"2 წლის ბავშვი, რომელიც პირველად მოდის ბაღში, ეზოდან უნდა გამოსტაცონ დედას? ხომ დაენგრა ფსიქიკა" - როგორ ეხმაურებიან მშობლები ბაღებისთვის დამტკიცებულ ახალ პროტოკოლს
"2 წლის ბავშვი, რომელიც პირველად მოდის ბაღში,  ეზოდან უნდა გამოსტაცონ დედას? ხომ დაენგრა ფსიქიკა" - როგორ ეხმაურებიან მშობლები ბაღებისთვის დამტკიცებულ ახალ პროტოკოლს
მშობლების ძალიან დიდი ნაწილი აღშფოთებულია იმ პროტოკოლით, რომელიც 1-ლი  ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლას კრძალავს. პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს განაახლებენ, დამტკიცებულია და მისი მიზანი კორონავირუსის პრევენციაა.

პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.
ამ გადაწყვეტილებამ მშობლების ძალიან დიდი ნაწილი აღაშფოთა. ბევრი მიიჩნევს, რომ პატარა ბავშვ
ისთვის დიდი სტრესია, ბაღის ეზოს კართან გამოემშვიდობოს მშობელს და მასწავლებელს შეჰყვეს შიგნით. განსაკუთრებით ის მშობლები ღელავენ, ვისი შვილის პირველად წელს მივა ბაღში. თუმცა ზოგს მოსწონს კიდეც ეს ახალი რეგულაცია. გთავაზობთ მშობელთა მოსაზრებებს, რომლებიც მათ სოციალურ ქსელში გამოთქვეს:

  • "2 წლის ბავშვი ეზოდან უნდა გამოსტაცონ დედას, რომელიც პირველად მოდის ბაღში? ზუსტად ეგ ვკითხე, ბაღში რომ მივედი. წელს პირველად შემოდის და უცხო გარემოში უცხო ხალხს ეზოდან როგორ უნდა გაჰყვეს, ხომ დაენგრა ფსიქიკა-მეთქი. პასუხი ვერ გამცეს, გაჩუმებულები მისმენდნენ."
  • "მასეა ევროპაშიც, რა პრობლემაა, აბა ბებია, ბაბუა, მეზობელი, მეზობლის ბიცოლა
    და თითო ბავშვს ასი კაცი რომ ახლავს ბაღის კართან და ელოდება, როდის იტოროს, რომ მთელმა სანათესაომ აცრემლებულმა უკან წამოიყვანოს, ეგ არის კარგი?"
  • " 2წლის ბავშვის ფსიქიკა ისე არ არის, რომ მიხვდეს, ის უცხო ქალი ვინ არის და სად მიჰყავს. მძიმე შედეგამდე შეიძლება მივიდეს რომელიმე ბავშვი".
  • "ბავშვი ნამდვილად გადამერევა იქ, არ შეჰყვება მარტო"...
  • "თავიდან ყველა ბავშვს უჭირს და აქვს ბაღთან შეგუება-შეჩვევის პროცესი, რაც მშობლებთან ერთად ხდება. თუ ასეთი მკაცრი სისტემა დახვდებათ, ვფიქრობ 50 პროცენტს იქ მისვლის სურვილიც კი აღარ ექნება. არასწორი მიდგომაა ."
  • "ძიძები  და პედაგოგები მეცოდებიან, რამხელა დატვირთვა ექნებათ. ჯერ მიღება, მერე მთელი დღე ბავშვებზე ზრუნვა და ბოლოს მათი ჩაცმა სათითაოდ. როგორია, თან უნდა გააცილო მშობლამდის."
  • "ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, ბავშვი და დედა რომ ერთად ზის კლასში წლობით, ისაა უკეთესი? მერე სხვა ბავშვი რომ ხედავს, ვიღაცასთან დედაა და მასთან არაა, ისიც ტირილს იწყებს. ბავშებისთვის ნამდვილად უკეთესი იქნება, მალე მიეჩვევიან დამოუკიდებლობას. ასე იზრდებიან სხვა ქვეყნებში ბავშვები და ჩვენი ზედმეტი ვითომ ხელშეწყობით უარესად ვსტრესავთ და ვანერვოზებთ მათ".
  • "ახალი სააღმზრდელო სისტემა დაინერგებაო - იმას კი არ იფიქრებენ, ეს ახალი სისტემა ბავშვისადმი დამოკიდებულების გაუმჯებესებას ითვალისწინებდესო, ახალი ჟანდარმული წესები უნდა შემოიღონ კიდევ, ისედაც დასტრესილი ბავშვები კიდევ რომ გადარიონ. ისე ვბრაზდები, ისე, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თავგასულობა ყველა მიმართულებით, ხან კორონას სახელით, ხან რა მიზეზით და ხან რა... ბავშვი 4 წლამდე ბაღში არ მივიყვანე, სტრესებისგან რომ დამეცვა და კიდევ ავარიდე ათას უგვან დამოკიდებულებას, მე ბაღის საკითხი არ მაწუხებს ახლა, მაგრამ იმ საწყალ ბავშვებზე ვფიქრობ, ბაღში პირველი მისვლა ჯოჯოხეთად რომ უნდა ექცეთ. ასე სახელმწიფო ბავშვებზე არ ზრუნავდეს, არ გამიგია არსად, მენიუს კორექტირებაა საქმე?"

ფაქტი განსაკუთრებით აღელვებთ მათ, ვისაც პირველად მიჰყავთ შვილები ბაღში. დავინტერესდით, ხომ არ იგეგმება მათთვის გამონაკლისის დაშვება და თემაზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს ბექა ფერაძეს დავუკავშირდით:

"პროტოკოლზე მუშაობისას, რაიმე ნოვაცია არ შეგვიმუშავებია, არამედ ვეფუძნებით საერთაშორისო პრაქტიკასა და კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. რეგულაციები განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციისა და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. ყველა ქვეყანაში აიკრძალა მშობლების დაშვება მსგავს სივრცეებში. რადგან, ადგილი, სადაც პატარები არიან, უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ვიცით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე დიდი რისკია ბევრი ადამიანის ერთ სივრცეში თავშეყრა, ამიტომ, გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით დავაწესეთ. პროცესი უკვე ბაღების მიერ უნდა იყოს მართული და სხვადასხვა მეთოდით უნდა უზრუნველყონ, რომ ეს სტრესი რაც შეიძლება ნაკლები იყოს იმ ბავშვებისათვის, რომელებიც პირველად მიდიან მათ სივრცეში." - ამბობს ბექა ფერაძე.

ზოგიერთი მშობლისა და ბავშვისთვის ბაღში წასვლა მომატებულ შფოთვასთანაა დაკავშირებული. რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაცია მათთვის ფსიქოლოგი, დავითიანის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კერესელიძე გვესაუბრება:

"რეგულაციები რომ არა, საბავშვო ბაგა-ბაღებს მუშაობა გაუჭირდებათ. გამოვა, რომ ბავშვებს საერთოდ არ ექნებათ შესაძლებლობა, ბაღში იარონ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რაც ბავშვს შესაძლებლობას აძლევს, წავიდეს ბაღში და სოციალიზაციის ახალ ეტაპზე გადავიდეს. რეგულაციები, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, სამწუხაროდ, აუცილებელი და საჭიროა. აქედან გამომდინარე, მესმის იმ მშობლების ტკივილისა და დარდის იმაზე, რომ შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ. ესეც ერთგვარი მექანიზმია, რომ მათი ჯანმრთელობა დავიცვათ. მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც განშორების მომენტი ნამდვილად მტკივნეულია. ჩვენ ერთგვარ ტრადიციადაც გვქონდა, რომ მშობლები კვირების განმავლობაში დადიოდნენ ბაღში ბავშვებთან ერთად, ესწრებოდნენ სააღმზრდელო პროცესს და თამაშებშიც იყვნენ ჩართულნი. ეს იყო მამოტივირებელი ძალა ბავშვებისთვის, რომ ბაღთან ადვილად გაევლოთ ადაპტირება. ახლა კი, როგორც ვიცი, შემუშავებულია მასწავლებლებისთვის ინდივიდუალური გეგმები, როგორ იმუშაონ ბავშვებთან ისე, რომ ადაპტაცია არ გაუჭირდეთ, რა თამაშებით შეძლონ ურთიერთობა და რა მოიმოქმედონ, ყურადღების გადასატანად. აქიდან გამომდინარე, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა მეტ-ნაკლებად დაცულია. საბავშვო ბაგა-ბაღებში პირველად მიყვანისას ისევ მივდივართ მასწავლებლის პროფესიონალიზმთან და მის მზაობასთან, გაუმკლავდეს მსგავსი ტიპის რთულ სიტუაციას." - ამბობს ნინო კერესელიძე.

თამარ იაკობაშვილი
9833
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (24)
VIKA
0
ყველა პროფესიონალის გასაგონად მინდა ვთქვა, იმ რეგულაციით , როგორითაც კორონას პირობებში ბაღები იფუქციონირებს , ზუსტადაც რომ არაა სახარბიელო ბავშვების ფსიქიკისთვის. მით უმეტეს , როდესაც ბავშვი არის მგრძნობიარე, და გონიერი. სანამ კიდევ ეს კორონა გადაივლის სულაც არაა პრობლემა გყავდეთ ბავშვები სახლში, და, კიდევ საზღვარგარეთ და ევროპაში კი არა თურქეთშიც კიიი მუსლიმანურ ქვეყანაში, ბაღების დახვეწილობა გაგაოცებთ. იქ განსაკუთრებით უფრთხილდებიან ბავშვს და მის ფსიქიკას. ვინ ატირებს ბავშვებს? , არაფრით არ შეიძლება რომ ბავშვმა იტიროს. თუ ის დედის გარეშე ვერ ჩერდება ბაღში, მას ურჩევენ რომ პატარა ბაღში არ ატაროს. რადგან ის ამისთვის მზად არ არის. მერე რაა იტიროს. და დაემართოდ დიაბეტი, ნევროზი, შიშები. ყველა ბავშვი ერთნაირი ხომ არ არის. ? ასე გულქვად როგორ შეგიძლიათ მსჯელობა. გააჩნიათ ბავშვებს, ვინც იოლად რჩება დატოვეთ, ვინც განიცდის და მთელი დღე ტირის , ნუ ატარებთ ბაღში. გაუფრთხილდით პატარებს. საერთოდ ჩაკეტილი და საქართველოს მაღალმთიანეთში გავიზარდე , ძალიან ცოტა ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა, ბაღშიც არ მივლილა საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ არავის არ ვუტირებივარ , გამომიშვეს სახლში. საერთოდ არ მქონია სოციალიზაციის პრობლემა, რა შუაშია საერთოდ. პატარას ჭირდება თამაში თავის თანატოლებთან, მაგრამ ასეთი ნერვიულობის ფასად არა. ათამაშეთ ეზოებში, თუ მათ არ სურთ ბაღში სიარული. გააჩნია ადამიანის ხასიათს, თუ მას არ შეუძლია კონტაქტები, სოციალიზაცია და ასე შემდეგ . ბაღი ვერაფერს შეუცვლის, ვერც სკოლა. დარჩება ასეთად.
15:38 / 30-09-2020
თამარი
0
3 წლის 3 პატარა დაგვყავს ბაღში. ბავშვებს ვასწავლე, რომ მე დიდების სამსახურში მივდივარ, თვითონ კი პატარების სამსახურში უნდა იარონ. მე თუ სამსახურში არ გამიშვებენ, არ ავიღებ ფულს, რომლითაც ვყიდულობ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და საჭმელს. ისინიც მშვიდად მიშვებენ სამსახურში, ცოტას კი გამეტირებიან, ფანჯრიდან ხელს მიქნევენ და მერე მშვიდდებიან. ისე მეცოდებიან ბაღის მასწავლებლები და ძიძები, ატირებული ბავშვები ჩაიხუტონ თუ ეზოში ირბინონ ბავშვების მისაღებად, თან უნდა გამოუცვალონ. ჯოჯოხეთური დატვირთვა ექნებათ.
10:39 / 30-09-2020
მსგავსი სიახლეები