის ბაღი , რა ხდება იქ და აღმოჩნდება სრულიად უცხო გარემოში უცხო ადამიანებთან. ვინც წელს პირველად მიდის იმათთვის უნდა იყოს შეღავათი. როგორც არ უნდა მოამზადო წინასწარ მაინც დიდი სტრესი
20:37 / 02-09-2020
მსგავსი სიახლეები